რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ბიოლაბორატორიები აშშ-ის მიერ გამოიყენებოდეს ისეთი ბიომასალების შესაქმნელად, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის დასაავადებლად. ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას.
„მაღალი ალბათობით შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ერთ-ერთი ამოცანაა ბიოაგენტების შექმნა, რომლებსაც შერჩევით შეუძლიათ მოსახლეობის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების დაავადება“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა.
როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, კირილოვის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამების რეალიზაციის შესახებ მასალების შესწავლას.
„ამერიკელებმა უკვე მოახერხეს კიევის, ხარკოვისა და ოდესის ლაბორატორიებიდან დოკუმენტაციის უდიდესი ნაწილის, მათ შორის მონაცემთა ბაზების, ბიომასალებისა და აღჭურვილობის ევაკუაცია ლვოვის ეპიდემიოლოგიისა და ჰიგიენის ინსტიტუტსა და ლვოვში ამერიკის საკონსულოში. არ არის გამორიცხული კოლექციის ნაწილის გადატანა პოლონეთის ტერიტორიაზე“, - თქვა კირილოვმა.
„რია ნოვოსტის“ თანახმად, კირილოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბიოლოგიური კვლევები ტარდება რუსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს - შავიზღვისპირა რაიონებსა და კავკასიაში. მისი თქმით, პროექტის რეალიზაცია ხდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ბიოლაბორატორიაშიც (ლუგარის კვლევითი ცენტრი).
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებიც, სამინისტროს თქმით, მოწმობს, როგორ მოქმედებენ აშშ-ის ბიოლაბორატორიები უკრაინასა და საქართველოში.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში რუსული პროპაგანდის ქრესტომათიას უწოდებენ მოსკოვის განცხადებებს, რომ ვაშინგტონი უკრაინაში ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს ქმნიდა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, მსგავსი აბსურდული და ღიმილისმომგვრელი განცხადებებით და კლასიკური პროპაგანდით რუსეთი შესაძლოა, თავად ამზადებს საფუძველს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის.
9 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოითხოვს უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში საქმიანობის ამსახველ მასალებს და დოკუმენტებს.
ზახაროვას თქმით, ამ ლაბორატორიებში ხორციელდებოდა ბიოლოგიური იარაღის შემუშავება და არ არსებობს პასუხი შეკითხვებზე, მათ შორის იმაზე, ხომ არ მოხვდა ეს იარაღი „უკრაინელი ნაციონალისტების“ ხელში. იმავე დღეს, 9 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამომძიებლებს დაავალა სისხლის სამართლის საქმე აღძრან და დაადგინონ რუსეთის ტერიტორიის მახლობლად ბიოლოგიური იარაღის შემუშავების გარემოებები. მანამდე, 7 მარტს, საქართველოსა და უკრაინის ლაბორატორიებში აშშ-ის ექსპერიმენტებისა და საფრთხეების შესახებ განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ასევე ნახეთ მოსკოვი კვლავ ლუგარის ლაბორატორიასა და მისგან „მომდინარე საფრთხეებზე“ ალაპარაკდა2011 წლიდან, საქართველოში ლუგარის სახელობის ლაბორატორიის გახსნის შემდეგ, რუსეთის ოფიციალური პირები და რუსული მედია ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს, ლაბორატორიაში იქმნება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და საშიში ვირუსების შტამები. 2018 წელს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს ექსპერტებმა 17 ქვეყნიდან. მათ დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
ასევე ნახეთ აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის