რატომ მოკლა ნიკო კვარაცხელია? - ამ კითხვას ბრალდებულმა 28 თებერვალს უნდა უპასუხოს

რატომ ესროლა ნიკო კვარაცხელიას ათი ტყვია? - ამ კითხვას 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა ალეკო ჭელიძემ შესაძლოა 28 თებერვალს უპასუხოს. ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 თებერვალს, დილის თერთმეტის ნახევარზე, სწორედ მკვლელობაში ბრალდებულების დაკითხვით უნდა დაიწყოს.

28 თებერვალს უნდა გადაწყდეს, დაარღვევენ თუ არა დუმილს მკვლელობიდან ხუთი თვის თავზე ბრალდებული ალეკო ჭელიძე და ბრალდებული გიორგი კავილაძე და იტყვიან თუ არა, რა იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი. ჰყავდათ თუ არა მათ დამკვეთი.

საქმის პროკურორს, გია შაიშმელაშვილს იმედი აქვს, რომ 28 თებერვალს, მკვლელობაში ბრალდებულებს როგორც ბრალდების მოწმეებს, ისე გამოკითხავს სასამართლო დარბაზში:

„შევხედოთ, დაველოდოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ბრალდებულები მოგვცემენ ჩვენებას და რაღაც ფორმით ნათელს მოჰფენენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებას“.

თუმცა, 18 თებერვალს ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ არ გამორიცხა, რომ პოზიციების შეჯერების შემდეგ, ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ უარი თქვან დაიკითხონ როგორც ბრალდების მხარის მოწმეები და ჩვენება სასამართლო დარბაზში მხოლოდ დაცვის მხარის მოწმეების სტატუსით მისცენ.

ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ ოჯახისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბრალდებულები დაიკითხებიან როგორც დაცვის მხარის მოწმეები თუ როგორც ბრალდების მხარის მოწმეები, ახლა მათთვის მთავარია, რომ ბრალდებულებმა დაარღვიონ დუმილი და თქვან, რატომ მოკლეს 15 სექტემბერს ნიკო კვარაცხელია:

„ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რა ინფორმაციის მიწოდებას აპირებენ ისინი სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის. მთავარია, დაასახელონ ის პირები, ვინც რაიმე შემხებლობაშია ამ საქმესთან და რაც ყველაზე მთავარია, დაასახელონ დამხმარეები, ორგანიზატორები და რაც კიდევ უფრო მთავარია, დაასახელონ, ვისგან მოდის ეს მკვლელობა. რა ფორმით მოხდება სასამართლო სხდომაზე მათი დაკითხვა, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.

პაატა მეხრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება აქტიურად ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს მკვლელობის დამკვეთთა გამოსავლენად. მისი თქმით, როგორც ოჯახს, ისე გამოძიებას აქვს გარკვეული ვერსიები, თუ რა გახდა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მიზეზი, თუმცა, დეტალების დაკონკრეტებისგან ის თავს იკავებს:

„ახლა მთავარია სრულყოფილი მტკიცებულებების მოპოვება და მტკიცებულებების ბაზის შექმნა, რომ ეს პირები მიეცნენ პასუხისგებაში. ნიკოს არ ჰყავდა პირადი მტრები და არ ჰყავდა გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, მის მიმართ იყვნენ შურისძიებით განწყობილნი. აქედან გამომდინარე, მომხდარია სრულიად ალოგიკური დანაშაული და ამ ალოგიკურ დანაშაულს სჭირდება ფუნდამენტური გამოძიება. არსებობს გარკვეული ვერსიები, მაგრამ ამაზე ღიად საუბარი ნამდვილად არ იქნება მიზანშეწონილი და ვერ დავაზიანებ გამოძიების ინტერესებს“.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ამ ხუთი თვის განმავლობაში რამდენიმე სახელი და გვარი გამოჩნდა. ამ სახელებსა და გვარებს მიღმა მოიაზრებიან ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა დაუკვეთეს და ასევე ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, ერთი მხრივ, ბრალდებულებს ეხმარებოდნენ მკვლელობის ორგანიზებაში, მეორე მხრივ კი მათ თითქმის სამი კვირის განმავლობაში, მიმალვაში ეხმარებოდნენ.

ერთ-ერთი ასეთი სახელი და გვარი, რომელიც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში თავიდანვე გამოჩნდა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი, ბუსა ჟვანიაა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მკვლელობიდან დაახლოებით ერთ საათში, ბრალდებულებმა სწორედ ბუსა ჟვანიას ტელეფონზე განახორციელეს ზარი. საქმის მასალების თანახმადვე, მკვლელობაში ბრალდებულები, აგვისტოს მიწურულს ბუსა ჟვანიას კუთვნილი მანქანით იმყოფებოდნენ სომხეთში.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირი მისი სახელის გამოჩენისთანავე უარყო ბუსა ჟვანიამ და მან სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

დაკითხა თუ არა ბუსა ჟვანია გამოძიებამ, ამ კითხვას საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი არ პასუხობს. ნიკო კვარაცხელიას საქმეში არსებულ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს:

„ძალიან გთხოვთ, ვიდრე არ გვექნება შემაჯამებელი განაჩენი და ვიდრე სასამართლოში მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, ვერ გაგცემთ პასუხს“.

18 თებერვალს, სასამართლო სხდომათა დარბაზში, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი ახალი სახელი და გვარი გამოჩნდა, ნიკოლოზ ფეიქრიშვილი. გამოძიებამ სწორედ მისი და მკვლელობაში ბრალდებულების, ალეკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის და ასევე მოკლული ნიკოლოზ კვარაცხელიას შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერი, სატელეფონო ანძების მიერ დაფიქსირებული მოქმედებები და ასევე ე.წ. ინტერნეტ-ტრაფიკი გამოითხოვა კომპანია „მაგთიკომის“ სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დეპარტამენტისგან.

ოჯახის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის ინფორმაციით, ნიკოლოზ ფეიქრიშვილი ალეკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ახლო მეგობარია და მათ ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მისივე ინფორმაციით, ნიკოლოზ ფეიქრიშვილი გამოძიების მიერ გამოკითხულია:

„იმედი მაქვს, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც გააგრძელებს მუშაობას და დაადგენს, რა როლი და მონაწილეობა აქვს მიღებული ამ საქმეში“.

როგორც სხვა სახელებისა და გვარების შემთხვევაში, საქმის პროკურორი არც ნიკოლოზ ფეიქრიშვილის შესახებ საუბრობს ჟურნალისტებთან და ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, ამ ეტაპზე, კომენტარს ვერ გააკეთებს:

„ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ძირითადი საქმიდან ცალკე გამოყოფილია დამატებით სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხება იმ გარემოებების დადგენას, მონაწილეობდა თუ არა ვინმე, რაიმე ფორმით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში და უნდა მოხდეს ამ პირების იდენტიფიკაცია. თქვენს მიერ ახლა დასმული კითხვებით, როდესაც ითხოვთ კონკრეტული გვარებისა და სახელების დასახელებას და შესაბამისად, მათი მონაწილეობის ხარისხს საქმეში, ეს დააზიანებს გამოძიების ინტერესებს და შესაბამისად, ვერ გიპასუხებთ. ვის მიმართ, რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა განხორციელდეს ან მათ სტატუსთან მიმართებაში ვერაფერს გეტყვით. ჯერ მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც შეიკრიბება სათანადო ინფორმაცია, ბუნებრივია, სათანადო რეაგირება ექნება გამოძიებას“.

ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც მედიაში აქტიურად ვრცელდება, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ნიკოს მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით დაიგეგმა. შურისძიება უკავშირდება 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა, გურამ და დავით კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

გამოიკითხნენ თუ არა გურამ და დავით კაკულიები, ამ კითხვას საქმის პროკურორი ისევ და ისევ გამოძიების ინტერესების საბაბით, არ პასუხობს. რაც შეეხება კითხვას, მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, სომხეთში, ის გვპასუხობს:

„ყველგან მიმდინარეობს გამოძიება, სადაც კი შესაძლებელია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. სწორად გამიგეთ, კონკრეტულად არ შეიძლება ამის თქმა, ეს დააზიანებს გამოძიების ინტერესებს“.

18 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, კომპანია „მაგთიკომის“ სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ჯიღაური გამოიკითხა. ბრალდების მხარემ კომპანიისგან გამოითხოვა საქმის ბრალდებულების, მათი მეგობრისა და მოკლული ნიკო კვარაცხელიას შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ანძების მიერ დაფიქსირებული მოქმედებებისა და ინტერნეტ-ტრაფიკის შესახებ ინფორმაცია.

გამოთხოვილი ინფორმაციით, ბრალდების მხარეს სურდა დაემტკიცებინა, რომ ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ჯგუფურად დაგეგმეს და განახორციელეს.

ალეკო ჭელიძის ადვოკატის, ონისე მარგიანის კითხვაზე, „თეორიულად და თუნდაც პრაქტიკულად, როდესაც ორი სხვადასხვა ნომერი ხუთი საათის განმავლობაში ფიქსირდება ერთი და იმავე ანძებზე, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს ორი ნომერი, სავარაუდოდ, ერთ ტერიტორიაზე, ერთ ლოკაციაზე, ერთად იმყოფება?“, მოწმე მიხეილ ჯიღაური პასუხობს:

„იცით რა, ძალიან რთულია ამის თქმა. ჩვენ ვარაუდის დონეზე ვერ ვისაუბრებთ. კომპანია პრინციპულად ვერ განსაზღვრავს აბონენტის კონკრეტულ, წერტილოვან გეოლოკაციას. შესაბამისად, იმისი თქმა რომ აბონენტებს, ვინაიდან ერთი და იგივე ანძები ფარავს კონკრეტული დროის განმავლობაში, ისინი გინდა თუ არა ერთად იყვნენ ან არ იყვნენ, ამის თქმა კომპანიის მხრიდან შეუძლებელია“.

სხდომიდან გამოსული ადვოკატი ონისე მარგიანი დარწმუნებულია, რომ „მაგთიკომის“ წარმომადგენლის ეს ჩვენება სასამართლოს მიერ არ იქნება გამოყენებული როგორც ჯგუფური დანაშაულის მტკიცებულება.

განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხზე პროკურორ გია შაიშმელაშვილს:

„მიღებული ინფორმაცია ადასტურებს ბრალდებულების მარშრუტებს და მიმართულებას, გარდაცვლილის ადგილსამყოფელს უკანსკნელი ხუთი დღის განმავლობაში. ჯგუფურ დანაშაულს ადასტურებს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია საქმეში. არა მხოლოდ ეს, არამედ ძალიან ბევრი სხვა მტკიცებულებაც“.

ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) ჩადენილ დანაშაულს ედავება.

ბრალდებულები თავს მხოლოდ ნაწილობრივ ცნობენ დამნაშავედ. ისინი გამორიცხავენ ჯგუფურ მკვლელობას. ალეკო ჭელიძე ამბობს, რომ დანაშაული მხოლოდ მისი ჩადენილია და მას თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძესთვის მიუღებელია მეორე ბრალდებაც, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაც.

რაც შეეხება მკვლელობის იარაღს. ის საქმეში არ დევს. გამოძიებამ ამ დრომდე ვერ მიაგნო ცეცხლსასროლ იარაღს, რომელითაც ნიკო კვარაცხელია მოკლეს:

„სად იყიდეს იარაღი და შემდეგ სად წაიღეს ის, ეს თავად ბრალდებულებმა უნდა თქვან მომავალ პროცესზე... არ დევს საქმის მასალებში, მტკვარში გადააგდეს... ალბათ... როგორც ხდება ხოლმე, მტკვარში რომ გადააგდებენ ხოლმე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია შაიშმელაშვილმა.

"მკვლელებზე უარესები ხართ" - ამ შეძახილებით გააცილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ახლობლებმა ბრალდებულების ადვოკატები.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.

მკვლელობაში ბრალდებულები, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.

ასევე ნახეთ დაარღვევენ თუ არა დუმილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები?