გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის სასაფლაოზე გამოჩნდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. ოთხი შეიარაღებული პირი, რომლებსაც თან გერმანული ნაგაზები ჰყავდათ, სოფლის სასაფლაოზე დაინახეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაიღო და ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა.
საოკუაციო ძალების წარმომადგენლები კირბალში 19 იანვარსაც გამოჩნდნენ.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, რუსეთის ე.წ. მესაზღვრეები სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეებსა და ბუჩქებზე თეთრი ლენტებით ახალ ნიშნულებს აკეთებდნენ. მათი თქმით, სოფელი დამატებით რამდენიმე ჰექტარ საძოვარს და ტყის მასივს დაკარგავს. კირბალელების აზრით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალი მონიშვნებით ტერიტორიას ახალი ბორდერიზაციისთვის ამზადებენ და მომავალში შესაძლოა იქ მავთულხლართები გაავლონ.
კირბალის შემდეგ ანტისაოკუპაციო ძალები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეჯვრისხევსა და ჯარიაშენშიც გამოჩნდნენ. მეჯვირსხევში ხეებს და ბუჩქებს თეთრი ლენტები შეაბეს, ჯარიაშენში კი ახალი თხრილები გააკეთეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო, დესტრუქციულ ქმედებებს განცხადებით ეხმაურება. უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. სუსის თანახმად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.