ტელეკომპანია „დოჟდი“ მაუწყებლობას აჩერებს

რუსეთის დამოუკიდებელმა ტელეარხმა „დოჟდ"-მა მაუწყებლობა შეაჩერა. გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 3 მარტს, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და არხის მფლობელმა ნატალია სიდნეევამ განაცხადა.

ტელეკომპანიის საიტი „როსკომნადზორ"-ის მიერ ბლოკირებული იყო რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქების გამო. არხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ და ჟურნალისტთა ნაწილმა კოლექტივის მიმართ მუქარის ფონზე რუსეთი დატოვეს.

სიდნეევას თქმით, მაუწყებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება თანამშრომლებმა თათბირზე მიიღეს. მისი სიტყვებით, ახალ პირობებში რედაქციის მუშაობას გააზრება სჭირდება.

4 მარტს რუსეთის დუმა რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კანონპროექტის განხილვას გეგმავს.

რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით.

„როგორ შავადაც და საძაგლადაც არ უნდა იყოს ახლა საქმე, როგორადაც არ უნდა ზეიმობდნენ კაცუნები, რომლებიც ჩვენი გადაწყვეტილებით ხარობენ, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. ეს გარდაუვალია, ვინაიდან საბოლოოდ სიმართლე იმარჯვებს“, - განაცხადა ძიატკომ და თანამშრომლებსა და მაყურებელს მადლობა გადაუხადა.

„დოჟდი“ 2010 წლიდან მაუწყებლობდა. თავდაპირველად გასართობი არხის ფორმატში, თუმცა მალევე გადაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მაუწყებლობაზე, რის შემდეგაც ჩამოერთვა რუსეთში საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის უფლება.

არხი 2017 წელს დაბლოკეს უკრაინაში. 2021 წელს რუსეთში მას ე.წ. უცხოური აგენტის სტატუსი მიანიჭეს, რასაც რედაქცია არ ეთანხმებოდა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თითქმის 32-წლიან არსებობას წყვეტს ცნობილი რუსული რადიოსადგური „ეხო მოსკვი“.

ასევე ნახეთ "ეხო მოსკვი" ლიკვიდირებულია

რუსეთის ფედერალური უწყება „როსკომნადზორ“-ი ასევე იმუქრება რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საიტის (Svoboda.org) დაბლოკვით და საფუძვლად ასახელებს გენერალური პროკურატურის მიმართვას.

რედაქციამ 2 მარტს, საღამოს მიიღო ექვსი შეტყობინება იმის შესახებ, რომ „როსკომნადზორ“-ი მოითხოვს საიტიდან წაიშალოს ახალი ამბები უკრაინის ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელ სახლებზე იერიშების და უკრაინის მხარდამჭერი ჰაკერების მიერ რუსული საიტების პარალიზების შესახებ და ასევე - მასალა, რომელიც ასახავს სოციალური ქსელების მომხმარებელთა რეაქციებს უკრაინაში საომარ მოქმედებებზე.

ასევე ნახეთ რუსეთი დაბლოკვით ემუქრება რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საიტს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის შესახებ სიმართლეს ამბობენ მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური საიტები და დასავლეთის მიერ დაბლოკილი მედიასაშუალებები.

ლავროვმა უცხოურ მედიას ურჩია, „რეალური ფაქტების“ გასაგებად თუნდაც ნახევარი საათი დაუთმონ რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების საიტებს და ნუ წარმოაჩენენ ისე, როგორც „ჰოლივუდის ბოევიკებშია“ – „აბსოლუტური სიკეთე და აბსოლუტური ბოროტება“.

ასევე ნახეთ ლავროვმა დასავლეთის მედიას ურჩია სიმართლის გასაგებად რუსული სამთავრობო საიტები ნახონ
  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
  • 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.