თითქმის 32 წლიან არსებობას წყვეტს ცნობილი რუსული რადიოსადგური „ეხო მოსკვი“. მისი მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის მიერ დღეს, 3 მარტს, ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო რადიოარხის და საიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება.
რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, 1 მარტს რადიოსადგური "ეხო მოსკვი" ეთერიდან გათიშეს და მისი საიტი დაბლოკეს.
„ეხო მოსკვი“ ეთერში პირველად გავიდა 1990 წლის 22 აგვისტოს. არსებობის განმავლობაში რადიოსადგური ეთერიდან ერთადერთხელ გათიშეს, 1991 წელს მომხდარი პუტჩის დროს. 2020 წლის მონაცემებით, რადიოსადგურის აქციათა 66%-ს ფლობდა „გაზპრომ-მედია ჰოლდინგი“.
ასევე ნახეთ რუსეთი დაბლოკვით ემუქრება რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საიტს