აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე ეხმაურება ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მას პროგნოზირებად, სამარცხვინო აქტს უწოდებს.
„რუსეთის მისწრაფება აღიაროს ე. წ. რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“, რომლებსაც მისი მარიონეტები აკონტროლებენ, პროგნოზირებადი, სამარცხვინო აქტია. ჩვენ მათ უმკაცრესად ვგმობთ და ვდგავართ უკრაინის გვერდით, როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ვუთხარი“, - წერს ბლინკენი ტვიტერზე.
ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას, რომლის შემდეგად დაიგეგმა მათი ვაშინგტონში შეხვედრა.
ასევე ნახეთ დმიტრო კულება ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდება
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. "ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.
მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.
პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“
ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობის შესახებ ხელმოწერილ ბრძანებულებაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის დასაცავად“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავალებს, რომ შეიყვანოს ჯარი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
- გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ დაგმეს ნატომ, ევროკავშირმა და ვაშინგტონმა.
- თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი.
- სანქციები კრძალავს აშშ-ის წარმომადგენლების ახალ ინვესტიციებსა და ფინანსურ საქმიანობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიებიდან ნებისმიერი საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების აშშ-ში იმპორტს და საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტს აშშ-დან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.