უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა მოხერხდეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის შეკეთება. მას მერე, რაც დენის მიწოდება შეუწყდა ელექტროსადგურს, რომელშიც 1986 წელს ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფა მოხდა, გაჩნდა რადიაციის გაჟონვის საფრთხე.
უკრაინის ენერგოკომპანია „უკრენერჰომ“ 9 მარტს განაცხადა, რომ ელექტროგადამცემი ხაზები სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა და კიევის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლების გამო ვერ ხერხდება მათი შეკეთება.
ელექტრომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის 20 ტონამდე რადიაქტიურ ნარჩენებს, რომელიც განუწყვეტლივ უნდა გაგრილდეს, რათა არ მოხდეს რადიაციის გაჟონვა და საფრთხე არ შეექმნას „უკრაინას, რუსეთს, ბელარუსსა და ევროპას,“ ნათქვამია უწყების „უკრენერჰოს“ განცხადებაში.
„ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურსა და ყველა მის ბირთვულ ობიექტში, რომლებსაც რუსეთის არმია აკონტროლებს, დაზიანებულია ელექტრომომარაგების მთელი ხაზი,“ დაწერა ტვიტერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
„ჩერნობილს დენი არ მიეწოდება. მოვუხმობ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაუყოვნებლივ მოუწოდოს რუსეთს, შეწყვიტოს ცეცხლი და ტექნიკოსების ჯგუფებს საშუალება მისცეს, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება,“ განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, ელექტროსადგურს მოეპოვება დიზელის გენერატორები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს დენით მომარაგებას, რის შემდეგაც გამაგრილებელი სისტემა გაჩერდება და „რადიაციის გაჟონვა გარდაუვალი გახდება“.
დენის გათიშვის მიზეზს არ ასახელებენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კიევიდან 100 კილომეტრის დაშორებული ელექტროსადგური რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.
მანამდე გაეროს უწყებამ, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ვეღარ იღებს მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან. ამ კავშირის დაკარგვის შესახებ სააგენტომ 8 მარტს განაცხადა.
ასევე ნახეთ როგორ ვიქცევით, თუკი რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში აღმოვჩნდებით?1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 8 მარტს უკრაინამ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვისთვის აუცილებელია ტექნიკური პერსონალის და დაცვის სამსახურის დაახლოებით 210 თანამშრომლის როტაცია.
ისინი 24 თებერვლის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობენ და უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე. უკრაინა საერთაშორისო სააგენტოს სთხოვს, მოამზადოს პერსონალის შეცვლის და როტაციის ეფექტური სისტემის გეგმა.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, მარიანო გროსის განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალი რთულ და დაძაბულ ვითარებაში იმყოფება, რაც ბირთვული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკებს ქმნის. გროსი ატომურ ელექტროსადგურზე „ეფექტიანი კონტროლის" მქონე ძალებს, ანუ რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პერსონალის უსაფრთხო როტაცია.
„უკრაინამ სთხოვა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, უხელმძღვანელოს საერთაშორისო დახმარებას, რაც საჭიროა ამჟამინდელი პერსონალის შესაცვლელად და ობიექტზე ეფექტიანი როტაციის სისტემის განსახორციელებლად,“ ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ „მაიმუნი ყუმბარით“ - ასე აფასებენ ექსპერტები ატომურ ელექტროსადგურებზე შეჭრილ სამხედროებს3 მარტს ღამით რუსეთის სამხედროების მიერ დაიცხრილა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინელმა მაშველებმა ხანძარი 4 მარტს, გამთენიისას ჩააქრეს. იმავე დღეს უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში რადიაციული ფონი არ შეცვლილა.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი ინციდენტებისა და საგანგებო მდგომარეობის ცენტრი სრულ მზადყოფნაში ჰყავს მოყვანილი.
უკრაინის ტერიტორიაზე 15 ატომური ენერგობლოკია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა მარიანო გროსიმ 8 მარტს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, მზად არის უკრაინაში ჩავიდეს და დაეხმაროს ბირთვული ობიექტების დაცვაში.
1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში აფეთქდა ერთ-ერთი ენერგობლოკი, რასაც რადიაქტიური გაჟონვა მოჰყვა. რადიაცია გავრცელდა უკრაინაში, ბელარუსში, რუსეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში.