„მედიაზონის“ პეტერბურგელი ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი დავიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მისი ცოლი, იურისტი ვარვარა მიხაილოვა "ტვიტერის" გვერდზე წერს.
„საზღვრამდე 40 საათი გზაში გავატარეთ, 2 დღე ვუცადეთ საზღვრის გახსნას, [რომელიც გაიხსნა] ზვავსაშიშროების შემდეგ, 8 საათი რუსეთის მხარეს ვიდექით, 14 საათი ვიცდიდით ქართულ მხარეს, იმისთვის, რომ ჩემს ქმარს, ჟურნალისტ დავიდ ფრენკელს მიეღო საქართველოში შესვლაზე უარი - ფორმულირებით „სხვა მიზეზი“ , - წერს ის.
თვითონ ფრენკელი ამბობს, რომ მას ყველა საჭირო დოკუმენტაცია ჰქონდა - „მივდიოდი სამუშაოდ“.
„მომწონს საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ყველა გადაწყვეტილებას ადგილზე მესაზღვრეები იღებენ. ისინი 14 საათის განმავლობაში სადღაც რეკავდნენ, ხელებს იქნევდნენ და ხანდახან ბოდიშსაც იხდიდნენ, რომ თვითონაც არ იციან, რა ქნან და ელოდებიან პასუხს სადღაც ზემოდან. საბოლოოდ უარი. არ გვაჭამეს, მაგრამ სიბრალულისგან დივანთან მიგვიშვეს“, - დაწერა მან.
2020 წლის ზაფხულში დავიდ ფრენკელი გახმაურებული ინციდენტისას დაშავდა. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კენჭისყრისას, ის საარჩევნო უბნიდან გააძევეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის აკრედიტაცია ჰქონდა. ორმა პოლიციელმა ის იატაკზე დააგდო. შედეგად, შსს-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტს ხელი მოტეხა. მოგვიანებით პეტერბურგის სასამართლომ ფრენკელი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, საარჩევნო კომისიის მუშაობაში ჩარევისა და თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმა.
„მედიაზონა“ რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, რომელიც რუსული პანკ ჯგუფის „პუსი რაიოტის“ წევრებმა მარია ალიოხინამ და ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ დააფუძნეს 2013 საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ. პორტალი ყურადღებას ამახვილებს რუსეთში სასამართლო, სამართალდამცავ და სასჯელაღსრულების სისტემაზე.
„პუსი რაიოტმა“ 2012 წლის თებერვალში მოსკოვის საკათედრო ტაძარში, მისი თქმით, „პანკური ლოცვა“ ჩაატარა ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. მანამდე პუტინმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტად აპირებდა დაბრუნებას.
ერთი კვირის შემდეგ ჯგუფის წევრები დააპატიმრეს და „ხულიგნობის“ და „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ ბრალდება წაუყენეს. ტოლოკონიკოვა, ალიოხინა და კიდევ ერთი წევრი, ეკატერინა სამუცევიჩი, 2012 წლის აგვისტოში დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს. დასავლელი უფლებადამცველი ჯგუფები და ოფიციალური პირები მათ პროცესს გმობდნენ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.
სამუცევიჩი 2012 წლის ოქტომბერში თავდებით გაათავისუფლეს, ტოლოკონიკოვა და ალიოხინა კი 2013 წლის დეკემბერში გამოვიდნენ ციხიდან - სოჭის ოლიმპიურ თამაშებამდე შემოღებული ამნისტიის საფუძველზე.
მიმდინარე წლის 5 მარტს საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი არ შეუშვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ფიშმენი არ აკმაყოფილებდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო „გარკვეულ კრიტერიუმებს“. მისი თქმით, გადაწყვეტილებას სასაზღვრო სამსახური იღებს და არა მინისტრი.
ასევე ნახეთ შს მინისტრის თქმით, "დოჟდის" ჟურნალისტმა შემოშვების "რაღაც კრიტერიუმი" ვერ დააკმაყოფილა