სანქცირებულთა სია ფართოვდება - კიდევ ვინ დასაჯა ევროკავშირმა?

ევროკავშირი რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მორიგ პაკეტს აქვეყნებს - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის კიდეც ათობით წევრს შეეხება - მათ შორის, ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენებს, რომლებიც პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერები არიან.

მათ მიმართ შემაკავებელი ზომები იმ ქმედებების საპირწონეა, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

სანქციები ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ანგარიშებისა და ქონების გაყინვას მოიცავს.

ვინ მოხვდა ამჯერად იმ ადამიანებს შორის და აქვთ თუ არა მათ რაიმე კავშირი საქართველოსთანაც?

ვლადიმირ პუტინი და იგორ სეჩინი, 2022 წლის 15 თებერვალი

ოლიგარქები

იგორ სეჩინი - რუსი ოლიგარქი, რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორია, მსოფლიოში ნედლი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი.

ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი, მისი უახლოესი მრჩეველი და მეგობარი ჯერ კიდევ 1990 წლიდან. მას პუტინთან თითქმის ყოველდღიური კავშირი აქვს.

ის ითვლება რუსული პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად.

1999 წელს სეჩინი გახდა ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, 2008 წელს ვიცე-პრემიერი, ხოლო 2012 წელს „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ის პუტინის გარემოცვის იმ წევრებს შორისაა, ვინც ამ ერთგულების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იღებს. „როსნეფტი“ აფინანსებდა გელენჯიკის მახლობლად მდებარე პუტინის სასახლის კომპლექსის ვენახების მოვლას. ამას გარდა, „როსნეფტ აერო“ „როსნეფტის“ შვილობილი კომპანია, თვითმფრინავის საწვავით ამარაგებს სიმფეროპოლის აეროპორტს, რომლიდანაც ხორციელდება ფრენები რუსეთისაკენ.

იგორ სეჩინი

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანი და სხვანიც ახალ ჩამონათვალში, განიხილებიან იმ რუსი გადაწყვეტილების მიმღები პირების აქტიურ ფინანსურ მხარდამჭერებად, ვინც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციაზე.

  • ეს არ არის სეჩინისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული პირველი სანქცია. 2019 წელს, ის იმ 24 მოქალაქეს შორის მოხვდა, ვისაც კანადამ სანქციები დაუწესა უკრაინული გემებისა და ეკიპაჟების წინააღმდეგ ქერჩის სრუტეში განხორციელებული აგრესიის გამო.

2018 წელს კი სეჩინი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. კრემლის სიაშიც იყო, რომელშიც მოხვდნენ პუტინთან დაახლოებული სხვა ადამიანებიც.

ასევე ნახეთ “როსნეფტი“ საქართველოში

ნიკოლაი ტოკარევი - რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანია „Transneft“-ის აღმასრულებელი დირექტორი. ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის ნაცნობი და თანამოაზრე.

ის პუტინთან ერთად მუშაობდა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში KGB-ს სისტემაში. ტოკარევი იმ ოლიგარქებს შორისაა, ვინც დაიწყო სახელმწიფო აქტივების კონტროლი 2000-იანი წლებიდან, მას მერე, რაც პუტინის ძალაუფლება გაძლიერდა.

ნიკოლაი ტოკარევი

ტოკარევიც არის გელენჯიკთან ახლოს მდებარე პუტინის სასახლის მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი.

სახელმწიფოსთან დადებული მოგებიანი ხელშეკრულებებით არა მხოლოდ თავად ტოკარევი, არამედ მთელი მისი სანათესაო გამდიდრდა.

ალიშერ უსმანოვი - კრემლის და პუტინის მხარდამჭერი რუსი ოლიგარქი, პუტინის ერთ-ერთი ფავორიტი ოლიგარქთაგან, რომელიც პასუხისმგებელია მნიშვნელოვან ფინანსურ ნაკადებზე.

მას ეკუთვნის ფოლადის გიგანტი ჰოლდინგური კომპანია „მეტალოინვესტი“ რკინის მადნისა და ფოლადის მწარმოებელი კომპანიების გარდა, მისი ინტერესები წვდება მედია- და ინტერნეტკომპანიებსაც.

ვლადიმირ პუტინი და ალიშერ უსმანოვი

მაგალითად, ბიზნესგამოცემა „კომერსანტმა“, რომლის კონტროლიც ხელში უსმანოვმა აიღო, შეცვალა პოზიცია და პროკრემლისტური გახდა. გამოცემამ დმიტრი მედვედევის პროპაგანდისტული ანტიუკრაინული სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ უკრაინის მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აზრი არ ჰქონდა, რადგან ისინი, მისი აზრით, იყვნენ პირდაპირი საგარეო კონტროლის ქვეშ.

იგივე მედვედევი ხშირად სარგებლობს უსმანოვის კუთვნილი მდიდრული რეზიდენციებით.

2017 წელს მოსკოვში სასამართლომ დააკმაყოფილა რუსი მილიარდერის, ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვის სარჩელი და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის დაავალა, ინტერნეტიდან მოეხსნა ფილმი, რომელშიც უსმანოვს კორუფციაში ადანაშაულებენ. უსმანოვმა ნავალნის ცილისწამებისთვის უჩივლა.

პიოტრ ავენი - პუტინთან დაახლოებული კიდევ ერთი ოლიგარქი, რომელიც არასოდეს მოქმედებს პრეზიდენტის მოთხოვნებისგან დამოუკიდებლად. ის იმ 50 მდიდარ რუს ბიზნესმენს შორისაა, რომლებიც რეგულარულად ხვდებიან ვლადიმერ პუტინს, რომელთანაც ავენი 1990-იანი წლებიდან მეგობრობს.

ავენი არის „ალფა ჯგუფის“ მნიშვნელოვანი აქციონერი, რომელშიც შედის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რუსული ბანკი, „ალფა ბანკი“. ის ასევე არის პუტინის მთავარი მოკავშირის, იგორ სეჩინის ახლო მეგობარი.

„ალფა ბანკი“ აფინანსებდა პუტინის უფროსი ქალიშვილის, მარიას საქველმოქმედო პროექტ „Alfa-Endo“-ს.

სწორედ ავენმა მისწერა პუტინს წერილი, რომელშიც ჩიოდა თავის ბიზნესინტერესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო. პასუხად პუტინმა რუსეთის გენერალურ პროკურორს საქმის გამოძიება დაავალა.

ასევე ნახეთ რა კავშირშია „ჩელსი“ პუტინის ზრახვებთან?

მიხაილ ფრიდმანი - ერთ-ერთი მთავარი აქციონერი „ალფა ჯგუფისა“, რომელშიც შედის მსხვილი რუსული „ალფა ბანკი“.

„ალფა ჯგუფი“ არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი, რომლის შემადგენლობაშიც შედის IDS Borjomi International-იც.

მიხაილ ფრიდმანი

მან სწორედ სამთავრობო კავშირების წყალობით ჩაიგდო ხელში სახელმწიფო აქტივები და დღეს პუტინის გარემოცვაში მისი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობად მოიაზრება.

2018 წელს სწორედ ფრიდმანი იმყოფებოდა პიოტრ ავენთან ერთად ვაშინგტონში არაოფიციალური ვიზიტით, სადაც რუსეთის მთავრობის მესიჯი ჩაიტანეს აშშ-ის სანქციებისა და რუსეთის ფედერაციის კონტრსანქციების თაობაზე.

ის აქტიურად უჭერდა მხარს მატერიალურად და ფინანსურად პუტინის გადაწყვეტილებებს ყირიმის ანექსიისა თუ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის საკითხებში.

Financial Times-ის ინფორმაციით, მიხაილ ფრიდმანმა უკრაინაში დაწყებულ ომს „ტრაგედია“ უწოდა, „როიტერსის“ ცნობით კი, მილიარდერი ფრიდმანი, რომელიც, სხვათა შორის, დასავლეთ უკრაინაშია დაბადებული, თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ „კონფლიქტი აჩენს უფსკრულს რუს და უკრაინელ მოძმე ხალხებს შორის”.

სერგეი როლდუგინი - ვლადიმირ პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესმენი და ჩელისტი.

ის არის ნაწილი და შემსრულებელი პუტინის ცნობილი ფინანსური სქემისა, რომლის დეტალებიც „პანამის დოკუმენტებში“ გამოქვეყნდა.

ის ფარულად ფლობს მინიმუმ 5 ოფშორულ კომპანიას. თავის აქტივებს კი ბანკ „როსიაში“ ინახავს, რომელიც უკვე არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულ კომპანიებს შორის.

სერგეი რულდიგინი, 2016 წელი, სირია, პალმირა.

როლდუგინი მოსკოვში ცნობილია მეტსახელით „პუტინის საფულე“.

სხვადასხვა მედიის ცნობით, მის სახელზე რეგისტრირებულია მრავალი უმსხვილესი კომპანიის წილი. მაგალითად, როლდუგინი 12%-იან წილს ფლობს რუსეთის უმსხვილეს სარეკლამო კომპანია Video International-ში.

ის არის პუტინის შვილის, მარიას ნათლია.

ასევე ნახეთ გამოაშკარავდა რუსეთის საინვესტიციო ბანკის მილიარდობით დოლარის ოდენობის ფულის გათეთრების სქემა

პოლიტიკოსები

ვლადიმირ კოლოკოლცევი - რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი.

2014 წელს კოლოკოლცევი მონაწილეობდა რუსეთის უშიშროების საბჭოს იმ სხდომაში, რომელმაც განიხილა ყირიმის პარლამენტის უკანონო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების თხოვნის შესახებ.

ხოლო 2022 წლის 21 თებერვლის სხდომაზე მან რეკომენდაცია გაუწია რუსეთის მიერ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.

ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ კოლოკოლცევი

იმავე დღეს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა (DPR) და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (LPR) დამოუკიდებლად აღიარების განკარგულებას.

საქართველოსთან მიმართებით შესაძლებელია მისი 2012 წლის განცხადების გახსენება, როცა მან გამორიცხა რუსეთის პოლიციაში საქართველოს მსგავსი რეფორმის გატარება და რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, „ქართული საოცრება“ რუსეთისთვის მაგალითად არ გამოდგებაო.

ასევე ნახეთ აშშ-მა სანქციები დაუწესა რუს მილიარდერებს და მაღალჩინოსნებს

დმიტრი პესკოვი - პუტინის პრესმდივანი, რომელიც საჯაროდ იცავდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას.

მას არაერთ განცხადებაში აქვს ნათქვამი, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორია რუსეთის განუყოფელი ნაწილია და უკრაინა ამ რეალობას ვერ შეცვლის.

მისივე სიტყვებია, რომ დონბასში არ იყვნენ რუსული ჯარები.

დმიტრი პესკოვი

და რომ დასავლურ სანქციებს არ აქვს რეალური გავლენა რუსეთზე, ხოლო რუსეთის საპასუხო რეაქცია კონტრსანქციები იქნება.

საქართველოსთან მიმართებით შეიძლება გავიხსენოთ პესკოვის 2021 წლის 29 ივლისის განცხადება, როცა ის საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2021“-ს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ფაქტი რუსეთს „ყურადღებით დაკვირვებას“ და „ზომების მიღებას“ ავალდებულებს.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნატო თავისი ინფრასტრუქტურით არა უბრალოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივაა, არამედ ეხება ჩვენს საზღვრებს. ეს (სწავლება), რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ძალიან ყურადღებით დაკვირვების საგანს წარმოადგენს. მთავარი ის არის, რომ ეს გვავალდებულებს მივიღოთ ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ჩვენმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს“, - აღნიშნა მაშინ დმიტრი პესკოვმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა ზომების მიღებას ავალდებულებს ან აპირებს მოსკოვი მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნის პასუხად.

კირილ დმიტრიევი - ის არის რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული პირდაპირი ინვესტიციების ფონდის თავმჯდომარე და რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს წევრი.

2021 წლის ოქტომბერში რუსეთმა გააძლიერა სამხედრო ძალები უკრაინის საზღვართან ახლოს, მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა ოკუპირებულ ყირიმის რეგიონში, რამაც შემდგომში კონფლიქტის ესკალაციაც გამოიწვია.

კირილ დმიტრიევი, 2021 წელი, მარტი

რუსეთის ფედერაციამ სამხედრო პერსონალი და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე სწორედ რუსეთის რკინიგზით გადატყორცნა, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრიც არის კირილ დმიტრიევი.

კარნეგის ფონდის თანამშრომლის, ანდრეი კოლესნიკოვის შეფასებით, გარდა მსხვილი საინვესტიციო პროექტების მოზიდვისა, კირილ დმიტრიევი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკის მონოპოლიზების მოდელის შექმნასთან, რომელიც ასე ძალიან მოსწონს ვლადიმირ პუტინს.

ასევე ნახეთ კატია, მაშა, ვლადიმირ პუტინი და მისი სავარაუდო მემკვიდრე

დმიტრი ჩერნიშენკო - იკავებს რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტს ტურიზმის, სპორტის, კულტურისა და კომუნიკაციების სფეროში. ასევე არის რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს წევრი.

ირეკ ფაიზულინი - ის არის რუსეთის მშენებლობისა და საბინაო საკითხთა მინისტრი და რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს წევრი.

ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში ისიც ამ მოტივით მოხვდა - მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო პერსონალის და სამხედრო აღჭურვილობის უკრაინის მიმდებარედ გადაყვანა-გადატანაში, რადგან ეს რუსეთის რკინიგზით მოხდა, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრიც არის ფაიზულინი.

ვიტალი საველიევი

ვიტალი საველიევი - რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი, რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს წევრი. რომელიც იკავებდა „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის პოსტს.

მისი ხელმძღვანელობის დროს „აეროფლოტი“ ხშირად ახორციელებდა სამგზავრო თუ სატვირთო ფრენებს რუსეთის აეროპორტებსა და სიმფეროპოლის საერთაშორისო აეროპორტს შორის და ამ გზით მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთებას.

ანდრეი ტურჩაკი - რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს მდივანი, რომლის პოლიტიკური წარმატება ასოცირდება მამასთან, ანატოლი ტურჩაკთან, რომელიც ძიუდოში ვარჯიშობდა ვლადიმირ პუტინთან ერთად.

ის მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას, პრორუსული სეპარატისტული ძალებისთვის დონბასის რეგიონში იარაღი მიეწოდებინათ. საჯაროდ აცხადებდა, რომ დონბასის კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელი იყო მშვიდობიანი გზით უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად.

და თავად ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტ ხელმძღვანელ დენის პუშილინთან.

მისივე სიტყვებია, რომ „რუსეთი გულგრილია დასავლეთის სანქციების მიმართ“.

მედია

ტიგრან კეოსაიანი - რუსულ მედიაში ანტიუკრაინული პროპაგანდით ცნობილი კინორეჟისორი და ჟურნალისტი.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თავის სატელევიზიო შოუში ის უკრაინას წარმოაჩენდა როგორც სუსტსა და კორუმპირებულ ქვეყანას, რომელიც მხოლოდ დასავლური დახმარებით გადარჩა.

მარგარიტა სიმონიანი და ტიგრან კეოსაიანი

მან არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმი ეკუთვნოდა რუსეთს, ხოლო დონბასი არ იყო უკრაინის ნაწილი.

მისი გადაღებულია პროპაგანდისტული ფილმი „ყირიმის ხიდი. დამზადებულია სიყვარულით!”, რომელიც ხოტბას ასხამდა ხიდს, რომელიც უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს. ეს ფილმი ჩაფიქრებული იყო როგორც საჩუქარი პუტინისათვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსეი გრომოვი კი მას დაეხმარა სახელმწიფო დაფინანსების მიღებაში, რითაც კეოსაიანმა ფინანსურად იხეირა.

ოლგა სკაბეევა - რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Rossiya-1-ის ჟურნალისტი, რომელიც თავის ქმართან, ევგენი პოპოვთან ერთად უძღვება რუსეთში პოპულარულ პოლიტიკურ ტოქშოუ „60 წუთს“ და ავრცელებს ანტიუკრაინულ პროპაგანდას.

ოლგა სკაბეევა და ევგენი პოპოვი

ის ხშირად იწვევდა გადაცემაში ედუარდ ბასურინს, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო სარდლობის პრესმდივანს, ან იმავე დენის პუშილინს, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს.

მოდესტ კოლეროვი - რუსი პოლიტოლოგი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი. სააგენტო „რეგნუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ეს სააგენტო ცნობილია თავისი აგრესიული და პროპაგანდისტული დამოკიდებულებით უკრაინის საკითხისადმი, მხარს უჭერს ყირიმის ანექსიას და რუსეთის ქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

მოდესტ კოლეროვი

ის ხშირად ახასიათებდა უკრაინას, როგორც ფაშისტურ და ნეონაცისტურ ქვეყანას და უწოდებდა მას პროდასავლურ მარიონეტს.

მასვე ეკუთვნის სიტყვები, რომ უკრაინა ხელოვნურად შეიქმნა ლენინისა და სტალინის მიერ, და რომ დამოუკიდებლობას რუსეთს უნდა უმადლოდეს.

ის არის სეპარატისტული რეჟიმების გამოკვეთილი მხარდამჭერი.

რომან ბაბაიანი - რუსი ჟურნალისტი და მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი. ის უძღვება ტელეშოუს „საკუთარი სიმართლე“ NTV-ზე და ასევე „ხმის უფლებას" TV Cent-ზე. ის ასევე არის რადიო „ლაპარაკობს მოსკოვის“ მთავარი რედაქტორი.

რომან ბაბაიანი კოლეგებთან ერთად რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიდან

მისი სხვა კოლეგების მსგავსად, ისიც ავრცელებს ანტიუკრაინულ პროპაგანდას და ხელს უწყობს დონბასში სეპარატისტების ქმედებების მიმართ დადებითი დამოკიდებულების გაჩენას.

მან ასევე მხარი დაუჭირა რუსულ ნარატივს უკრაინაში „ფაშისტური რეჟიმის“ არსებობის თაობაზე და ამის დასამტკიცებლად წარმოადგინა გაურკვეველი ჩანაწერი, სადაც ჯარისკაცები, რომლებსაც უკრაინელებად წარადგენდა, ატარებდნენ ნაცისტურ სიმბოლიკას.

ევგენი პრილეპინი - რუსი აქტივისტი, ჟურნალისტი და მწერალი, პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისათვის“ თანათავმჯდომარე.

მან საჯაროდ გამოხატა თავისი მხარდაჭერა ყირიმსა და დონბასში რუსი სეპარატისტების მიმართ. დონბასის კონფლიქტშიც სეპარატისტების მხარეს იდგა და ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა. ამ დროს ის იყენებდა თავისი, როგორც მწერლის ცნობადობას ანტიუკრაინული პროპაგანდისთვის.

ევგენი პრილეპინი

ის მონაწილეობს რუსულ დოკუმენტურ პროპაგანდისტულ ფილმში „ყირიმი: გზა სახლისკენ“, რომელიც ადიდებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას.

ანტონ კრასოვსკი - ჟურნალისტი, რომელიც რუსულ სახელმწიფო არხ RT-ზე უძღვება ტოქშოუს „ანტონიმები“.

მან უკრაინას რუსული მიწა უწოდა და დაემუქრა რუსეთის შეჭრით, თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანებას მიუახლოვდებოდა.

არკადი მამონტოვი - რუსი ჟურნალისტი, „არკადი მამონტოვის საავტორო შოუს“ წამყვანი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, რომელიც ავრცელებს ანტიუკრაინულ პროპაგანდას და მხარს უჭერს ყირიმის ანექსიას.

ეს ის არკადი მამონტოვია, რომელიც თავის საგამოძიებო ფილმში „ანდრომედას შტამი“ (ფილმი სახელმწიფო საინფორმაციო ტელეარხ „Россия-24“-ზე აჩვენეს) ამტკიცებს, რომ თითქოს, ბოლო წლებში, რუსეთის პერიმეტრზე ფუნქციონირება დაიწყო ბიოლოგიურმა ლაბორატორიებმა, რომელთაც აშშ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ხსნის. „დღეს ასეთი ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელი განლაგებულია – უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და სომხეთში. ასეთი ბიოლოგიური საფრთხის სარტყელია ჩვენ გარშემო, რუსეთის საზღვრებთან“, – ამბობს ფილმში მისი ავტორი მამონტოვი.

ასევე ნახეთ პარლამენტარები, მინისტრები,  გენერლები, ჟურნალისტები, ბანკები, კომპანიები, ტანკერები:  იხილეთ სანქციების გრძელი სია რუსეთისთვის

სამხედროები

სერგეი პინჩუკი - შავი ზღვის ფლოტის ვიცე-ადმირალი და მთავარსარდლის პირველი მოადგილე. ის ექვემდებარება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შეიარაღებულ ძალებს და ჩართული იყო უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში. შავი ზღვის ფლოტის ძალები მონაწილეობდნენ უკრაინის საზღვრების ახლოს გამართულ მასობრივ სამხედრო წვრთნებში, როდესაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, შავი ზღვის ფლოტის რუსეთის ჯარების დესანტმა ოპერაცია ჩაატარა მარიუპოლსა და ოდესაში.

ალექსეი ავდეევი - რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, რომელიც ჩართული იყო უკრაინის საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციაში.

ვლადიმირ პუტინი და რუსტამ მურადოვი

რუსტამ მურადოვი - გენერალ-ლეიტენანტი, სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მონაწილე.

ანდრეი სიჩევოვი - გენერალ-ლეიტენანტი, სამხრეთის სამხედრო ოლქის გაერთიანებული შეიარაღების არმიის მე-8 გვარდიის მეთაური.

ბიზნესი

გენადი ტიმჩენკო - რუსი მილიარდერი, კერძო საინვესტიციო კომპანია „Volga Group“-ის დამფუძნებელი და აქციონერი, ვლადიმირ პუტინის დიდი ხის ნაცნობი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი. მისი კომპანია აქტიურად მონაწილეობს რუსეთის ეკონომიკის განვითარებაში.

გენადი ტიმჩენკო

ტიმჩენკო ასევე არის ბანკ „როსიას“ აქციონერი. ეს ბანკი მიიჩნევა რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების ბანკად, რომელმაც ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ გახსნა ფილიალები ყირიმსა და სევასტოპოლში.

ბანკი „როსია“ ფლობს მნიშვნელოვან წილებს ნაციონალურ მედიაჯგუფში, რომელიც თავის მხრივ აკონტროლებს ტელევიზიებს - ეს ტელევიზიები კი, თავის მხრივ, აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინაში რუსეთის მთავრობის მიერ დესტაბილიზაციის პოლიტიკას.

ალექსეი მორდაშოვი - კომპანია „სევერსტალის“ თანამფლობელი და „სევერჯგუფის“ თავმჯდომარე. ეს კომპანიაც არის ბანკ „როსიას“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი.

„სევერჯგუფი“ ფლობს მნიშვნელოვან წილებს ეროვნულ მედიაჯგუფში, რომელიც იმ ტელევიზიებს აკონტროლებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ანტიუკრაინულ პროპაგანდას.

ანდრეი ბოკარევი - კრემლის მომხრე ოლიგარქი, პრეზიდენტ პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებული პირი. თავისი კავშირების წყალობით ის გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფოს კონტრაქტორი.

მისი სამთო კომპანია „კოლმარის“ საქმიანობა ასევე მხარდაჭერილია პუტინის მთავრობის მიერ. ბოკარევმა მოიპოვა პრეზიდენტ პუტინის აღიარება სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე გაწეული მხარდაჭერის გამო.

ის გახდა პირველი რუსი ოლიგარქი, ვისაც იარაღის ბიზნესში ყოფნის უფლება მისცეს, რომელიც პირდაპირ პუტინს ექვემდებარება.

სერგეი ივანოვი და ვლადიმირ პუტინი, 2013 წელი

სერგეი ივანოვი - რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საკითხებში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი.

დაბოლოს, სააქციო საზოგადოება SOGAZ, გაზის მრეწველობის სადაზღვევო კომპანია, რომელმაც დააზღვია ქერჩის სრუტისა და ტამანის პორტის დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.