9 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ თბილისში ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთხელ მგზავრობა საშუალოდ 32 თეთრი ჯდება. მან ეს რიცხვი ოპოზიციის საპასუხოდ დაასახელა, რომელიც ქალაქის მერს დედაქალაქში პანდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 2-ჯერ გაძვირების გამო აკრიტიკებს.
1 თებერვალს შეიცვალა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა. მართალია, მგზავრობის საფასური, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ არა მგზავრობის რაოდენობას, არამედ ხანგრძლივობას დაუკავშირდა, მაგრამ ეს ტარიფი მხოლოდ მეტროსა და ავტობუსებს ეხებოდა. საფასურის გადახდის საერთო სქემაში თებერვლიდან უკვე მიკროავტობუსებიც ჩართეს და 90 წუთით მგზავრობის საფასური 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაზარდეს.
„ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან [გაძვირებასთან] დაკავშირებით. მაქსიმალურად მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ,“ - თქვა მერმა და საპირისპიროდ ასეთი არგუმენტი მოიყვანა: „საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოვიდა…”
რადიო თავისუფლებას მერიაში აუხსნეს, როგორ გამოთვალეს ეს რიცხვი. მერიამ ახალი სისტემის შემოღების შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გადახდილი საერთო თანხა მგზავრების საერთო რაოდენობაზე გაყო და გამოვიდა, რომ ერთი მგზავრობა საშუალოდ 32 თეთრი დაჯდა. საერთო რაოდენობიდან მერიას არ გამოურიცხია ის მგზავრები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური პაკეტით სარგებლობენ, მაგალითად, სტუდენტები, ან პენსიონერები, რომლებიც 90-წუთიან მგზავრობაზე ერთი ლარის ნაცვლად 5-ჯერ ნაკლებს, 20 თეთრს ხარჯავენ.
„მე მინდა ადამიანებს მივმართო, თვლა და მათემატიკა ყველამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც თქვენ გჭირდებათ მგზავრობის თვალსაზრისით, შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები...“ - თქვა მერმა.
მერიაში რადიო თავისუფლებას ვერ უთხრეს, რა ჯდებოდა ამავე გამოთვლით 1 მგზავრობა 1 თებერვლამდე, სანამ ახალი გადახდის სისტემა ამოქმედდებოდა.
ასევე ნახეთ ვის გაუძვირდება და ვის გაუიაფდება მგზავრობა 1 თებერვლიდან