Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს „მტკიცე ურთიერთდახმარებას“ ჰპირდებიან


პარასკევს პეკინში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინის მოლაპარაკებები, რომელზეც მხარეებმა დაადასტურეს „მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ერთმანეთის ძირეული ინტერესების დაცვის საქმეში“.

პუტინი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა პანდემიის 2 წლის განმავლობაში უმასპინძლა. შეხვედრა ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა.

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, ერთმანეთის მხარდაჭერის გარდა, გაკრიტიკებულია აშშ და დასავლეთი და ნათქვამია, რომ „ზოგიერთი ძალა, რომლებიც მსოფლიო არენაზე უმცირესობას წარმოადგენენ, საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის დროს აგრძელებს ცალმხრივი მიდგომების დაცვას“.

ერთობლივ განცხადებაში რუსეთი „ადასტურებს, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“. ამასთან, დოკუმენტში ნახსენები არ არის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი. თავის მხრივ, ჩინეთი აცხადებს, რომ გაგებით ეკიდება და მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მიერ უსაფრთხოების გარანტიების სახით წამოყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის ნატოს გაფართოებაზე უარის თქმას.

„რუსეთ-ჩინეთის ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა აღემატება „ცივი ომისდროინდელ“ სამხედრო-პოლიტიკური კავშირს. ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობა უსაზღვროა“, - ნათქვამია პუტინ-სი ძინ პინის მოლაპარაკების შედეგების თაობაზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ამ შეხვედრის ფონია რუსეთის მიერ თავისი არმიის ასი ათასზე მეტი ჯარისკაცის გადასროლა უკრაინის საზღვართან, რაც, დასავლეთის შეშფოთების თანახმად, უკრაინაში შეჭრის წინა ეტაპია. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს და კიევსა და მის მოკავშირეებს იქით ადანაშაულებს აგრესიული გეგმების ქონაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპის კავშირმა მოამზადა „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 4 თებერვალს.

XS
SM
MD
LG