პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სენაკის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ 9 თებერვალს კანონის უგულებელყოფით ჩაატარეს „არარსებული სხდომა კვორუმის გარეშე“.
მისი სიტყვებით, სააკაშვილისა და გახარიას პარტიების წევრები მსოფლიო პრაქტიკასა და კანონმდებლობას არ აღიარებენ და მათი ქმედებების ლოგიკით, სენაკში 16 უდრის 33-ის ნახევარზე მეტს.
საუბარია სენაკის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც 9 თებერვალს გაიმართა. მას „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატიდან არცერთი არ დასწრებია. ოპოზიცია კი სრულად იყო წარმოდგენილი, ჯამში, 16 დეპუტატი. მათ გახარიას გუნდიდან საკრებულოში შესული მეოთხე წევრის ადგილმონაცვლის ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს. რის შემდეგაც ოპოზიციონერ დეპუტატთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა და 33-წევრიან საკრებულოს უმრავლესობას წარმოადგენს. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიჩნევს „ქართული ოცნება“ უკანონოდ:
„21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში. საუბარი მაქვს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხუმრობაა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაში 33 დეპუტატია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად, საკრებულოს სხდომის გახსნა - არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც შეიძლება.
ანუ მათი დათვლითა და არითმეტიკით 16 33-ის ნახევარზე მეტია. აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი პირობა ასეთია: სხდომა უფლებმოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 17 წევრი. ამის მიუხედავად, უკვე კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ კვორუმის გარეშე დაიწყეს არარსებული სხდომა და მიიღეს ე.წ. გადაწყვეტილებები: „გადააყენეს“ სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად „დანიშნეს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც მხარი გახარიას პარტიის წევრებმაც დაუჭირეს (აქამდე ნაც. მოძრაობის წევრები უჭერდნენ მხარს, ახლა უკვე პირიქით, გახარიას პარტიის წევრებმა დაუჭირეს სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელს მხარი); ასე შეწყობილად მუშაობენ უკვე. ამავე ე.წ. სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც. ერთი სიტყვით, კვორუმის გარეშე გახსნილი ე.წ. სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე, 74 ან 75 დეპუტატით, ან, მაგალითად, ორგანული კანონების მიღება ამდენივე ხმით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ასევე ნახეთ შეთანხმება წალენჯიხაში - "სახელმწიფოს დაზიანება" თუ მუშაობა ხალხისთვის?თავის მხრივ, სენაკის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა კუჭავა მიიჩნევს, რომ კანონი არ დარღვეულა და „დიდმა იურისტმა მამუკა მდინარაძემ მოიტყუა“, როცა თქვა, რომ სხდომა კვორუმის გარეშე ჩატარდა.
მისი განცხადებით, გუშინ არ ჩატარებულა ახალი სხდომა, ეს იყო 3 დეკემბერს გამართული პირველი და გადადებული სხდომის გაგრძელება, ისევე როგორც მისი წინამორბედები.
„3 დეკემბერს ამ სხდომას საკრებულოს 33-დან 32 წევრი ესწრებოდა და კვორუმი იყო. ანუ პირველი სხდომა ჯერ არ არის დახურული, რადგან სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი არ ამოიწურება, სხდომა არ იხურება“, - განმარტა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლაშა კუჭავამ.
ის ადასტურებს, რომ 9 თებერვალს საკრებულომ, სადაც 16 წევრი იმყოფებოდა, ცნო მეჩვიდმეტე ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილება, რითაც კანონი არ დარღვეულა:
„სენაკის მუნიციპალიტეტის რეგლამენტში პირდაპირ გვიწერია - იმისთვის, რომ საკრებულომ ცნოს წევრის უფლებამოსილება, საჭიროა დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლები სიის შემადგენლობის ერთი მესამედისა. ერთი მესამედი არის 12 კაცი და ჩვენ ვიყავით 16“, - განაცხადა ლაშა კუჭავამ.
ასევე ნახეთ სუბარი: ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევით გახარიას პარტიამ ენმ-თან კოალიცია გააფორმასენაკის საკრებულოს ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რათა არ ეცნოთ გახარიას გუნდიდან საკრებულოში გასული მეოთხე დეპუტატის ადგილმონაცვლის უფლებამოსილება, რადგან ამით ოპოზიცია უმრავლესობაში იქნებოდა და მარტივად გადაწყვეტდა საკრებულოს თავმჯდომარისა და დანარჩენი თანამდებობის პირების არჩევის საკითხს.
ფრაქციის "სენაკი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ედიშერ ბაღათურია განმარტავს, რომ მათ პარტიას საკრებულოში ოთხი მანდატი აქვს, თუმცა ერთმა დეპუტატმა პირადი პრობლემების გამო საკრებულო დატოვა. სწორედ მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა გაწელა დროში „ქართულმა ოცნებამ“ და არ ცხადდება სხდომებზე:
„ჩატარდა ცხრა სხდომა. ამ ცხრა სხდომიდან ბოლო შვიდს არ ესწრება „ქართული ოცნება“, რათა იმ ერთი ჩვენი წევრის უფლებამოსილება არ გვეცნო. ისინი ხელოვნურად ქმნიან კრიზისს. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეთავაზება, მოდით, დაესწარით სხდომას, მიიღეთ მონაწილეობა. ჩვენი პარტიის მხრიდან გუშინ იყო ასეთი შეთავაზებაც, რომ თუ დაესწრებით სხდომას, მხარს დავუჭერთ „ქართულ ოცნებას“ (საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე). მაგრამ არ მოვიდნენ და იძულებული გავხდით ,ასე მოვქცეულიყავით. ეს იყო ჩვენი ტაქტიკური ნაბიჯი. თუ გაასაჩივრებენ სასამართლოში და უკანონოდ მიიჩნევენ, მაშინ საკრებულო მათ ვალდებულებად დააკისრებს, რომ გამოცხადდნენ სხდომაზე და ის რაც არის ჩვენი კანონიერი უფლება, რომ წევრის უფლებამოსილება იქნეს ცნობილი, ეს პროცესი რომ აღსრულდეს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ედიშერ ბაღათურიამ.
ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ეგუება სენაკის საკრებულოში უმცირესობაში ყოფნას და ნაცვლად სხდომებზე დასწრებისა, ცდილობს, დეპუტატების „მოსყიდვით და დაშინებით“ სასურველი უმრავლესობა შეიქმნას, რაც ამ ეტაპზე არ გამოსდის.
ასევე ნახეთ გარიგება ბოროტებასთან - ბაჩანა შენგელია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას თანაგუნდელის შესაძლო არჩევაზე2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავისა და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".
აქედან წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოებში თავმჯდომარედ გახარიას გუნდის წევრები აირჩიეს. მარტვილში - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. საკრებულოს თავმჯდომარე ამ დრომდე ვერ აირჩიეს სენაკის, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებში.
ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ.
საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.