Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დაბლოკვით ემუქრება რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საიტს


რუსეთის ფედერალური უწყება „როსკომნადზორ“-ი რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საიტის(Svoboda.org) დაბლოკვით იმუქრება და საფუძვლად ასახელებს გენერალური პროკურატურის მიმართვას.

რედაქციამ 2 მარტს, საღამოს მიიღო ექვსი შეტყობინება იმის შესახებ, რომ „როსკომნადზორ“-ი მოითხოვს საიტიდან წაიშალოს ახალი ამბები უკრაინის ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელ სახლებზე იერიშების და უკრაინის მხარდამჭერი ჰაკერების მიერ რუსული საიტების პარალიზების შესახებ. ასევე, მასალა, რომელიც ასახავს სოციალური ქსელების მომხმარებელთა რეაქციებს უკრაინაში საომარ მოქმედებებზე.

„როსკომნადზორ“-ის თანახმად, ეს მასალები შეიცავს წინასწარ განზრახულ ცრუ ინფორმაციას უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, ადამიანებში იწვევს პანიკურ განწყობებს და ქმნის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების მასობრივი დარღვევების საფუძველს.

რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის უკვე დაბლოკეს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტების, Настоящее Время-ს და Крым.Реалии-ის საიტები.

მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 1 მარტს რუსეთის ხელისუფლებამ ეთერიდან გათიშა რადიოსადგური Эхо Москвы და მისი საიტი დაბლოკა. დაბლოკილია ტელეარხ Дождь-ის და რამდენიმე გამოცემის საიტებიც.

ამასთან, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ევროპელმა მარეგულირებლებმა და სოციალურმა ქსელებმა დაბლოკეს კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
  • 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.
XS
SM
MD
LG