„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ამას 2024 წელს გეგმავდა და გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთებაზე მსოფლიოში შეცვლილი ვითარებით არის განპირობებული. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის სტრუქტურებს განაცხადს ხვალ, 3 მარტს, წარუდგენს ოფიციალურად.
„მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც.
გასული წლების განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ მრავალი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა. 2024 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოაცხადა. ამ ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ევროკავშირში წევრობის დაჩქარებული წესით მოთხოვნის საკითხი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლოდვისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ. უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს. 1 მარტს 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.
ასევე ნახეთ რუმინეთი უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა ასევე ნახეთ ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირიდან მომავალ დადებით სიგნალებზე საუბრობსსაქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა - ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებდა, გადმოეწია ეს თარიღი და გამოეყენებინა შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც შესაძლოა უკრაინაში მიმდინარე ომმა გახსნას. 1 მარტს რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის დაჩქარებული წესით შეტანა იყო.
ასევე ნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირში გაწევრიანება რამდენიმე თვეში ვერ მოხდება