ჟურნალისტები ახლაც საომარი მოქმედებების არეალში არიან.
„სულ ახლახან, მარიუპოლიდან გამოსვლისას ჩავუარეთ საჯავშნო კოლონას - ცხრა APC, IFV და მოტორიზებული საზენიტო სისტემა, საპირისპირო მიმართულებით - მარიუპოლში მიემართებოდა. ცოტა ხანში იქ ჯოჯოხეთური ბრძოლა დაიწყება“, - უთხრეს ჟურნალისტებმა ვაჟა თავბერიძეს, რომელიც მათ პრაღიდან ესაუბრა.
„ბოლო 15 წუთის განმავლობაში 5-მა მობილურმა სარაკეტო სისტემამ ჩაგვიარა, აღმოსავლეთით მიემართებიან. გამოვიარეთ ქალაქი მელიტოპოლი, სადაც შუა ქალაქში ქვიშის ტომრებს და ბარიკადებს აწყობენ, როგორც ჩანს, ორმხრივი ცეცხლისთვის ემზადებიან. რომ არ ვიცოდეთ, რომ რასაც ვხედავთ, რეალობაა, შეიძლება საომარი ფილმის გადაღებებზე გეგონოს თავი“, - ამბობს რობერტ კუპერი.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება: თქვენი გადმოსახედიდან, რის მიღწევას ცდილობს ამ ეტაპზე რუსული არმია?
უილ კათკარტი: როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა მარიუპოლი საბოლოოდ ჩაიგდოს ხელში - რუსეთი ცდილობს ერთბაშად ორი პრობლემა მოაგვაროს: წყლის მიწოდების საკითხი ყირიმთან და სახმელეთო ხიდი. ამ ორი ელემენტის გარეშე ყირიმი რუსებისთვის სრულფასოვანი არ არის.
რადიო თავისუფლება: როგორია უკრაინელი სამხედროების განწყობა?
რობერტ კუპერი: გუშინ 14 საათი გავატარეთ უკრაინის ყოფილი სპეცრაზმელებისგან დაკომპლექტებულ მოხალისე ჯგუფთან - Third Strike Force. 2021 წელს დაახლოებით 200 რუსი მოკლეს და ამ 15-კაციან ჯგუფზე მოკლულების 25 პროცენტი მოდის - ეს ის ხალხია, ვისთვისაც რუსებთან ბრძოლა მთავარ მიზნად იქცა, ხალხი, ვინც იცის, როგორ უნდა მოკლას უკრაინის საზღვარზე გადმოსული მტერი. დრონების გამოყენების და დანაღმვის სპეციალისტები არიან. Сlaymore-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს აკეთებენ, თანაც ამხელები არასოდეს გვინახავს, და შემდეგ რადიოტექნოლოგიით აფეთქებენ. ეს ხალხი არავის დაინდობს და რუსებს მათი უნდა ეშინოდეთ.
უილ კათკარტი: თავად რუსები არტილერიულ დარტყმებს გააგრძელებენ, ურბანულ შეტაკებებამდე ალბათ საქმე კიდევ რამდენიმე დღე არ მივა. დაარტყამენ ალბათ ყველა დიდ ქალაქს და მათ ინფრასტრუქტურას, მაგრამ სხვა საქმეა, შეძლებენ თუ არა, უშუალოდ შევიდნენ და დაიკავონ რომელიმე მათგანი, თუნდაც იგივე მარიუპოლი. ჯერჯერობით, უკრაინის ჯარს არაფერი ეტყობა იმის, რომ დანებებას და ბოლომდე ბრძოლას არ აპირებენ, საინტერესო გამოთქმა აქვთ: „მიწას შევჭამთ და უკან არ დავიხევთო“... ეს ომი დიდი, დიდი სისხლის ფასად დაუჯდება რუსეთს, მაგრამ რად დაუჯდება უკრაინას, მხოლოდ ღმერთმა იცის...
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება: დასავლეთის რეაქციას როგორ შეაფასებდით...
უილ კათკარტი: ბოლო ოცი წელია, პუტინი იმას გვიკარნახებს, რაც უნდა, და ჩვენ, დასავლეთი, მხოლოდ ვრეაგირებთ. სანქციებიც რეაგირებაა, დასავლეთი ცდილობს, რუსეთს თავისი, ცივილიზებული სამყაროს არგუმენტებით ელაპარაკოს, პუტინს კი ერთადერთი არგუმენტი ესმის - ეს ძალაა. რასაც ვხედავთ კიდეც დღეს - მზადაა, სისხლის ფასად დაიპყროს სხვა ქვეყანა და მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცოს, თუ დასჭირდება. ვფიქრობ, აქამდე დასავლეთმა უკრაინა დააღალატა - საკმარისი არ გააკეთა მის დასაცავად - რას იზამს ახლა, ამას ყველანი მალე ვიხილავთ.