"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარისა და პარლამენტში პარტიის ერთადერთი წარმომადგენლის, შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ნათელაშვილმა 70 სხდომიდან 70-ვე გააცდინა, მისი ყოფნა პარლამენტში ამომრჩეველს უნდა.
"შალვა ნათელაშვილს რაც შეეხება, ჩვენი, პარლამენტის დეპუტატების გასარჩევი არ არის, როგორი იქნება დეპუტატი - კარგია თუ ცუდი. ბატონი შალვა ნათელაშვილი, რაც თავი მახსოვს, სულ ასეთია, მაგრამ ქართველი ხალხი მას საქართველოს პარლამენტში რაღაც მიზნით უშვებს, არ ვიცით, რა მიზანია. მე, ვისაც ეს არ გამიკეთებია, შალვა ნათელაშვილი არ შემომიყვანია პარლამენტში, მისი აქედან გაშვების უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ, თუმცა მესმის თქვენი არგუმენტიც, რომ 70 სხდომიდან 70-ვე გაცდენილი აქვს", - თქვა ხვიჩიამ.
დღეს, 15 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეჩერების საკითხი განიხილება. "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია, თქვა, რომ მათ უფლებამოსილებას შეუწყვეტენ.
ასევე ნახეთ კომიტეტი თანახმაა ნათელაშვილს, ხოშტარიას, ჯაფარიძესა და კუჭავას პარლამენტის მანდატი შეუჩერდეთ