პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ და "ლელოს" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდეს, კენჭისყრაზე ან არ დააყენონ, ან დაყენების შემთხვევაში მხარი არ დაუჭირონ დეპუტატების, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
„დღეს არ გაიტანოთ და რეალურად შეხედეთ, როგორც საქართველოს დემოკრატიისთვის ძალიან მძიმე დარტყმას. იმ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ვგულისხმობ, ბატონ ბადრი ჯაფარიძე და ბატონ შალვა ნათელაშვილს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებმა მიანიჭეს მანდატი. ბატონმა შალვამ განაცხადა გეგმა, ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი პარლამენტში. შესაბამისად, ბატონი ბადრი ჯაფარიძის მიმართ და შალვა ნათელაშვილის მიმართ მსგავსი ღონისძიების გატარება ნიშნავს, რომ თქვენ, როდესაც ჩვენ განცხადებები დავწერეთ და ექვსი თვე მთელი ოპოზიცია ბოიკოტში იყო და ვთხოვდით უმრავლესობას, რომ შეეწყვიტა ჩვენთვის მანდატები, მაშინ თქვენ ამის პოლიტიკური ნება არ გამოიჩინეთ, ამიტომ, ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს დემოკრატიისთვის და მოგიწოდეთ, ეს საკითხი დღეს განსახილველად არ გამოიტანოთ საქართველოს პარლამენტის სასესიო სხდომაზე, ვინაიდან „ლელოს“ და ფრაქციის თავმჯდომარეს, ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, იგივე ლეიბორისტულ პარტიას, ვინმეს მოგვწონს, არ მოგვწონს, საქართველოს მოქალაქეებმა მიანიჭეს მანდატი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, რამდენად მძიმე იქნება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ საკითხი პარლამენტის რეგლამენტითაა განსაზღვრული და ვალდებული არიან პირველ საკითხად ეს განიხილონ.
„სანამ ეს საკითხი არ განიხილება და კენჭი არ ეყრება, მანამდე ჩვენ დღის წესრიგის სხვა საკითხებზე ვერ გადავალთ, ესაა ჩვენი ვალდებულება, ამის სხვა ვარიანტი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მოხდეს ამ საკითხის განხილვა“, - შალვა პაპუაშვილის ამ პოზიციას ხატია დეკანოიძემ მოწოდებით უპასუხა, რომ საკითხს მხარი არ დაუჭირონ.
"ლელოს" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის იმპერატიული მოთხოვნის მიღმა არსებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება და კოლეგებს მოუწოდა, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ „ყველაფრით - კონსტიტუციით, კანონით, კეთილი ნებით, კეთილგონიერებით, სინდისით, ზნეობით“.
შალვა პაპუაშვილმა საკითხის შეჯამებისას თქვა, რომ დღეს არის მეათე მოწვევის პარლამენტის 70-ე სხდომა და იმ დეპუტატთაგან ორს, ვისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზეც უნდა იმსჯელონ, 70-ვე სხდომა გაცდენილი აქვს.
„ეს არის უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის, როგორიც არის პარლამენტი და ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობა. ეს საკითხი მათ თავის ამომრჩეველთან უნდა გაარკვიონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
14 თებერვალს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიას გააცნო გადაწყვეტილება, რომლითაც „ოცნება" იხელმძღვანელებს ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის კენჭისყრაზე. როგორც მდინარაძე აცხადებს, „ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის, „ლელო"-ს გენერალურ მდივან ბადრი ჯაფარიძისთვის და „დროა"-ს ლიდერ ელენე ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საფუძვლად სახელდება გაცდენები არასაპატიო მიზეზით, ხოლო დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს მანდატის დაკარგვა სასამართლოს ხმაურიანი და სადავო განაჩენის გამო ემუქრება.
2022 წლის 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, ხოლო ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი - ამავე დანაშაულში დახმარებისთვის. მოსამართლემ სამივეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა. ამასთან, პროკურატურის მიერ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს წარდგენილი ჰქონდა არა თაღლითობის, არამედ უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის(ე.წ. ფულის გათეთრება), ხოლო წერეთელს ამ დანაშაულში დახმარების ბრალდება.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცავს მრავალ სამართლებრივ ხარვეზს, რაც მის აშკარა უკანონობაზე მეტყველებს. იურისტები რამდენიმე კონკრეტულ ხარვეზზე მიუთითებენ:
- მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა იმ ბრალდებაზე, რომელზეც პროკურატურას ოფიციალურად უარი აქვს ნათქვამი;
- გამამტყუნებელი განაჩენი ეწინააღმდეგება განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის პრინციპს;
- ფულის გათეთრებიდან თაღლითობაზე ქმედების გადაკვალიფიცირებით დაირღვა ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპი და ბრალდებულის საპროცესო უფლებები;
- დაირღვა სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი და მხარეებს არ მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ მოსაზრებები სასჯელის ზომასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხება სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.