იყო "შავი სიები" და აკრძალული თემები - რატომ გაქრა "ახალი კვირა" მაუწყებლის ეთერიდან

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში თვეზე მეტია აღარ გადის საკვირაო გადაცემა „ახალი კვირა”. კვირის შემაჯამებელი, პოლიტიკურ-სოციალური შინაარსის გადაცემა შეუმჩნევლად, სარედაქციო ჯგუფის და არხის ხელმძღვანელობის ახსნა-განმარტების გარეშე გაქრა ეთერიდან. 

პრორუსული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” და მედიაორგანიზაცია „ალტ-ინფოს” დამფუძნებლები გადაცემის დახურვას საკუთარ გამარჯვებად აფასებენ.

„სეზონის ბოლო გადაცემა ეთერში 2021 წლის 28 დეკემბერს გავიდა. ამ გადაცემის მერე თათბირი ჩაგვიტარეს და გვითხრეს, რომ მე აღარ ვარ გადაცემის წამყვანი და გადაცემა არსებული ფორმატით ჩერდება. არ ვიცი, რა ფორმატი იქნება, როგორ იქნება. გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა დამთავრდეს და არხმა გვითხრას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საკვირაო გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ. მისი თქმით, რეორგანიზაცია მხოლოდ მის გადაცემას შეეხო.

იმედა დარსალიას თქმით, საკვირაო გადაცემას არხზე სხვა გადაცემებთან შედარებით მაღალი რეიტინგი ჰქონდა. გადაცემის ღირსებებს ხედავდა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოც, რასაც ადასტურებს პარლამენტისთვის 16 თებერვალს წარდგენილი ანგარიშიც, სადაც „ახალი კვირა” ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად არის მოხსენებული.

„[არხის ხელმძღვანელობასთან] ვიკითხეთ, [კონკრეტულად] რატომ მოხდა გადაცემის შეჩერება და არსებულ ფორმატზე უარის თქმა, მაგრამ პასუხები ვერ მივიღეთ”, - ამბობს იმედა დარსალია და დაბეჯითებით ირწმუნება, რომ მისი გადაცემის გაუქმების გადაწყვეტილების უკან „ტოპ-მენეჯმენტი” არ დგას და ვარაუდობს, რომ ეს შუა რგოლის მმართველების ინიციატივა იყო.

„ახალი კვირის” დახურვის შესახებ ინფორმაციას არც სამეურვეო საბჭოს წევრები ფლობდნენ. მათ იმედი აქვთ, რომ „ქვედა რგოლის მენეჯმენტის არასწორ გადაწყვეტილებას” სამეურვეო საბჭო და არხის დირექტორი არ დათანხმდებიან და გადაცემაც კვლავ გავა ეთერში.

„მე ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია ამ გადაცემის შეწყვეტის შესახებ, მქონდა კომუნიკაცია არხის დირექტორთან, რომელმაც მითხრა, რომ შეჩერების მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ რეორგანიზაცია და რომ გადაცემა გაზაფხულიდან ისევ გავა ეთერში. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ "ახალი კვირა" ნამდვილად არის ერთ-ერთი წარმატებული გადაცემა”, - გვითხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ირინა ფუტკარაძემ. ის გადაცემის ბედით 16 თებერვალს დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ანგარიშის წარდგენაზე მისულს სხვა არხის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ დაიხურა „ახალი კვირა”.

გადაცემის წამყვანთან, ჟურნალისტებსა და რედაქტორებთან ტელევიზიას შრომითი ხელშეკრულება არ გაუწყვეტია.

„ახალი კვირის” გუნდის ერთ-ერთი წევრი, ვინაობის გაუთქმელობის პირობით, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ გადაცემის შეჩერების გადაწყვეტილება შესაძლებელია რამდენიმე კრიტიკული სიუჟეტის შინაარსით იყოს განპირობებული. მათგან ერთი ეხებოდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, მეორე “ალტ-ინფოს” საშიშ იდეოლოგიას, მესამე კი, სუს-ის საიდუმლო ფაილებს, რომლებმაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან 2021 წლის სექტემბერში გამოჟონა.

„ჩემს უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, რომლის ინტერესის მთავარი სფერო უნდა იყოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და არა ჩემი და თქვენი პირადი ცხოვრება… ეს კი საქართველოს გენერალური პროკურატურაა, უწყება, რომელიც კანონების ზუსტი დაცვისთვის უმაღლეს ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს… აქ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის პირადი ცხოვრება უფრო მეტად ყოფილიყო დაცული…სამივე უწყებას [სუს-ი, გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური] პოლიტიკური ნეიტრალიტეტი კანონით ევალება, მათ მინიმუმ კეთილსინდისიერად უნდა ემუშავათ, რომ 12 სექტემბერს მედიაორგანიზაციებს არ მიეღოთ საიტის ბმული სათაურით "სუს-ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ"”, - ამბობდა „ახალი კვირის“ ჟურნალისტი საიდუმლო ფაილებზე მომზადებულ სიუჟეტში. მისი ტექსტი წინააღმდეგობაში მოდიოდა მანამდე არხის გაცხადებულ პოზიციასთან, რომ თავს შეიკავებდნენ ამ ფაილების შინაარსსა და მასში მოხსენებულ კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან.

წყარო „პირველი არხიდან“ რადიო თავისუფლებას უყვება, რომ არხის ხელმძღვანელობა იმედა დარსალიას ეთერში წამყვანად დაბრუნებას აღარ გეგმავს, იმ ჟურნალისტებს კი, რომლებიც „ახალ კვირაზე” მუშაობდნენ, ახალი ამბების რედაქციაში გადაიყვანენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „გამოგონილ ამბებზე კომენტირებას” არ პირებს, გადაცემა ჯერ დახურული არ არის და განიხილება ყველაფერი, ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ფორმატის ცვლილებისას. რა გახდა ფორმატის ცვლილების მიზეზი და რა ბედი ელით გაჩერებული გადაცემის წამყვანსა და მის გუნდს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მან არ ისურვა.

„პირობას გაძლევთ, მაგ პროფესიით ვერ გააგრძელებთ მოღვაწეობას”, „როგორი სიუჟეტებიც არ უნდა მოამზადოთ, ხალხს ფეხზე კიდიხართ, თქვენი დაზოგვა არ იქნება!”, „საზოგადოებრივ მაუწყებელს სიურპრიზებს ვპირდებით”, „პრობლემა ის კი არაა, რომ ლიბერალური დიქტატურის ნაწილი ხართ, პრობლემა ისაა, რომ თქვენ ჩვენი ფულით ფინანსდებით. არაფერი კავშირი თქვენ საზოგადოებრივ აზრთან არ გაქვთ, ერთი ჩვეულებრივი ანტიეკლესიური და ანტიქართული არხი ხართ. ძალიან მალე მოვიცლით თქვენთვის!” - ეს არის ფრაგმენტები იმ მუქარიდან, რომლითაც გამოეხმაურა კონსერვატორული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია „ახალი კვირის” ეთერში 28 ნოემბერს გასულ სიუჟეტს „ალტ-ინფოს სახიფათო იდეოლოგიის” შესახებ.

ასევე ნახეთ "ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი თვალებს მთხრიდა. 7 თვე გავიდა, დღემდე ვმკურნალობ" - 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი სასამართლოს ჩვენებას აძლევს

ამ სიუჟეტის ეთერში გასვლიდან ერთ თვეში, 24 დეკემბერს, „კონსერვატიული მოძრაობის“ აქციაზე, სადაც ისინი 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, სიტყვიერი თავდასხმის მსხვერპლი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე. აქციის მონაწილეებმა იგი ალყაში მოაქციეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით ჟურნალისტის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა.

„ეს ის ჟურნალისტია, მეგობრებო, მკვლელებს რომ გვეძახის ჩვენ, ანტივაქსერებს და პუტინის აგენტებს”, „შენ ხარ გაბანძებული ჟურნალისტი”, - ისმის ჟურნალისტზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ინტერნეტში ამაყად გაავრცელეს თავად თავდამსხმელებმა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე არ გამოხმაურებია მომხდარს.

„დარსალია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად მგონი ნატო და ამერიკა უყვარს. ამ გადაცემის ერთ-ერთი სახეა ქეთი თუთბერიძე, ვინც ვარდოსანიძეს [ბექა ვარდოსანიძე, კონსერვატორი ბლოგერი, რომელიც 24 დეკემბერს ქეთი თუთბერიძეზე თავდამსხმელთა შორის იყო] უჩივის. ქეთი არის ამერიკის და ბრიტანეთის საელჩოებთან დაახლოებული ჟურნალისტი, მათი არაერთი სტიპენდიის მფლობელი და ეს მის სიუჟეტებშიც კარგად ჩანს. ის, რომ გადაცემა დაშალეს და დარსალია წამყვანი აღარ იქნება, ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კონსერვატორებს გარკვეულწილად მაინც ანგარიშს გვიწევს. გილოცავთ!” - ასე ზეიმობდნენ „ალტ-ინფოს” ჯგუფში საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის შეჩერებას „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერები 16 თებერვალს. ამ ჯგუფებში პირველი შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე გააჩერა „პირველმა არხმა“ გადაცემა, იანვრის დასაწყისში გამოჩნდა. თუკი დავუშვებთ იმას, რომ „ახალი კვირა” „კონსერვატიული მოძრაობის“ მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა, მნიშვნელოვანი იქნება იმის გახსენებაც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ ანგარიშს უწევს: 2021 წლის დეკემბერში, არხმა პირდაპირი ეთერი საქართველოს დემოგრაფიული ინიციატივის ერთ-ერთ დამფუძნებელს, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრს, ანტივაქსერული განწყობებით გამორჩეულ ზვიად ტომარაძეს დაუთმო.

17 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმედა დარსალია ამბობდა, რომ არ უნდა დაიჯეროს, რომ მისი გადაცემა „ალტ-ინფოს“ მუქარის გამო დახურეს, ასევე თავი შეიკავა სარედაქციო გადაწყვეტილებაში ჩარევაზე საუბრისაგან, თუმცა დღის დღის მეორე ნახევარში ღიად თქვა „ტვ პირველის“ ეთერში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებობდა რესპონდენტების ე.წ. შავი სია და აკრძალული თემები.

„ალტ-ინფო" ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც არ მინდა დავაკავშირო, თუმცა ძალიან ცუდად დაემთხვა ერთმანეთს "ალტ-ინფოს" ლიდერების მუქარები და გადაცემის დახურვა. მოდით, უფრო სერიოზულ პრობლემებზე ვისაუბროთ. გადაცემას ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ცენზურასთან სერიოზული პრობლემა. ამას ჟურნალისტები დაგიდასტურებენ.

ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ყველა რგოლთან მემუშავა, რომ პრობლემები მომეგვარებინა. ეს არის კვირის მთავარი ანალიტიკური გადაცემა და გამორიცხულია ნებისმიერი თემის დაბლოკვა.

წლების განმავლობაში ვცდილობდი მენეჯმენტთან ამ პრობლემების მოგვარებას, მაგრამ საბოლოოდ მივიღე ის, რომ გამიშვეს ეთერიდან და გადაცემას ფორმატი შეუცვალეს. იყო თემების დაბლოკვის მცდელობები და გუნდი, თითქმის ყოველთვის, ვახერხებდით ობიექტურად და სამართლიანად გაგვეშუქებინა თემები.

ესაა მთავარი პრობლემა და არა "ალტ-ინფო". ვისაუბროთ ცენზურაზე და სარედაქციო პოლიტიკაზე. სხვადასხვა მიმართულებით იბლოკებოდა თემები.

იყო შავი სიები, ამას პირველად ვამბობ თქვენს ეთერში. სასამართლომდე მივალთ ჩვენ და იქ ვისაუბრებ ყველა დეტალზე. შავი სიები ნიშნავს, ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა. ეს პრობლემები ერთი პერიოდი მოვაგვარეთ არხის დირექტორის ჩარევით.

ორი წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში პოლიტიკა ოფიციალურად იყო აკრძალული, თუმცა არხის დირექტორთან მოლაპარაკებით პოლიტიკა და სხვა პრობლემური საკითხები ეთერს დაუბრუნდა, ეს იყო მცირე, მაგრამ კარგი პერიოდი "ახალი კვირის" გუნდისთვის. მეტ-ნაკლებად გვიწევდა ბრძოლა კრიტიკული თემის ეთერში გასასვლელად”, - თქვა იმედა დარსალიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

„მნიშვნელოვანია, პროცესები იყოს გამჭვირვალე და არხის მენეჯმენტმა გააკეთოს განცხადება და განმარტოს მიზეზები, რატომ მიიღო გადაცემის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება და რატომ აღარ გადის ეთერში "იმედის კვირა". მათი განმარტების გარეშე რთულია იმის გამოცნობა, რატომ გაჩერდა გადაცემა, თუმცა საგულისხმოა, რომ "ალტ-ინფო" მანამ საუბრობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში მათ გავლენებზე, სანამ ფართო საზოგადოება გაიგებდა გადაცემის დახურვის ამბავს. გარეშე აქტორები არ უნდა წყვეტდნენ, მაუწყებელში რა თემები უნდა გაშუქდეს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარემ, მარიამ გოგოსაშვილმა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც განცხადება გაჩერებული გადაცემის შესახებ 17 თებერვალს, დღის ბოლოს გააკეთა: „ჩვენ ვისმენთ და ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას”, - წერია განცხადებაში, სადაც „ახალი კვირის” შეჩერების მიზეზებზე არაფერია ნათქვამი და დისკუსია არხის სარედაქციო პოლიტიკის შესახებ რეპუტაციის შემლახავ, მიზანმიმართულ კამპანიად არის შეფასებული.

„ის ბრალდებები, რომლის ტირაჟირებაც ხდება, სრულიად უსაფუძვლო და საგანგაშოა, რადგან საქმე ეხება სარედაქციო პრინციპების დარღვევის ბრალდებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოლო წლების ფუნდამენტური მონაპოვარია.

საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმიანობს მრავალი ღირსეული პროფესიონალი, ვისთვისაც, თმენის ვალდებულების მიუხედავად, კატეგორიულად მიუღებელია წარმოებული კამპანიის შინაარსი და არავინ დაუშვებს მათ პროფესიულ საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეშ ჩარევას”, - ასეთია საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი მის მიმართ დასმულ კითხვებზე.

2018 წელს, როცა „ახალი კვირა“ ეთერს იწყებდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემის წამყვანი ამბობდა, რომ მის გუნდს ჰქონდა პრეტენზია, მაყურებლისთვის პროფესიონალურად მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟები შეეთავაზებინა.

2011 წელს, იმედა დარსალია იყო „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი.