„ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ამ პროცესში იყვნენ ჩათრეული, ანუ გარეშე ძალები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარეშე ძალებს მიეკუთვნება საქართველოც“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ შესასრულებლად და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ქმნის ოპერატიულ შტაბს, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.
ბიბილოვის თანახმად, ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ბრძანებების შესასრულებლად“.
ასევე ნახეთ ბიბილოვი: მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვისბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფა და მზადყოფნა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები ისედაც ხშირად ხედავენ შეიარაღებული პირების მობილიზაციას და ღობეებისა და მავთულხლართების გამაგრებას, მაგალითად, 20 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში თამარ ლაფაჩი საკუთარი ხეხილის ბაღიდან ხედავდა, როგორ მიიტანეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართები და მერეთი-ქსუისის საოკუპაციო ხაზის მონაკვეთზე ახალი ღობის მშენებლობა დაიწყეს.
ასევე ნახეთ საოკუპაციო რეჟიმი ახალი ბარიერების აღმართვას განაგრძობსმერეთში გამოჩენამდე კი ჯარიაშენში მივიდნენ და ადრე გავლებული ხნულის მიმდებარედ საკმაოდ ღრმა თხრილი გააკეთეს. ხნულიდან 20 მეტრით სოფლის სასაფლაოსკენ გადაიწიეს. ადგილობრივი მოსახლეობა აგვისტოს ომის შემდეგ მიწას ყოველწლიურად კარგავს, მცოცავი ოკუპაცია კვლავაც გრძელდება.
წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების გააქტიურება, 19 იანვარს სოფელ კირბალში დაიწყო.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, რუსეთის ე.წ. მესაზღვრეები სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეებსა და ბუჩქებზე თეთრი ლენტებით ახალ ნიშნულებს აკეთებდნენ. მათი თქმით, სოფელი დამატებით რამდენიმე ჰექტარ საძოვარს და ტყის მასივს დაკარგავს. კირბალელების აზრით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალი მონიშვნებით ტერიტორიას ახალი ბორდერიზაციისთვის ამზადებენ და მომავალში შესაძლოა იქ მავთულხლართები გაავლონ.
ასევე ნახეთ სოფელ კირბალის სასაფლაოზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენკირბალის შემდეგ საოკუპაციო ძალები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევშიც გამოჩნდნენ, იქაც ხეებსა და ბუჩქებს თეთრი ლენტები შეაბეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო, დესტრუქციულ ქმედებებს განცხადებით ეხმაურება. უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. სუს-ის თანახმად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.