პარტია „ლელო“-ს გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან ილაპარაკა.
„თხოვნა იყო, რომ გადავდოთო. აქაც რეგლამენტია წასაკითხი და ვერ გადაიდება, იმიტომ რომ წერია „დაუყოვნებლივ“ რეგლამენტში, კონსტიტუციასა და ყველგან. პარლამენტი მანამდე ვერ განიხილავს სხვა საკითხს, ვიდრე უფლებამოსილების საკითხს არ განიხილავს. ანუ ვერ გადავდებთ, ერთი იურიდიული დეტალი ეს არის“, - განმარტა მდინარაძემ.
დეპუტატი აცხადებს, რომ მის გაკვირვებას იწვევს მეორე საკითხიც. „განაჩენდამდგარი ადამიანის მიმართ (არ შევდივარ განხილვაში, კარგია თუ ცუდი), თურმე, ეს არ უნდა იყოს საფუძველი [მანდატის შეწყვეტის] და უნდა იყოს გაცდენები. მართლა მიკვირს, გულწრფელად გეუბნებით“, - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ ზოგი არგუმენტის თანახმად, პარლამენტმა უნდა დაიწყოს ბადრი ჯაფარიძისთვის გამოტანილი განაჩენის განხილვა. „კვაზი სასამართლოს ფუნქცია უნდა ვიკისროთ საკუთარ თავზეო“, - შენიშნა მან. მამუკა მდინარაძემ დაამატა: „თუ ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს, რომ ამ გაცდენების გამო ადამიანს ვუშვებთ პარლამენტიდან, დანაშაულის დამტკიცების (თუნდაც ხანდაზმულის), უნდა გავუშვათ თუ არა? საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კი“.
მდინარაძე ადასტურებს, რომ ბადრი ჯაფარიძე კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა აცხადებს, რომ „კვაზი სასამართლოს ფუნქციას ვერ შეასრულებს [პარლამენტი]“.
დღეს, 15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეჩერების საკითხი განიხილება. "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია, თქვა, რომ მათ უფლებამოსილებას შეუწყვეტენ.
ასევე ნახეთ ბადრი ჯაფარიძე: ეს დარბაზი მაქვს აოხრებული ნანახი... მაშინ გადატრიალების დროს შემიწყდა უფლებამოსილება"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საკითხის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. თბილისის საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში, თუმცა სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.