უკრაინელმა სამხედროებმა კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით სამი ხიდი ააფეთქეს ქვეყნის დედაქალაქისკენ რუსი სამხედროების გადაადგილების შესაჩერებლად. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
უკრაინის სახმელეთო ძალების ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულია გაფრთხილება, რომ მოწინააღმდეგის ძალები, შესაძლოა, შევიდნენ კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ვორზელის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტებში.
გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა რამდენიმე სარაკეტო იერიში განახორციელა უკრაინის დედაქალაქ კიევზე. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ერთ-ერთი რაკეტის ფრაგმენტები საცხოვრებელ სახლს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 3 ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიზანია კიევის აღება და ქვეყნის მთავრობის შეცვლა. „არსებული ინფორმაციით, მტერმა მე მომნიშნა ნომერ პირველ სამიზნედ, ხოლო ჩემი ოჯახი - მეორე სამიზნედ", - განაცხადა 24 თებერვალს ღამით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა, რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.
უკრაინაზე თავდასხმის გამო ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის საბანკო, ენერგეტიკის და ავიაციის სფეროებს ახალი სანქციები დაუწესეს.