პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს საბჭოთა ოკუპაციის 101 წლისთავთან დაკავშირებით კოჯორში იუნკრების მემორიალი შეამკო გვირგვინით. მან იქვე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის შესახებ, რომელში მონაწილეობაზეც უარს ამბობს "ქართული ოცნება." ეს სხდომა პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო ოპერაციის საკითხზე სამსჯელოდ, ოპოზიციის მოთხოვნით ჩანიშნა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. სწორედ ეს არის მთავარი არსი "ქართული ოცნების" ფრაქციის განცხადების, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება სწორედ უკრაინელი ხალხის სოლიდარობის გამო, რომ უკრაინის საკითხი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იქნეს გამოყენებული", - ასე ახსნა შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის პოზიცია რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, როცა აკრიტიკებენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელზეც მათ ხელიც კი არ მოაწერეს ან ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რაც უკრაინაში ხდება. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის აქტიურობა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შეაფასა, როგორც. "უღირსი მცდელობა, უკრაინის საკითხი აქციონ მერკანტილური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად."
საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა 25 თებერვალს არის ჩანიშნული, უკრაინაში კი სამხედრო ინტერვენცია რუსეთმა 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო.
ასევე ნახეთ უკრაინელი სამხედროები ხიდებს აფეთქებენ კიევისკენ რუსების გადაადგილების შესაჩერებლად