რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება დასახული მიზნების მიღწევამდე.
სააგენტოების, „ინტერფაქსის“ და „ტასის“ ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში დღეს, 1 მარტს გამართულ თათბირზე შოიგუმ გაიმეორა, რომ უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში ატარებენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დონბასის მოსახლეობის დაცვის და უკრაინის დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის მიზნით“.
შოიგუს განცხადებით, მთავარია „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“. თავდაცვის მინისტრის თქმით, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ „რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის გამოყენებას“.
იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, შოიგუ არ მიიჩნევს „რუსული არმიის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციად“ და აცხადებს, რომ „ყველა ზომას მიმართავენ მშვიდობიან მცხოვრებთა სიცოცხლის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმიდან 4 დღეში, 24-28 თებერვალს დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის16 ბავშვი.
ასევე ნახეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაიწყებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამოძიებასპრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს სტრატეგიული შეკავების ძალები, რომელთა მზადყოფნაში მოყვანის ბრძანებაც გასცა პუტინმა