მაშინ, როცა საქართველოსთვის რუსეთი ყველაზე მსხვილ 3 სავაჭრო პარტნიორს შორის არის, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციებს საქართველოზე და რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია, - ამ საკითხზე რადიო თავისუფლება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელს, გიგა ბედინეიშვილს ესაუბრა.
ასევე ნახეთ პარლამენტარები, მინისტრები, გენერლები, ჟურნალისტები, ბანკები, კომპანიები, ტანკერები: იხილეთ სანქციების გრძელი სია რუსეთისთვისდაწესებული სანქციებით რას დაკარგავს რუსეთი?
რა სანქციებიც გამოცხადდა აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ, ძალიან დიდ დარტყმას არ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი ამას თავის კალკულაციებში ითვალისწინებდა.
რა ტიპის სანქციებს შეუძლია, რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა ჰქონდეს?
ენერგეტიკული სანქციები არის ის, რისიც ეშინია რუსეთს. მას დაახლოებით 600 მილიარდის სარეზერვო ფონდი აქვს, რაც ნავთობისა და გაზის ევროპაში გაყიდვით დააგროვა. ფაქტობრივად, იმ ფულით ბანდიტობს, რომელსაც ის იღებს ევროპიდან.
დღეს ევროპას შეუძლია, რუსული გაზის მოხმარებაზე უარი თქვას?
მე როცა ვთქვი სანქციების ამ ფორმის გამოყენება, სურვილის თქმა გამომივიდა - სწრაფად არ შეუძლია. ესეც ევროპის „ბრალია”, ნელ-ნელა „ჩამოეკიდა” რუსეთს. მაგალითად, გერმანიამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა დახურეს ბირთვული ენერგიის წყარო.
შეიძლება ახლა გაზის ის მოცულობა, რასაც იყენებს, სწრაფად ვერ შეამცირონ, მაგრამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ზე უარით შეუძლიათ რუსეთის გავლენები არ გაზარდონ.
მაშინ დღევანდელ სანქციებს რა მიზანი აქვს?
არაფერი არ არის სინამდვილეში. როცა პერსონალურ სანქციებს უწესებენ, მაგალითად, რუსეთის დუმის დეპუტატებს - ეს [ქვეყნისთვის] ეკონომიკური ზიანის მიყენება კი არ არის, არამედ იმისთვისაა, რომ თვითონ რუსები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მიმართულება არის რეჟიმის ცვლილებისკენ, მაგრამ ეს იმდენად პატარა ნაბიჯია, ნაბიჯიც არ არის.
საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია რუსეთზე და, შესაბამისად, გამოდის, რომ ამ სანქციებს არ ექნება გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც?
რუსეთი ამით არ ჩამოიქცევა, შეიძლება რუბლი [მცირედით] დაეცეს. როცა ქვეყანაში, სადაც ექსპორტს ახორციელებ, მისი ვალუტა უფასურდება, შესაბამისად, შენი ექსპორტის პოტენციალი უარესდება. რადგან ამ სანქციებს დიდი გავლენა არ ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, ჩვენს ექსპორტზეც არ აისახება.
ამ ეკონომიკური კავშირიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია რუსეთს რაიმე სახის სანქცია დაუწესოს? და რამდენად სწორი იქნება ეს გზა?
კი ვართ რუსეთზე დამოკიდებული, მაგრამ არა ისე, რომ კატასტროფული შედეგები გვქონდეს. სხვა კითხვაა, რამდენად გვაქვს სურვილი - ეს პოლიტიკური ნებაა.
სჯობს, რომ უფრო სტრატეგიულად ვიფიქროთ, რუსეთზე ჩამოკიდებული ეკონომიკა სახიფათოა. უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთში ექსპორტირება არის სარისკო საქმე - არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ეს გამოიყენოს პოლიტიკური თვალსაზრისით.
რა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, დღესვე გააკეთოს?
შეუერთდეს ყველა იმ სანქციას, რომელსაც აწესებს სხვა ქვეყანა. ეს ბევრს არ ნიშნავს არც რუსეთისთვის და არც ჩვენთვის, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. გრძელვადიან პროცესში არ უნდა ვიყოთ ენერგეტიკის კუთხით რუსეთზე დამოკიდებული.
ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში უფრო მარტივი ხომ არ არის სანქციების დაწესება, ვიდრე საქართველოსთვის, რადგან რუსეთს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პასუხი. ეს გადაწყვეტილება ხომ არ გაზრდის რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქტზე ფასს?
საერთაშორისო სანქციებს რომ საქართველო არ მიუერთდეს, ეს საერთოდ კატასტროფაა. თუ პასუხად, რუსეთი გააძვირებს პროდუქტს, სხვა გზა არაა. შეიძლება ხორბალი რუსეთიდან უფრო იაფი იყოს ჩვენთვის, გაგვიძვირდება, მაგრამ არ დავიქცევით.
სანქციებზე უარი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო ხდება რუსეთის უკანა ეზო. საქართველო ინვესტორებისთვის მომხიბვლელი ქვეყანა არ იქნება - საქართველო იქნება რუსეთზე უარესი შემთხვევა - უსამართლო ქვეყანა, პატარა ბაზრით.