საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა, რომ მისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ, კორონავირუსზე PCR-ტესტი რუს ექიმებს გაეკეთებინათ და ამის გამო, კრემლში მოითხოვეს, რომ პრეზიდენტებს შორის დისტანცია სტანდარტულზე ბევრად მეტი ყოფილიყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოცვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
უკრაინის კრიზისის განსახილველად, პრეზიდენტი მაკრონი პრეზიდენტ პუტინს 7 თებერვალს შეხვდა. კრემლში შეხვედრის ამსახველ ფოტოზე ჩანს, რომ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთისგან უჩვეულოდ შორს, 4-მეტრიანი მაგიდის სხვადასხვა თავში სხედან. ვარაუდიც კი გამოითქვა, რომ ამ ფორმით პუტინმა საკუთარი პოზიცია გამოხატა.
თუმცა Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ რუსულმა მხარემ საფრანგეთის პრეზიდენტს შესთავაზა ან ადგილზე PCR-ტესტირება და პუტინთან მიახლოება, ან სტანდარტულზე მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ემანუელ მაკრონმა ტესტირებაზე უარი ითქვა, რადგან ვერ დაუშვებდნენ, რომ რუსების ხელში აღმოჩენილიყო საფრანგეთის პრეზიდენტის დნმ-ის ნიმუში.
ასევე ნახეთ კრემლმა ჟურნალისტების ვერცხლით დეზინფექციისთვის 1.4 მილიონი რუბლი დახარჯაReuters-მა კომენტარისთვის მიმართა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.
რუსეთში გამგზავრების წინ, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში გაიკეთა PCR-ტესტი, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ კი, პირადმა ექიმმა სწრაფი ტესტი გაუკეთა.