უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ კიევის სატელევიზიო ანძას.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ დარტყმა განხორციელდა ტელეანძაზე მაუწყებლის სააპარატოში.
პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ჩაირთვება ზოგიერთი არხის სარეზერვო მაუწყებლობა. რამდენიმე არხის ნახვა შესაძლებელია Youtube-ზე და Megogo სერვისზე.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთის ჯარები აპირებენ იერიში მიიტანონ კიევში იმ ობიექტებზე, საიდანაც „რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდება უკრაინის საინფორმაციო შეტევა".
ასევე ნახეთ რუსეთი გეგმავს იერიში მიიტანოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ობიექტებზეპრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.