პრაღის მერი ზდენეკ ჰრჟიბი ორშაბათს სოლიდარობის ნიშნად კიევს ესტუმრება

ზდენეკ ჰრჟიბი: კიევი თავისუფალ დედაქალაქად და რეგიონში დემოკრატიის საყრდენად უნდა დარჩეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის მერი ზდენეკ ჰრჟიბი, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად, 14 თებერვალს კიევს ესტუმრება იმ ფონზე, როდესაც ჩეხეთმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ უკრაინა, რუსეთის მხრიდან არსებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის საფრთხის გამო.

ასევე ნახეთ

უკრაინის დატოვებისკენ თავიანთ მოქალაქეებს ევროკავშირის კიდევ სამმა ქვეყანამ მოუწოდა

„ეს სწორია, რომ ასეთ რთულ დროს პრაღამ და „თავისუფალი ქალაქების პაქტის“ სხვა წევრებმა უკრაინის დედაქალაქისა და მისი მოქალაქეებისადმი თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. კიევი თავისუფალ დედაქალაქად და რეგიონში დემოკრატიის საყრდენად უნდა დარჩეს“, - მოჰყავს ზდენეკ ჰრჟიბის სიტყვები რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

15 თებერვალს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და პრაღის მერი ზდენეკ ჰრჟიბი ვარშავის მერ რაფალ ტშასკოვსკის შეხვდებიან.

"თავისუფალი ქალაქების პაქტს" 2019 წელს საფუძველი ჩაუყარეს ბრატისლავის, ბუდაპეშტის, ვარშავისა და პრაღის მერებმა და ეს გაერთიანება მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვას და განვითარებას.

2021 წელს ამ პაქტს ევროპის 20-ზე მეტი ქალაქი შეუერთდა.