ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინაში "ჩასვლა - ჩასვლისთვის" არაფრის მომცემია

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, არ აპირებს უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს საქართველოც მიუერთდეს, მას ჰკითხეს, გეგმავს თუ არა კიევში ჩასვლას მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად - ისევე, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა საქართველოს მხარდასაჭერად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ გამოხატა მხარდაჭერა ისე, როგორც გამოხატა.

ასევე ნახეთ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - ირაკლი ღარიბაშვილი

უკრაინაში ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის. თქვენთ გინდათ იმის დემონსტრირება... სოლიდარობის გამოხატვა ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია და გამოვხატეთ ისე, როგორც გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია, სამწუხაროა და მე კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რაც უკრაინაში ხდება და როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი. ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში კოჯორში, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ის გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოწოდებებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოცხადების, ასევე უშიშროების საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ოპონენტები აკეთებენ და ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ბუნებრივია, მე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა ლაივრეჟიმში, რომ იტყვიან, იმ ინფორმაციების, რომელიც მოუწოდებდა ჩვენს სამსახურებს და ეს არის ჩვეულებრივი, ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ჩემი პასუხია შემდეგი - უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება პარლამენტში უნდა გამართულიყო თუ არა, მე, რა თქმა უნდა, არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, ეს ერთი. და მეორე - უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრის მომცემი. პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა, პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, რომელიც ოპოზიციის თხოვნით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დანიშნა 25 თებერვლისთვის, ჩაიშალა. მასში მონაწილეობაზე უარი თქვა "ქართულმა ოცნებამ", პარლამენტში მისულ ოპოზიციონერ დეპუტატებს დაკეტილი დახვდათ სხდომათა დარბაზის კარიც.

ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით 24 თებერვალს მიმართა. "ქართულმა ოცნებამ" ამავე დღეს თქვა, რომ არ მიიღებდა სხდომაში მონაწილეობას იმის გამო, რომ ოპოზიცია უკრაინის საკითხს შიდაპარტიული დღის წესრიგისთვის იყენებს.

ასევე ნახეთ ოპოზიციამ უკრაინის ჰიმნი პარლამენტის ფოიეში შეასრულა: სხდომათა დარბაზის კარი დაკეტილია

რუსეთმა უკრაინასთან ომი 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. 25 თებერვალს მთავარი ბრძოლები უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება.