როგორ შეაყვარო თავი რუსული ტანკით - “ალტ-ინფო” რეგიონში მიდის

5 ივლისს, გადაკეტილ რუსთაველზე ერთ კაცს გამოველაპარაკე. აქციაზე თან ასე ხუთი წლის შვილი ჰყავდა წამოყვანილი, ბიჭი წინ ედგა და მამა მყარად იჭერდა მხრებით, შემთხვევით რომ არ გაქცეულიყო. მაინტერესებდა, ასეთი პატარა რატომ მოიყვანა მემარჯვენე რადიკალი ჯგუფების აქციაზე, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიოდნენ. „რა გითხრა, შვილო, მინდოდა ბავშვს სეირი ენახა, ცეკვა ენახა“. სენაკიდან ჩამოვედით, ვფიქრობდი, ეს დღესასწაულის, სიმღერისა და ცეკვის დღე იქნებოდაო. ამ საუბრიდან ათ წუთში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხელიდან ტელეფონს იმ მომენტში გამაგდებინებს, როცა ვიღებ, როგორ ურტყამენ გოგოს ჩემგან ძალიან ახლოს. ის დღე ძალიან გრძელი გამოდგა, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა კაცი, რომელიც ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავდა ჯვრიან მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდების ჯგუფისგან.

საღამოს, როდესაც თბილისის ქუჩებში უკვე დასრულებული იყო ქაოსი და ჟურნალისტებზე თავდასხმები, პარლამენტის წინ, მაშინ ჯერ კიდევ „ალტ-ინფოს“ წამყვანი, ზურაბ მახარაძე მხარდამჭერებს დაჰპირდა, რომ მალე პარტიას დააარსებდნენ. ამ საღამოდან 6 თვის თავზე დარეგისტრირდა პარტია სწორედ იმ ჯვრის სიმბოლოთი, რომელიც ივლისში აქციის მონაწილეებს მაისურებზე ჰქონდათ დაბეჭდილი. პარლამენტთან ახლაც დგას მათ მიერ დადგმული დიდი რკინის ჯვარი.

ასევე ნახეთ რისი სიმბოლოა პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი? 


ახლა „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფისებს ლამისაა, ყოველდღე ხსნის. მიუხედავად 5-6 ივნისს აღძრული საქმეებისა, მიუხედავად საერთაშორისო გამოხმაურებისა, „კონსერვატიული მოძრაობა“ საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქსა და დაბას მისწვდა. უკვე გახსნილია ოფისები რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, თელავში, ახალციხეში, ბათუმში, წალენჯიხაში, მესტიაში, ზუგდიდში… პარტია მარტის ბოლომდე სულ 85 ოფისის გახსნას გეგმავს.

რა გზა გამოიარა „კონსერვატიულმა პარტიამ” დაარსებიდან დღემდე, ვინ არიან მისი მხარდამჭერები და რა გეგმა აქვთ?

5 საკვანძო თარიღი პარტიის ჩამოყალიბების დღიდან:


20 ნოემბერი - თბილისში დაფუძნდა პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“. მისი თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, გენერალური მდივანი - გიორგი ქარდავა. მმართველ საბჭოში შევიდნენ: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია. მათ მანამდე საზოგადოება „ალტ-ინფოს“ ეთერიდან იცნობდა. „პარტიის მიზანია კონსერვატიული იდეების გავრცელება“, - წერია განცხადებაში, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივებითაც. მაგალითად, „კონსერვატიული მოძრაობა“ გეგმავს, მიმართოს პარლამენტს „პრაიდების აკრძალვაზე“. პარტიის მეორე მიმართულება რუსეთთან „პირდაპირი, უპირობო“ დიალოგია. გზავნილი ასეთია: ევროპული მომავალი საქართველოსთვის არ არსებობს, რუსეთთან მოკავშირეობა კი მისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი შანსია.

7 დეკემბერი - პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

22 დეკემბერი - 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლეს 5 ივლისის საქმეზე დაკავებული გიორგი ელისბარაშვილი, გიორგი ოძელაშვილი და ალიკ ალაზოვი. ისინი 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ. ორ დღეში პარტიამ და მისმა მომხრეებმა აქცია გამართეს და დანარჩენი დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

ასევე ნახეთ „ალტ-ინფოს“ პარტია მიზნებით რუსეთისკენ

15 იანვარი - პარტიამ პირველი რეგიონული ოფისი გახსნა ზუგდიდში.

21 იანვარი - „კონსერვატიული მოძრაობა“ ვიდეოკონფერენციას მართავს რუსეთის დუმის დეპუტატებთან. ბოლო თვის განმავლობაში ეს „ალტ-ინფოს“ ყველაზე რეიტინგული ვიდეოა - 25 ათასზე მეტი ნახვით. „ალტ-ინფოს“ წამყვანები, და ახლა უკვე პარტიის ლიდერები, ამაყობენ, რომ მოსკოვში კარგი კავშირები აქვთ.

17 თებერვალი - ჭიათურის ოფისის გახსნა

"კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი ჭიათურაში


ჭიათურაში „კონსერვატიული პარტიის“ ოფისის გახსნამდე ნახევარი საათი რჩება. თანამედროვე, ახალგარემონტებული ორსართულიანი შენობაა ნინოშვილის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში. ოთახები ცარიელია, ავეჯი - ჯერ თითქმის არ დგას. ათიოდე ადამიანი ორ გამათბობელთანაა ჩამომდგარი, გათბობა ოთახს არ ჰყოფნის. აქაა ოფისის ხელმძღვანელიც - გიორგი ლობჟანიძე, 33 წლის, ჭიათურელი ეკონომისტი, რომელიც დაახლოებით თვე-ნახევარია, რაც თბილისიდან ისევ ჭიათურაში დაბრუნდა, აქ მას ყველა იცნობს. შეკრებილებს თვალი გზისკენ უჭირავთ, პარტიის ლიდერების მოლოდინში, რომლებსაც დღეს იმერეთში „ჩამოვლა“ აქვთ, საჩხერეში, ჭიათურაში და ბოლოს, ზესტაფონში. ამასობაში ოთახი ხალხით ივსება - უმეტესად საშუალო ხნის კაცები არიან, რამდენიმე ქალი და ხუთი-ექვსი ახალგაზრდაც. სულ 30-მდე ადამიანი.


პარტიის დამფუძნებელი მდივანი გიორგი ქარდავა შენობაში შემოსვლისთანავე სათითაოდ ყველას ხელს ართმევს, ოფისსაც ათვალიერებენ. მხიარულად იღებენ ფოტოსაც - „მე გამომაჩინე კარგად“, - მეუბნება ირაკლი მარტინენკო.

შეხვედრაზე მთავარი ორატორი გიორგი ქარდავაა, როგორც ჩანს, მსგავს ყრილობებზე ძირითადად ის ლაპარაკობს, აი, ირაკლი მორგოშია, როგორც „ალტ-ინფოს“ სატელევიზიო ეთერში, ცოტას და ხმადაბლა საუბრობს.

უკრაინის შემდეგ რუსეთი საქართველოს მოუტრიალდება - შეხვედრა, რომელიც სულ საათ-ნახევარი გაგრძელდა, ძირითადად საფრთხეებზე საუბარს დაეთმო - მას [რუსეთს] ისეთი ხელისუფლება უნდა დახვდეს, რომელსაც უკვე აქვს რუსეთთან კავშირი, - ასე ახსნეს შეხვედრაზე, რატომ სჯობია „კონსერვატიული მოძრაობა“ სხვა პარტიებს.


„არ ვიცით, ხვალ რა გველოდება. ტანკის ლულა რომ გიმიზნებს, იქ ვერ იქნება ვერანაირი წინსვლა, იქ იქნება ომი, უბედურება და ყველა მშობელი შეეცდება თავისი შვილი სხვაგან გაუშვას, იმიტომ რომ უიმედობაში, სიდუხჭირეში არავინ არ ცოცხლობს… გამოსავალი ორია: პირველი, ჩვენ ახლა ყველანი იარაღს ვისხამთ და უკრაინასთან ერთად მეორე ფრონტს ვუხსნით რუსეთს. მეორე გზა, მშვიდობის, დიპლომატიის.
ჩვენს პარტიას აქვს კონკრეტული ურთიერთობები რუსეთში იმ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. ამ ურთიერთობების აღდგენის სურვილი იქაც არსებობს“.


რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეა, მაგრამ ჩვენი ეკონიმიკური წინსვლაც მის ხელშია. „კონსერვატიული მოძრაობა“ შეძლებს, რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, დევნილების დაბრუნებასა და რუსული ბაზრის გახსნაზე ესაუბროს. მთავარია, რუსეთს ხელისუფლებაში დახვდნენ.


„[თორემ რუსეთი] გაჭრის სამაჩაბლოდან კორიდორს ჯავახეთში, თან ჰუმანიტარულ კორიდორს დაარქმევს. და მორჩება საქართველო, ორად გაიყოფა. კაციშვილმა არ იცის, მერე თურქეთი რას მოიმოქმედებს აჭარის მიმართ და აზერბაიჯანი იმ ტერიტორიების მიმართ, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ“.



ეს „კონსერვატიული მოძრაობის“ მეორე დიდი გზავნილია - საქართველო ქრება, ქართველები ემიგრაციაში მიდიან, დემოგრაფიული ზრდა არ არის და არც ისე დიდი ხნის ამბავია, საქართველოსგან მხოლოდ სახელწოდება დარჩეს.

და სულ ბოლოს - თავად ჭიათურელების წუხილი. თუ აქამდე, შეკრებილები ძირითადად მდუმარედ უსმენდნენ გიორგი ქარდავას, ამ ნაწილს გამოხმაურება მოჰყვა:

„სტრატეგიული ობიექტები და რესურსები უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში. სხვანაირად, შემოსავალს კონკრეტული ბიზნესმენი იღებს, ხალხს გროშებს უხდის და თან ეს ფული ქვეყნიდან გააქვს. მარგანეცი იქნება თუ ჰესი, ყველა სტრატეგიული ობიექტი უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში, ხოლო სახელმწიფო იმისდა მიხედვით უნდა ანაწილებდეს, ვინ სად ცხოვრობს. მაგალითად, "მანგანეზიდან" შემოსავლის გადანაწილება უნდა ხდებოდეს ჭიათურელებზე“.

„ასეც იყო, ასეც იყო…“ - წამოიძახა რამდენიმე ადამიანმა.

„მონებივით ამუშავებენ ხალხს, მილიარდები გადის ქალაქიდან და ჭიათურას რჩება კიბოს დაავადებები და უბედურება“, - ამატებს ერთ-ერთი მოხუცი.

დასასრულს გიორგი ქარდავა და ირაკლი მარტინენკო ამბობენ, რომ კომუნიკაცია ხალხთან „ალტ-ინფოს“ ეთერიდან დაიწყება - ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ოფისს მიმართოს და ტელევიზიაში გამოსათქმელი წუხილი გადასცეს.

ჭიათურა, ცენტრი


მოქალაქის პრობლემას ეს როგორ გადაწყვეტს? - ვკითხე გიორგი ქარდავას შეხვედრის შემდეგ. პრობლემები ხომ, დიდი ალბათობით, სისტემურია - იმერეთში უმუშევრობის დონე საქართველოში მეხუთე ადგილზეა, საშუალო ხელფასი - 769.6 ლარი (ჯეოსტატი, 2020).

„…ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ რეზონანსული გახდეს და დააფიქროს ადგილობრივი ხელისუფლება, ან ცენტრიდან დაურეკონ და ჰკითხონ, რატომაა ხმაური ატეხილი“.

ჭიათურაში მოსახლეობის უმეტესობა ან ვაჭრობითაა დაკავებული, ან "ჯორჯიან მანგანეზში" მუშაობს.


გიორგი ქარდავამ მითხრა, რომ პარტია არ აპირებს შეხვედრას „ჯორჯიან მანგანეზთან“, ჭიათურაში ყველაზე მსხვილ დამსაქმებელთან - ინვესტორის ზეობა რომ დამთავრდეს, პარტია ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს.

რას ფიქრობს ხალხი


მოასწრებს კი „კონსერვატიული მოძრაობა“ ქვეყნის სათავეში ჩადგომას, სანამ რუსეთი უკრაინის ახალ ტერიტორიებს მიიტაცებს?
უვიზო რეჟიმზე თუ იქნება საუბარი?
- შეხვედრის შემდეგ იკითხავენ მსმენელები, რომლებიც კმაყოფილები ჩანდნენ. მოძრაობის გზავნილები მათთვის უცხო არ იყო.

ცალკე საუბარზე მხოლოდ ორი ადამიანი დამთანხმდა, მათ შორის, 48 წლის მანუჩარ გაბრიჭიძე. მანუჩარი უკვე წელიწად-ნახევარია, რაც „ალტ-ინფოს“ მაყურებელია, მათ შეხედულებებს იზიარებს: „ისტორიულად, ჩვენ ყოველთვის გვიწევდა მტრებთან საუბარი. ის ნაგავი, რაც გვაქვს ახლა ქვეყანაში, იმის ყველაზე კაი გასაღების ბაზარია რუსეთი და ეკონომიკურად მოძლიერება მხოლოდ ასე შეგვიძლია“.

მანუჩარ გაბრიჭიძე, ჭიათურის მცხოვრები, "კონსერვატიული მოძრაობის" შეხვედრაზე


მანუჩარ გაბრიჭიძეს ისიც ვკითხე, 5 ივლისის ძალადობაზე რა აზრის იყო. შეხვედრის დროს ეს დღე გიორგი ქარდავამ პარტიის სიძლიერის მაგალითად წარმოაჩინა.

მე თუ მკითხავ, მეტადაც უნდა ეცემათ ჟურნალისტები, - მითხრა მანუჩარმა გულახდილად, - არ შეიძლება, ადამიანი სპეციალურად აღიზიანო“. გული წყდებოდა, რომ იმ აქციას გამოაკლდა, თუმცა ამბობს, მე არ ვიძალადებდიო. ნათქვამი იმით შეაჯამა, რომ „კონსერვატიულ მოძრაობასაც“ „ბევრი შეცდომა მოსდის“ და არაერთი პარტია ახსოვს, რომელიც ამბიციური გეგმებით მოდიოდა. „ვნახოთ აბა, ესენი რას იზამენ“, - ასე დამემშვიდობა მანუჩარი.

“რას იზამენ” - პროგნოზი


დაახლოებით ასევე გაიხსნა ახალციხის ოფისიც, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დაესწრო. ჭიათურაში თუ „მანგანეზს“ ახსენებდნენ, ახალციხეში „კარტოფილსა“ და „კომბოსტოზე“ ლაპარაკობდნენ, სარეალიზაციო ბაზარი ორივე შემთხვევაში ისევ და ისევ რუსეთია. აქაც გახსნას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად საშუალო ასაკის.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ამომრჩეველი „არის საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა, ის 51-52%, რომელიც არჩევნებზე არ დადის და იმათი დიდი ნაწილიც, ვინც სხვადასხვა პარტიას აძლევს ხმას ნაცების წინააღმდეგ“, - მითხრა პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ. ოფისების გარემონტებაც, მორგოშიას თქმით, ხალხის დაფინანსებულია, რომელიც „ამ პარტიას 30 წელი ელოდებოდა“ და თანხებს მუდმივად ურიცხავს. პარტიული შემოწირულებებით, „კონსერვატიულ მოძრაობას“ ამ დრომდე 38 050 ლარი აქვს შეგროვებული.

ქართული ოფისების გახსნას პარტია მარტში დაასრულებს, შემდეგ გაიხსნება 10 ოფისი საზღვარგარეთ, მორგოშიას თქმით, ევროპაში, აშშ-სა და რუსეთში. ყველა ოფისი ერთნაირი სქემით იმუშავებს: წარმომადგენლები შეხვდებიან მოსახლეობას და იდეოლოგიურ მომზადებას ჩაუტარებენ დაინტერესებულებს.

ასევე ნახეთ "მიზიდულობის ცენტრი" - რას სთხოვენ რუსეთს ქართული პრორუსული ძალები 


ახლო მომავალში პარტია რუსეთში ჩასვლას გეგმავს, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გადაიწია. „დიდი შეხვედრები იგეგმება მომავალში, მათ შორის, შეიძლება პუტინთანაც“, - სიამაყით ამბობს მორგოშია.

რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელი მკვლევარი, ზაქარია თავბერიძე ეუბნება, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ პარლამენტში შევა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე წვდომას მისცემს - მათ შორის, საკანონმდებლო პროცესებზე. ხელისუფლებას აქამდე არ შეუზღუდავს „ალტ-ინფოს“ საქმიანობა, რადგან ეს ჯგუფი თავისებურად ხელსაც უწყობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას:

„მმართველი პარტიის პოლიტიკას პროდასავლური ნამდვილად ვეღარ დაერქმევა, არის იზოლაციონისტური, რომელიც კვეთაში მოდის რუსეთის ინტერესთან უფრო მეტად, ვიდრე ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან. მარკეტინგული ხრიკივით ადგებიან ხელისუფლებას - რადგან "ალტ-ინფო" უფრო პრორუსული და არადემოკრატიულია, მათ არალიბერალურ, პრორუსულ ქმედებას აბალანსებს“.

ასევე ნახეთ კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" მთელ საქართველოში მაუწყებლობის უფლება მისცა


„კონსერვატიული მოძრაობის“ წარმატების გაზომვა არჩევნებზე აღებული ხმებით, მკვლევრის აზრით, მაინც მცდარია. ძლიერი საინფორმაციო ქსელითა და ტომურ ნაციონალიზმზე დაფუძნებული გზავნილებით, ჯგუფს უკვე მოაქვს ზიანი, რომელიც ამჟამად უხილავია.

„შეიძლება საოჯახო კონფლიქტში ამოხეთქოს, შეიძლება ქუჩაში, ტრანსგენდერი ადამიანის ცემაში. ჩვენ ამ თემას ვერ ვხედავთ და არ ვსწავლობთ, რაც მცდარია“, - ამბობს ზაქარია თავბერიძე.