უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს ჩავიდეს ბელარუსში რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა მზადაა შეხვდეს რუსეთს ომის შეწყვეტის შესახებ სასაუბროდ. ესაა უკრაინის პრეზიდენტის პასუხი კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის შეთავაზებაზე, გამართულიყო რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირების შეხვედრა ბელარუსის ქალაქ გომელში, სადაც რუსული დელეგაცია იმყოფება.
ვიდეომიმართვაში, რომელიც პერსკოვის შეთავაზების შემდეგ გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ის ამბობს, რომ არ შეიძლება მშვიდობაზე ილაპარაკო იმ ქალაქში, საიდანაც მტრის რაკეტები მოფრინავს შენ წინააღმდეგ. ამავე მიმართვაში ზელენსკიმ ბელარუს ხალხს შეახსენა, რომ დამოუკიდებელი არიან და არ უნდა იქცეოდნენ ისე, თითქოს რუსეთის ნაწილს წარმოადგენდნენ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შევხვდეთ, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს. ნებისმიერი სხვა ქალაქი ჩვენთვის შესაფერისია, რომლის ტერიტორიიდანაც რაკეტები არ დაფრინავენ ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოლაპარაკება იყოს პატიოსანი და ომის დასრულება რეალური", - თქვა ზელენსკიმ.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა ბელარუსში, ქალაქ გომელში. პესკოვის სიტყვებს რუსული სამთავრობო "რია ნოვოსტი" ავრცელებს. პესკოვის თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ზელენსკი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ბელარუსი და, კერძოდ, მინსკი მოსალაპარაკებლად არა თავად ამ ქვეყანამ, არამედ რუსეთმა აირჩია. „ეს თქვენი არჩევანი არ იყო“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
“ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს თქვენ და ჩვენ ერთ მხარეს არ ვართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარები უკრაინის მიმართულებით უშვებენ რაკეტებს. თქვენი ტერიტორიიდან კლავენ ბავშვებს, ანადგურებენ სახლებს და ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც შენდებოდა წლების განმავლობაში. რომელსაც ასევე აშენებდნენ ჩვენი მამები და ბაბუები. ჩვენ ვართ თქვენი მეზობლები, ჩვენ უკრაინელები. იყავით ბელარუსები და არა რუსები”, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ის ბელარუს ხალხს მოუწოდებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია რეფერენდუმში, რომელიც დღეს იმართება.
"ოთხი დღის წინ, სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან წამოვიდა რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები, ვერტმფრენები, ტექნიკა. ურტყამდნენ ჩვენს სახლებს, ურტყამდნენ ჩვენს ცხოვრებას. წამოვიდა მძიმე ტექნიკა და ეს საშინელი “დეჟავიუ” იყო. იცით, კიევს თავს დაესხნენ დილის ოთხ საათზე, დილის ოთხზე! ვიღაცას ასეთი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა. როგორც 1941 წელს! თქვენ კი გეძინათ. ძმებო, ბელარუსებო! ჩვენ გაგვეღვიძა! მაგრამ თქვენ ახლაც გძინავთ, ჩვენ იმ მომენტის შემდეგ აღარც დავწოლილვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ ამის სრული უფლება გვაქვს! თქვენი ტერიტორიიდან რომ არ ყოფილიყო აგრესიული მოქმედებები, ჩვენ შეიძლება გველაპარაკა მინსკში, თქვენს ქალაქში. როდესაც თქვენ ნეიტრალურები იყავით, ჩვენ ვლაპარაკობდით მინსკში. ბევრჯერ შევხვედრივართ. ასეა სწორი, ვილაპარაკოთ მეზობლებმა! ახლა, როცა ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ მთავარი არჩევანი, და ეს წინ გაქვთ, რომელიც მხოლოდ თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული, არც რუსეთზე არც უკრაინაზე, არც ამერიკაზე, არამედ მხოლოდ ბელარუს ხალხზე!" - ასე მიმართა ზელენსკიმ ბელარუსის მთავრობას და ხალხს.
ასევე ნახეთ ბელარუსის ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი 27 თებერვალს დაინიშნარუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".
რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.