"საქართველოს ჰაკერთა საზოგადოება" Alt-info-ს ვებგვერდის გათიშვის შესახებ იუწყება

ჰომოფობიური ჯგუფის, Alt-info-ს ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია. "საქართველოს ჰაკერთა საზოგადოების" ტვიტის მიხედვით, ის გათიშეს.

"ალტ-ინფო" საკუთარ სატელევიზიო/ონლაინ ეთერში, რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინას პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამ არხის დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები, რა დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"როცა პატივცემული ზელენსკი კვარტალი 95-ის კომიკოსი იყო და ბედნიერად მსახიობობდა თუ ჯამბაზობდა, მაშინ ქართველი ხალხი ომობდა და იბრძოდა უთანასწორო ბრძოლაში. ახლა კი, როცა სააკაშვილის რიტორიკით ცდილობთ მანიპულირებას იმ ხალხზე, რომელიც მართლაც შეწუხებულია უდანაშაულო უკრაინელების მდგომარეობით, სხვათა შორის, თქვენივე შეუგნებელი, გაუაზრებელი პოლიტიკით, მიხედეთ და დაიცავით ქვეყნის კი არა, ქალაქის საზღვრები, სელფ-ვიდეოების ჩაწერის ნაცვლად", - ეს არის ფრაგმენტი "ალტ-ინფოს" ბოლო დღეების ეთერიდან.

ასევე ნახეთ როგორ შეაყვარო თავი რუსული ტანკით - “ალტ-ინფო” რეგიონში მიდის

"ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვებგვერდის აღსადგენად ახლა ტექნიკური სამსახური მუშაობს.

"მუშაობა მიმდინარეობს. მიზეზი არ ვიცი, რატომ გაითიშა - ტექნიკოსები მუშაობენ. რამდენიმე საათში მგონი გასწორდება... არაფერი არ გათიშულა", - თქვა მორგოშიამ.

რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერ ბრძოლაში ჰაკერების სხვადასხვა ჯგუფი ჩაერთო. მათ შორის ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა Anonymous-მა განახორციელა, რომელმაც რუსეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის, „გაზპრომის“ ვებგვერდი გათიშა.

ასევე ნახეთ კიდევ რომელი რუსული საიტი გავთიშოთ? - Anonymous-ი პუტინის წინააღმდეგ