შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მანდატების დათმობისკენ მოუწოდებს

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატების დათმობისკენ მოუწოდებს. "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში შალვა ნათელაშვილი დეპუტატებს მიმართავს, ხვალ განცხადება დაწერონ "ქართული ოცნების" სახელზე და უარი თქვან მანდატებზე, რადგან "ამას ითხოვს სამშობლო და მომავალი" მათგან. შალვა ნათელაშვილის ამ განცხადების ფონია პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხი, რაც 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის კენჭისყრას ითვალისწინებს.

ვინც არის დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში და არ უნდა ერთი სეზონის მოვლენად ჩაიწეროს ისტორიაში, ხვალ დილით საპარლამენტო უმრავლესობის ქოცხროვას მაგიდაზე დაახვედრონ განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე. ამას ითხოვს სამშობლო და მომავალი თქვენგან მეგობრებო. ნახავთ როგორ ყველაფერი მომენტალურად შეიცვლება. ჩემით არ დამთავრდება ეს მეგობრებო, გაგრძელდება თქვენით და დაგვირგვინდება ქვეყნით. მალე ცვლილებებზეც უარს გეტყვიან და იმ ბარიერსაც დატოვებენ რაც პოლიტიკის თავო ჩემო იქნება საბოლოოდ", - წერს შალვა ნათელაშვილი.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ და "ლელოს" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდეს, კენჭისყრაზე ან არ დააყენონ, ან დაყენების შემთხვევაში მხარი არ დაუჭირონ დეპუტატების, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

10 თებერვალს, მას შემდეგ რაც პარლამენტს უკვე დაწყებული ჰქონდა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტი პროცედურა, მან განაცხადა, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, დეპუტატად არჩევიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ, საქმიანობის დაწყებას აპირებდა.

ასევე ნახეთ შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შედის
ასევე ნახეთ კოლეგებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭიროთ! - ოპოზიცია უმრავლესობას მიმართავს

14 თებერვალს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიას გააცნო გადაწყვეტილება, რომლითაც „ოცნება" იხელმძღვანელებს ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის კენჭისყრაზე. როგორც მდინარაძე აცხადებს, „ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის, „ლელო"-ს გენერალურ მდივან ბადრი ჯაფარიძისთვის და „დროა"-ს ლიდერ ელენე ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.

ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატების შეჩერების საფუძვლად სახელდება გაცდენები არასაპატიო მიზეზით, ხოლო დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს მანდატის დაკარგვა სასამართლოს ხმაურიანი და სადავო განაჩენის გამო ემუქრება.

2022 წლის 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, ხოლო ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი - ამავე დანაშაულში დახმარებისთვის. მოსამართლემ სამივეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა. ამასთან, პროკურატურის მიერ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს წარდგენილი ჰქონდა არა თაღლითობის, არამედ უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის(ე.წ. ფულის გათეთრება), ხოლო წერეთელს ამ დანაშაულში დახმარების ბრალდება.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცავს მრავალ სამართლებრივ ხარვეზს, რაც მის აშკარა უკანონობაზე მეტყველებს. იურისტები რამდენიმე კონკრეტულ ხარვეზზე მიუთითებენ:

  • მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა იმ ბრალდებაზე, რომელზეც პროკურატურას ოფიციალურად უარი აქვს ნათქვამი;
  • გამამტყუნებელი განაჩენი ეწინააღმდეგება განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის პრინციპს;
  • ფულის გათეთრებიდან თაღლითობაზე ქმედების გადაკვალიფიცირებით დაირღვა ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპი და ბრალდებულის საპროცესო უფლებები;
  • დაირღვა სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი და მხარეებს არ მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ მოსაზრებები სასჯელის ზომასთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხება სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.