ოპოზიციამ უკრაინის ჰიმნი პარლამენტის ფოიეში შეასრულა: სხდომათა დარბაზის კარი დაკეტილია

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, რომელიც ოპოზიციის თხოვნით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დანიშნა 25 თებერვლისთვის, ჩაიშალა. მასში მონაწილეობაზე უარი თქვა "ქართულმა ოცნებამ", პარლამენტში მისულ ოპოზიციონერ დეპუტატებს დაკეტილი დახვდათ სხდომათა დარბაზის კარიც.

ოპოზიციის წევრებმა უკრაინის დროშა პარლამენტის ფოიეში გაშალეს და საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები იმღერეს მას შემდეგ, რაც მედიასთან განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, რიგგარეშე სხდომაზე სურდათ უკრაინისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ და დაენახებინათ, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც საქართველო ერთიანია და უკრაინაში ომი ასეთი საკითხია, თუმცა ხელისუფლებამ სხდომაში მონაწილეობაზე უარით აჩვენა, რომ მას განსხვავებული პოზიცია აქვს.

„მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, მათ იურისტებს, პოლიტიკურ ლიდერებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, ცოტა არ იყოს, გონს მოეგონ, რასთან გვაქვს საქმე და უნებურად თუ შეგნებულად არ ჩაიდინონ ისეთი რამ, რაც არავის ჩაუდენია საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში. ამ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევა არის უფლება პარლამენტის წევრების და თავმჯდომარის. გუშინ ჩვენ პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართეთ, მას გადაედგა ეს ნაბიჯი. როცა მან უარი თქვა, მერე მივმართეთ პრეზიდენტს. მან კონსტიტუციის საფუძველზე გამოსცა აქტი, რომელშიც წერია, რომ სხდომა მოწვეულია კონკრეტული დღის წესრიგით. ეს არის სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური პროცედურა და არა ვინმეს მოსწონს-არ მოსწონს, იწილო-ბიწილო, მივალ-არ მივალ, თეატრში წავალ და არ დავესწრები.

ეს არის სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური საქმიანობის პროცესი, რომელიც შემდგომ რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით, სადაც წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია გაუძღვეს მოწვეულ სხდომას, ჩაატაროს რეგისტრაცია ან ეს მოვალეობა გადასცეს რომელიმე მოადგილეს. მერე რეგლამენტი ითვალისწინებს საკითხს იმის შესახებ, რა ხდება, თუ რეგისტრაციაზე აღმოჩნდა, რომ საჭირო რაოდენობაზე ნაკლები წევრები არიან. კერძოდ, 15 წუთში კიდევ ტარდება რეგისტრაცია, მერე 45 წუთში - კიდევ ერთხელ და თუ აღმოჩნდა, რომ პარლამენტის წევრები არ არიან, ძალით მათ აქ ვერავინ შემოიყვანს, მაშინ სხდომა გამოცხადდება ვერშემდგარად. ყოველგვარი სხვა მცდელობა, რომ ან დარბაზი არ გააღონ, ან პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი კონსტიტუციური მოვალეობა არ შეასრულოს, ან მის მოადგილეს არ დაავალოს პროცედურების შესრულება და ეს არის უხეში დარღვევა კონსტიტუციის, რეგლამენტის, კანონის და საერთოდ პარლამენტარიზმის ელემენტარული საკითხების", - თქვა პარტია "ლელოს" წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ სხდომათა დარბაზის კარი არ გაიღებოდა და პარლამენტარების რეგისტრაციის პროცედურაც არ ჩატარდებოდა. უსუფაშვილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უმრავლესობა უარს ამბობს პრეზიდენტის მიერ მოწვეულ საგანგებო სხდომაში მონაწილეობაზე და გაიხსენა 2012 წელი, როცა თავად ჩავიდა ქუთაისში იმისათვის, რომ სხდომაზე დასწრების მსურველ პარლამენტარებს რეგისტრაციის გავლის საშუალება მისცემოდათ.

"ვერ უზრუნველვყავი ჩემი კოლეგების უმრავლესობიდან დასწრება, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ და ყველამ, ვინც სახელმწიფო თანამდებობაზეა, კარგად უნდა გაიაზროს, რომ ის მთელ ქვეყანას ემსახურება. პაპუაშვილი ჩემი თავმჯდომარეცაა და ჩემი უფლება, რომ სხდომაზე შევძლო შესვლა და მქონდეს მცდელობა სხდომა ჩატარდეს, მან უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში და არ უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში მისი პარტიის პოლიტიკური ამოცანები, რომელიც შეუძლიათ შეასრულონ და ამაზე პოლიტიკურად აგონ პასუხი,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ეს იქნება თქვენი ყველაზე ცუდი და სამარცხვინო გადაწყვეტილება“, - ასე მიმართა ხატია დეკანოიძემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა კოლეგებს უმრავლესობიდან. მისი შეფასებით, დღევანდელი დღე საქართველოს პარლამენტისა და ისტორიისთვის სირცხვილის დღედ იქცევა.

"მაშინ, როდესაც ამ წუთებში კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები თავდაცვის ძალებს უტევენ, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით შეაგროვა უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები და გადაწყვიტა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტის დარბაზი არ გაეღო. საქართველოს პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, რომლის სახელიც ისტორიაში არ დარჩება, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და პარლამენტის დარბაზი ჩაგვიკეტოს - ჩაუკეტოს საქართველოს მოქალაქეებს, ჩაუკეტოს უკრაინას, ჩაუკეტოს გმირებს, ვინც გუშინ და დღეს დაეცნენ. დღეს აქ საქართველოს და უკრაინის ჰიმნები უნდა გაგვეჟღერებინა და გვეთქვა მსოფლიოსთვის, რომ ჩვენც ოკუპირებულები ვართ, გვეთქვა, რომ უკრაინაში მიდის აგრესია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ამ გადაწყვეტილებით პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიად გააუქმა პარლამენტის ფუნქცია საქართველოში. თურმე, პარლამენტის წევრებს არ გვქონია პრემიერის დაბარების უფლება და თურმე, პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიმსჯელოთ პოლიტიკურ საკითხებზე, დღეს ეს თქვა შალვა პაპუაშვილმა. ძალიან ვწუხვარ შალვა პაპუაშვილის გამო, იმიტომ რომ მისი ეს ჩანაწერი დარჩება ისტორიას. დღეს ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა იყო, ხმა ამოგვეღო და გვეთქვა რომ, რაც კიევში მოხდა წუხელ, ეს უკვე გაცდა ყველანაირ ზღვარს, იმიტომ რომ ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. თუ ხმას ვერ ვიღებთ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ დანაშაულის მომხრეები ვართ. ძალიან ვწუხვარ. საქართველოს მოქალაქეებს მინდა მივმართო, არცერთი თქვენგანი არ იმსახურებს ასეთ მხდალ ხელისუფლებას", - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" მხრიდან სხდომის ჩატარებაზე უარი დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

ჩაშლილ სხდომას გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძეც. მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდა.

„გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა განცხადება პარლამენტარებისგან, რომელსაც 41 დეპუტატი აწერდა ხელს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ და სამწუხაროა, რომ დღეს ეს სხდომა არ ჩატარდება, ვერ ჩატარდება. პრეზიდენტმა თავისი განკარგულებით დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სხდომა უნდა ჩატარებულიყო“, - განაცხადა მსხილაძემ.

ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით 24 თებერვალს მიმართა. "ქართულმა ოცნებამ" ამავე დღეს თქვა, რომ არ მიიღებდა სხდომაში მონაწილეობას იმის გამო, რომ ოპოზიცია უკრაინის საკითხს შიდაპარტიული დღის წესრიგისთვის იყენებს.

რუსეთმა უკრაინასთან ომი 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. 25 თებერვალს მთავარი ბრძოლები უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება.

ასევე ნახეთ "ოპოზიცია უკრაინის საკითხს საკუთარი დღის წესრიგის ნაწილად იყენებს" - პაპუაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შესახებ