24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. განცხადება მოულოდნელი არავისთვის აღმოჩნდა - რუსეთის სავარაუდო იერიშის შესახებ ცნობები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა და ბოლო დღეებში ომი უკვე გარდაუვალი ჩანდა.
პარალელურად, არაერთმა დასავლურმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, სადაც სამომავლო პროგნოზები იყო გაკეთებული. ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მსჯელობდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები.
არაერთი ანალიტიკოსი ასკვნიდა, რომ პუტინის აგრესია ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა სწორედ იმ შედეგებს, რომლის თავიდან არიდებაც თითქოს სურდა რუსეთის პრეზიდენტს - გაძლიერებულ ნატოს, კიდევ უფრო ანტირუსულ უკრაინასა და იზოლირებულ რუსეთს.
თუმცა, რამდენიმე სტატიის ავტორი ასევე ცდილობდა, ევარაუდა, თუ რა მოხდებოდა რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში.
საერთოდ, შეუძლია რუსეთს გაიმარჯვოს?
გააჩნია, რა იგულისხმება გამარჯვებაში. თუმცა, გამორიცხული არაფერია, - წერდა Foreign Affairs-ი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. სტატიის ავტორები, ლაიანა ფიქსი და მაიკლ კიმიჯი იხსენებენ 2015 წელს, როდესაც რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთო. აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვარაუდობდა, რომ ეს ნაბიჯი პუტინს შეიძლებოდა ძალიან ძვირად დასჯდომოდა - რუსეთის ინტერვენცია ისეთივე კატასტროფული შედეგებით დასრულდებოდა, როგორც საბჭოთა კავშირისთვის - ავღანეთში შეჭრა.
თუმცა, ასე არ მოხდა. კრემლმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დამხობას გადაარჩინა და რეგიონში უდიდესი გავლენა მოიპოვა.
ახლა იმავეს ამბობენ უკრაინაზეც - რომ საბოლოოდ ეს ომი თავად პუტინისთვის აღმოჩნდება საბედისწერო. მაგრამ, შეიძლება სხვანაირადაც მოხდეს, - წერენ ავტორები, - პუტინს გამარჯვების რამდენიმე გზა აქვს. ცხადია, მას ამისთვის უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევს, მაგრამ შესაძლოა მიღწეული ამად უღირდეს.
რუსეთი გაიმარჯვებს, თუ მოახერხებს კიევში მორჩილი მთავრობის დასმას, ქვეყნის დანაწევრებას ან უკრაინის არმიის ისე განადგურებას, რომ ხელისუფლებას დამამცირებელი ზავის დადება მოუწიოს. ნებისმიერი ეს შედეგი უკრაინას ფაქტობრივად მოგლეჯს დასავლეთიდან, - ნათქვამია სტატიაში.
ასევე ნახეთ „ეს ომი გადაწყვეტს, გაიმარჯვებს ტოტალიტარიზმი თუ ცივილიზებული სამყარო“ - თამთა გუგუშვილი ტერნოპილიდანThe Week-ში გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი, სამუელ გოლდმანი ასევე ხაზს უსვამს, რომ პუტინს შეუძლია, დარტყმები დასავლეთსაც მიაყენოს - პირველ რიგში, „ნავთობის იარაღი“ გამოიყენოს და ნავთობისა და გაზის გაზრდილი ფასებით დააზარალოს დასავლეთის ეკონომიკა. ეკონომიკური პრობლემები და ინფლაცია კი ბაიდენს თუ ოლაფ შოლცს საშინაო პრობლემებს შეუქმნის და მათ პოპულარობას ძირს გამოუთხრის.
ყველა სტატიის ავტორი თანხმდება, რომ თუ რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს მიაღწევს, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ძირეულ ძვრებს.
პუტინს შესაძლოა სხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა მიბაძონ
USA Today-ში გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი ვარაუდობს, რომ უკრაინის ომის გამარჯვებული შესაძლოა სულაც ჩინეთი, ირანი ან ჩრდილოეთი კორეა გახდნენ. მათ შეიძლება დასავლეთის დესტაბილიზაციით ისარგებლონ და თავიანთი გეგმების განხორციელება დაიწყონ.
ჩინეთმა შესაძლოა დრო იხელთოს და გააძლიეროს კონტროლი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე - რესურსებით მდიდარ რეგიონზე, რომელზე პრეტენზიას ასევე გამოთქვამენ ვიეტნამი, ფილიპინები, მალაიზია, ინდონეზია და ბრუნეი. პეკინმა ასევე შეიძლება კრემლის მაგალითით იხელმძღვანელოს და უფრო აქტიურად შეუტიოს ტაივანს.
ასევე ნახეთ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს „მტკიცე ურთიერთდახმარებას“ ჰპირდებიანირანს შეეძლება იემენში ესკალაცია მოახდინოს, სადაც ეს ქვეყანა არაპირდაპირ ეომება საუდის არაბეთს. საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმები ნავთობის ისედაც მომატებულ ფასებს კიდევ უფრო გაზრდიდა და, შედეგად, მსოფლიოს ეკონომიკას ინფლაციის კიდევ ერთი საფრთხე დაემატებოდა.
ჩრდილოეთმა კორეამ წელს უკვე მეტი რაკეტა გამოცადა, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში. არ არის გამორიცხული, რომ თუ აშშ ევროპის საქმეებში იქნება გახლართული, ფხენიანმა ეს დრო სამხრეთ კორეისა და იაპონიის დასაშინებლად გამოიყენოსო, - წერს სტატიის ავტორი.
ევროპა პერმანენტული დესტაბილიზაციის რეჟიმში იქნება
Foreign Affairs-ის სტატიის ავტორის აზრით, რუსეთის მიერ უკრაინის დამარცხება შექმნის დესტაბილიზაციისა და გაურკვევლობის უზარმაზარ ზონას. ესტონეთი, პოლონეთი, რუმინეთი თუ თურქეთი ვერასოდეს იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, ვიდრე უკრაინა ოკუპირებული იქნება. ეს კი შექმნის დინამიკას, რომლის მიხედვითაც ევროპაში წესრიგი დიდწილად სამხედრო ასპექტებით იქნება განსაზღვრული. არასამხედრო ინსტიტუტები, მაგალითად, ევროკავშირი კი შესაძლოა ფატალურად დასუსტდეს.
ასევე ნახეთ რატომ განიცდიან მარცხს ევროპელი ლიდერები რუსეთშიდაპირისპირება სხვა ფრონტებზეც გაგრძელდება
ლაიანა ფიქსისა და მაიკლ კიმიჯის პროგნოზით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას მოჰყვება პერმანენტული ეკონომიკური ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის. აშშ და ევროპა მოსკოვს სანქციებს დააკისრებენ, კრემლი ენერგოშანტაჟით უპასუხებს და კიბერთავდასხმებს გააძლიერებს.
რუსეთი ეცდება, ყველა ხერხით მოახდინოს გავლენა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე და ჩაერიოს ამ ქვეყნების არჩევნებში. ევროპაში პოლიტიკური არასტაბილურობის უკან ყოველთვის კრემლის ხელს დაინახავენ - ხან რეალურს, ხანაც კი - გამოგონილს.
პარალელურად, დასავლეთი მუდმივად იქნება დილემის წინაშე - როგორ დააწესოს სანქციები ისე, რომ მაქსიმალურად დააზიანოს კრემლი და მინიმალურად - რუსეთის მოსახლეობა. გამოცდილება ხომ გვიჩვენებს, რომ სანქციების შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა შეიძლება ავტორიტარული რეჟიმი კი არ დაასუსტოს, არამედ პირიქით - გააძლიეროს.
ეს ომი ალბათ ცუდად დასრულდება - ყველასთვის
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მოვლენების განვითარების ზემოჩამოთვლილი ვერსიები შეიძლება ხელს აძლევდეს პუტინს, მაგრამ არც რუსეთის მოსახლეობისთვის და არც ვინმე სხვისთვის სასიკეთო შედეგი ამას ვერ მოჰყვება. „უკრაინის ომს გამარჯვებული არ ეყოლება“, - წერს „ალ-ჯაზირა“ ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიის ავტორი ვარაუდობს - მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინს ალბათ ვერაფერი შეაჩერებს, რადგან ძალთა ბალანსი ახლა მის მხარესაა. აი, გრძელვადიანი შედეგების გათვლა კი შეუძლებელია - უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენება მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში ან დასავლეთში კი არ იწვევს შეშფოთებას, არამედ თავად რუსეთშიც და, როგორც ჩანს, პუტინის უახლოეს წრეებშიც კი.
„რუსეთს, უკრაინას და - მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ - მთელ ევროპას მძიმე დღეები უდგას წინ. გამარჯვებული არავინ იქნება, ყველა დამარცხდება, თუ სროლა დაიწყება და ტანკები დაიძვრება“, - წერდა ავტორი 23 თებერვალს.
24 თებერვალს სროლა დაიწყო, ტანკები დაიძრა და ავიაციამ უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო.