Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირიდან მომავალ დადებით სიგნალებზე საუბრობს


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირიდან დადებით სიგნალებზე საუბრობს. მისი თქმით, პროცესები, რომლებიც წლების შემდეგ იყო დაგეგმილი, უკრაინაში დაწყებულმა ომმა დააჩქარა. მან დღეს პარლამენტში თქვა, რომ რეზოლუციის პროექტიც სწორედ ამის გამო მოამზადეს.

"სიტუაცია შეიცვალა იქედან გამომდინარე, რომ უკრაინაში ომისა და რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინას უცხადებენ სოლიდარობას და ეს არის სოლიდარობის გამომხატველი აქტი, რაც ევროპარლამენტმა გააკეთა გუშინ", - თქვა სამხარაძემ და განმარტა, რომ თავდაპირველი შეთანხმებით 2024 წლისთვის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 2/3-ის შესრულება იყო გათვალისწინებული.

ახლა საქართველო უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებაზე ევროპულ საბჭოში მსჯელობას ელოდება.

"27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს ამ სტატუსის მინიჭებას ან არმინიჭებას მხარი... აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვნახოთ, რა სურათი შეიქმნება", - ამბობს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მანვე განმარტა, რომ დაჩქარებული პროცედურების შესახებ სიგნალები არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო, უკრაინა ან მოლდოვა მზად არიან გახდნენ ევროკავშირის წევრები:

"ილუზია ნურავის ექნება, რომ დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად არიან ევროკავშირის წევრობისთვის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, "რუსული აგრესიის ფონზე ევროპიდან რაღაც სიგნალებს ვიღებთ, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს სტატუსის მიღების დასაჩქარებლად".

გუშინ, 1 მარტს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგების წინაშე წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება.

დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაზე პარლამენტის წევრები შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებთან 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი გააკეთა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

1 მარტს 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.

XS
SM
MD
LG