რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება.
„მინდა ძალიან კარგად იცოდნენ, ჩვენი მხრიდან არავის საფრთხე არ ემუქრება. თუკი ეს ხმა მიეწოდება ოკუპირებული ხაზის იქით მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, მინდა მათ ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება, რომელიც იურიდიულად სავალდებულოა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას კონფლიქტის და შეიარაღებული დაპირისპირების გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც არის მხარდაჭერილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან, ეს გადაწყვეტილება დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ნაწილია - იტყობინება სააგენტო “აფსნიპრესი” ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანესოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის“ ბრძანებების შესასრულებლად“.
ასევე ნახეთ ბიბილოვი: მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვისმეექვსე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.