კაციტაძეს და გაგნიძეს შორის ხმები თანაბრად გაიყო - პარლამენტი ორივე მათგანს უყრის კენჭს

14 თებერვალს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ორ კანდიდატს, ემზარ გაგნიძესა და კარლო (კოკა) კაციტაძეს მოუსმინა და რადგან უმრავლესობის წევრი დეპუტატების ხმები მათ შორის თანაბრად გადანაწილდა, გადაწყდა, რომ პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან ორივე კანდიდატურას. საკომიტეტო მოსმენაზე კენჭისყრას ოპოზიცია აღარ დასწრებია.

კარლო კაციტაძემ თავისი გამოსვლისას განაცხადა, რომ ძლიერი და ეფექტური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეს ეკუთვნის, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ მისი უფლების დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო მის გვერდით იდგება.

ამ პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში კაციტაძე გეგმავს, რომ როგორც უფროსმა, დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და დაიცვას თავისი თანამშრომლები „ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან“.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე კანდიდატების მოსმენა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ის არ ხედავს როგორც დასჯის ფუნქციის მქონეს, მისი სიტყვებით, ის ჩასაფრებულ რეჟიმში კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ პირიქით, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან. მათ შორის მათთან, რომელთა თანამშრომლების საქმეებსაც იძიებს.

კარლო კაციტაძის გეგმებს შორის არის ასევე დაზარალებულთა უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება, კერძოდ, ის, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა საქმის მასალებთან და მუდმივად იყვნენ ჩართული პროცესში.

ასევე ნახეთ ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატებს შორის არის კოკა კაციტაძე

კითხვაზე, რამდენად სწორი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და გაყოფის გადაწყვეტილება, კარლო კაციტაძე ამბობს, რომ ის ამ საკითხს როგორც რეფორმას ისე უყურებს. ფიქრობს, რომ არსებობდა გარკვეული საფრთხე პერსონალურ მონაცემთა დარღვევის და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის სათანადოდ ვერგანხორციელების მხრივ:

„როცა იძიებ საქმეს, არსებობს ცდუნება დაივიწყო პერსონალური მონაცემები. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ორი ფუნქცია არ უნდა გადაიკვეთოს. ორივე უნდა იყოს ბოლომდე დამოუკიდებელი“.

სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ კარლო კაციტაძესაც იგივე კითხვა დაუსვა, რაც მის კონკურენტ ემზარ გაგნიძეს. კაციტაძის სიტყვებით, მისთვის სასამართლო სისტემის შეფასებისას მთავარი ინდიკატორი რიცხვებია.

„2012 წლამდე გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი იყო 0,1 %, დღეს კი არის 9,7% და ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში 100 საქმიდან 50-ზე საპროცესო შეთანხმება ფორმდება. ცხადია, არის პრობლემებიც და მათი გადაჭრის გზებზე უნდა იყოს საუბარი“.

კარლო კაციტაძე, ბიოგრაფია მოკლედ

დაიბადა 1986 წლის 26 აპრილს. 2007 წელს დაასრულა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.2010 წელს დაასრულა თსუ-ს სამაგისტრო პროგრამა. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. 2007-2012 წლებში მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში, შემდეგ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში. 2012 წლიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობს, ანტიკორუფციულ დეპარტამენტში. 2013-2015 წლებში იყო საქარველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველსო უფროსი.

2015-2019 წლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2019 წლიდან დღემდე არის გენპროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი. 2020 წელს მას მინიჭებული აქვს იუსტიციის უფრო მრჩევლის წოდება.

კარლო კაციტაძეს, რომელიც იყო 2012 წლამდე მომხდარი არაერთი გახმაურებული საქმის პროკურორი, ხატია დეკანოიძემ ასევე ჰკითხა, რატომ არ აიმაღლა ხმა ამ საქმეებზე 2007 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში, როცა ის პროკურატურაში მუშაობდა, რაზეც კაციტაძის პასუხი იყო, რომ მაშინ ის იყო რიგითი პროკურორი, რიგითი გამომძიებელი და არ მიუღია რაიმე უკანონო დავალება, რასაც ხმამაღლა გააპროტესტებდა.

ხატია დეკანოიძემ ორივე კანდიდატს ჰკითხა, არის თუ არა საქართველოში სასამართლო თავისუფალი

რაც შეეხება იმას, რამდენად შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ამ პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში, კაციტაძემ განაცხადა, რომ თუ ამ კითხვის გაჩენის საფუძველი მხოლოდ ის არის, რომ ის პროკურატურის თანამშრომელია, მაშინ ისიც უნდა გაიხსენოს ყველამ, რომ სახელმწიფი ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო კუთხით დღეს მომუშავე 8 მენეჯერიდან 6 სწორედ პროკურატურის ყოფილი მოხელეა.

„თავად ლონდა თოლორაიაც ყოფილი პროკურორია. თუ ამ სამსახურმა იმუშავა დამოუკიდებლად, მაშინ ჩემ მიმართ ეს ლოგიკა რატომ მუშაობს, არ მესმის. ამიტომ ეს კითხვა, ვფიქრობ, ჩემს დისკრედიტაციას უფრო ემსახურება“, - განაცხადა კარლო კაციტაძემ.

თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობა მან დადებითად შეაფასა და თქვა, რომ მას არ ჰქონია გამოძიების დროულად ჩატარების პრობლემა.

მეორე კანდიდატს, ემზარ გაგნიძეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა დიდ პასუხისმგებლობად მიაჩნია და ამბობს, რომ მისი კარიერის განმავლობაში არაერთ ისეთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ჰქონია შეხება, რომელიც ასევე იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დაქვემდებარებაშიც და შეეხებოდა სწორედ მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს - „ამ მხრივ მაქვს მდიდარი გამოცდილება“, - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ემზარ გაგნიძემ და ასევე შენიშნა, რომ მისი მიზანი ამ პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში ამ სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება იქნება.

ემზარ გაგნიძე, ბიოგრაფია მოკლედ

დაიბადა 1990 წლის 3 ივლისს. 2012 წელს დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა სამართლის ბაკალავრის აკადემიური საკითხი. 2020 წელს დაასრულა თსუ-ს სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2013 წელს ჩააბარა საადვოკატო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალობით. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატიკაზე, ასევე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სპეციალური და საქართველოს პროკურატურის სპიკერისათვის განკუთვნილი კურსები. საქართველოს პროკურატურის ორგანოებში მუშაობს 2013 წლიდან.

2013-2020 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურაში, გლდანი- ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში , შემდეგ ძველი თბილისის პროკურატურაში, შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. 2020 წლის აპრილიდან ის იყო ქუთაისის პროკურორი, ხოლო 2021 წლიდან აგვისტოდან დღემდე არის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე.

დავით მათიკაშვილის კითხვაზე, არსებობდა თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაყოფის სამართლებრივი საჭიროება, ემზარ გაგნიძემ უპასუხა, რომ სამსახურის გაყოფა არსობრივად სწორი იყო.

„როცა ერთი დიდი სამსახურის ქოლგის ქვეშ არსებობს, ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და, მეორე მხრივ, საგამოძიებო ფუნქციების მქონე სამსახური, და ამას კიდევ ემატებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ერთიან ეროვნულ ცენტრალურ ბანკში გადამოწმების და კანონიერების საკითხების შესწავლა, ვფიქრობ, ამ სამი მსგავსი დიდი მიმართულების ერთად ყოფნა არ იყო მიზანშეწონილი... წარმოვიდგინოთ, რომ მე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი, ვატარებ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, და ამ დროს, ჩემივე სამსახურის მეორე განშტოება ამოწმებს ამ მოქმედებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი გაყოფა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ უკვე სამსახურის საქმიანობა ფართოვდება და დამატებით 48 მუხლს მოიცავს“.

ემზარ გაგნიძე

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა საქართველოს მართლმსაჯულებას და, მისი აზრით, არის თუ არა საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი, კანდიდატმა უპასუხა, რომ მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი ამ საკითხის შეფასება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკითხის განხილვისას.

„ინსტიტუციის მუშაობა რომ შევაფასო, არ მგონია, ეს იყოს გამართლებული. მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, ვეთანხმებოდი თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებებს იმ საქმეებზე, სადაც მე სახელმწიფო ბრალდების მხარე ვიყავი“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის, გურამ იმნაძის კითხვაზე, რა ახსნა აქვს იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ ჰქონდა და არც ახალ საგამოძიებო სამსახურს ექნება უფლება, გამოიძიოს მაღალი რანგის მოხელეების, მათ შორის, შს მინისტრის, გენპროკურორის და სუს-ის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ემზარ გაგნიძემ უპასუხა, რომ ამ „გარდამავალ ეტაპზე“ ასეთი დიდი სამსახურების უფროსების შესაძლო დანაშაულების გამოძიება „სჯობს დარჩეს პროკურატურის უფლებამოსილებად“, თუმცა, ამავე დროს, არ გამორიცხა, რომ მომავალში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც დაექვემდებაროს სხვა მუხლები, რომლებიც სწორედ ამ პირების შესაძლო დანაშაულის საქმეების გამოძიებას მოიცავს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა სულ 22-მა კანდიდატმა მიიღო. საბოლოოდ პარლამენტს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ ეს ორი კანდიდატი წარუდგინა, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 6 წლის ვადით უნდა აირჩიოს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შეიქმნა და ამავე უწყების ბაზაზე ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც, რომლის ხელმძღვანელის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ლელა ჯანაშვილმა მოიპოვა.

ასევე ნახეთ საპარლამენტო კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი შეარჩია

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო.

ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

ასევე ნახეთ დარჩენილი საქმეები - მოასწრებს სახელმწიფო ინსპექტორი 689 საქმის შესწავლას?

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

ამ ამბავს წინ უძღოდა ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და მისი აუდიო-ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, კანონს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო და კანონიც ამოქმედდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს პარლამენტი 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე აირჩევს.