ორგანიზაციის მიერ წარდგენილი 53 საჩივარი ეხება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების დარღვევას. ინდივიდუალური საჩივრები წარდგენილი აქვთ სხვებსაც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანახმად, სტრასბურგიდან 7 თებერვალს მიღებული ინფორმაციით, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივარზე, კერძოდ, „ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი“, რუსეთს შეკითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორისაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება. სტრასბურგის სასამართლოს წერილის თანახმად, რუსეთს 2022 წლის 2 მაისამდე აქვს ვადა, რათა ევროპული სასამართლოს წინაშე უპასუხოს შეკითხვებს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა კონვენციით დადგენილი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება და, ასევე, მათთან კავშირის მქონე სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი. სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, აქვთ თუ არა მომჩივნებს წვდომა საკუთრებასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და შეერაცხება თუ არა რუსეთის ფედერაციას მათ მიმართ ამ უფლებების დარღვევა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ ონიანი, რომელიც სარჩელების მომზადებაზე მუშაობდა, ამბობს, რომ აგვისტოს ომის პერიოდშივე დაიწყო ამ საქმეების შესწავლა და მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ კონფლიქტის და ომის მიუხედავად, ადამიანის უფლებები არ წყვეტს მოქმედებას და ეს საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ დადგინდებოდა. იურისტის აზრით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხელმძღვანელებს სახელმწიფოთაშორის საჩივარზე დადგენილი გარემოებებით.
ასევე ნახეთ 19 დვანელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ„ეს საქმეები ორგანიზაციისთვის თავიდანვე იყო პრიორიტეტული. ერთის მხრივ, ომით დაზარალებულები მიიღებდნენ კომპენსაციას და სამართლის აღსრულებას და, მეორეს მხრივ, საერთაშორისო დონეზე დადგინდებოდა, რომ მიუხედავად კონფლიქტისა და საომარი მდგომარეობისა, ადამიანის უფლებები არ წყვეტს მოქმედებას და კონფლიქტში ჩართული მხარეები ვალდებული არიან დაიცვან ადამიანის უფლებები, ამიტომ ამ საქმეს ეს ორი მთავარი სტრატეგიული ღირებულება ჰქონდა. ევროპულმა სასამართლომ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა წელს დაიწყო. ეს არის ერთგვარი გაგრძელება სასამართლოს მიერ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის გადაწყვეტისა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოთაშორის საჩივარზე დადგენილ გარემოებებს სასამართლო მიიღებს მხედველობაში და იხელმძღვანელებს იმ სტანდარტით, რომელი სტანდარტიც მან ამ გადაწყვეტილებაში განამტკიცა და კონკრეტულად ამ ჩვენს საქმეებზე ეს სტანდარტი ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიერ საკუთრების ვერსარგებლობის და მიმოსვლის თავისუფლებაზე“.
2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება.
სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, ვინც კონფლიქტის პერიოდში თავისი საცხოვრებელი სახლი დატოვა, ცხოვრებას აგრძელებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არ ეძლეოდა საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ ეთნიკურად ქართველების სახლები მდებარეობდა რუსეთის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე და რუსეთი ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სასამართლოსთვის საკმარისი აღმოჩნდა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის იურისდიქციული კავშირის დასადგენად.
ასევე ნახეთ აგვისტოს ომი: სტრასბურგის ვერდიქტით ჰააგაში?სასამართლოს განმარტებით, საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ქართველების მიმართ კვლავ გრძელდება. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს და, ასევე, რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრებათ ვალდებულება, ქართული წარმოშობის მცხოვრებლებს მისცენ სახლებში დაბრუნების უფლება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე ეხმარება ე.წ. ბორდერიზაციით დაზარალებულ მოქალაქეებს. ეს საქმე ცნობილია სახელწოდებით „19 დვანელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. მურთაზ მამაგულაშვილი ერთ-ერთია იმ 19 დვანელიდან, ვინც რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივლა. მურთაზი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდა. ამ მიწის ნაწილზე ხეხილი იყო გაშენებული, ნაწილს კი თავთავიანი კულტურებისა და ბოსტნეულის მოსაყვანად იყენებდა. 2013 წელს მის ნაკვეთში რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ეგრეთ წოდებული დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მურთაზს უთხრეს, რომ ეს მიწა მას აღარ ეკუთვნოდა და მავთულხლართებით შეღობეს. მურთაზმა და მისმა თანასოფლელებმა სამართლის ძებნა დაიწყეს, მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა და სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნა.
„მეომარი რომ ომში იარაღის გარეშე გაუშვა, ასეა სოფელში მცხოვრები ადამიანი მიწის გარეშე. გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ხალხს რაც ყველაზე მეტად გვტკივა და განვიცდით, ესაა მორალურ- ფსიქოლოგიური ზეწოლა, როცა ყოველ დილით მავთულხლართებს მიღმა შეიარაღებულ ხალხს და ჩვენს მიწას ვხედავთ. უსასოობის განცდა, რაც აქამდე მქონდა, თითქოს ახლა მომეხსნა. სტრასბურგი განიხილავს ჩვენს საქმეს და თუ მოვიგეთ - თუმცა აუცილებლად მოვიგებთ, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის - და რუსეთმა თუნდაც არ შეასრულოს ის დაკისრებული სანქციები, იმის განცდა მაინც გვექნება, რომ ვიბრძოლეთ და მონურად არ დავუხარეთ თავი. ამ სასამართლოს გადაწყვეტილება, მოგების შემთხვევაში, პრეცედენტული იქნება, იმიტომ რომ რუსებს ამის შემდეგ ეცოდინებათ, რომ სადღაც ვიღაც დაუძახებს და პასუხს მოსთხოვს“, - ამბობს მურთაზ მამაგულაშვილი.
ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლო: საქართველომ რუსეთს მოუგო 2008 წლის ომთან დაკავშირებული საქმედვანელები თითქმის რვა წლის განმავლობაში ელოდნენ სტრასბურგიდან ცნობას იმის შესახებ, რომ მათი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. „ბორდერიზაციის“ შედეგად დაზარალებულთა საქმის განხილვა 2021 წლის 5 თებერვალს დაიწყო, რის შესახებაც სასამართლომ მომჩივნებს და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, 2021 წლის 24 თებერვალს შეატყობინა.
მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებული 19 ადამიანის სახელით საია-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი 2014 წლის 11 აპრილს გაგზავნა. წარდგენილ საჩივარში საია დვანის მცხოვრებთა მიწასა და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების (ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი პუნქტი), მიმოსვლის თავისუფლებისა (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების (ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი) დარღვევაზე დავობს.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 21 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე წარდგენილი ბრალდებების ძირითადი ნაწილი. დადასტურდა მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დარღვევასთან, წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასა თუ თავისუფალ მიმოსვლასთან დაკავშირებული ბრალდებები. სასამართლომ არ გაიზიარა განათლების უფლებასთან დაკავშირებული დარღვევა და გვერდი აუარა მე-13 მუხლს, რომელიც ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებას უკავშირდება. სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ დაადასტურა რუსეთის იურისდიქცია და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა უფლებათა დარღვევებზე 2008 წლის 8-12 აგვისტოს პერიოდში, რადგან ვერ განსაზღვრა, ვინ ახორციელებდა ომის პერიოდში საომარ ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს. ახლა 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულებიც და მავთულხლართების გავლების შედეგად მიწაწართმეულებიც სტრასბურგიდან ახალ ამბებს ყოველდღე დაელოდებიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი მათი უფლებების დაცვას აგრძელებს.