საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი მიღწევა პოლიტიკურ მხარეებს შორის საქართველოში. მან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ შეთანხმების შესრულების ანგარიშის პრეზენტაციაზე თქვა, რომ ეს რეფორმები, რომლის ნაწილიც არ შესრულებულა, საქართველოს სჭირდებოდა.
"ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული იქნა, არ იქნა ბოლომდე განხორციელებული საქართველოს დემოკრატიული გზის ხელშესაწყობად... ეს არის რეფორმები, რომელიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მმართველობა, რომ ემსახუროს უკეთ თავის ხალხს და ასევე წინ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით...
19 აპრილის შეთანხმება ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევრომისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს. ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამაყად ვიდგეთ ევროპის დემოკრატიულ ოჯახში...
ეს რეფორმები ეხება არჩევნების ხარისხს და სტანდარტს, ეს ეხება კანონის უზენაესობას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კულტურას, რაც ფუნდამენტია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს უფრო რელევანტურია დღეს, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევები", - თქვა ელჩმა.
მან სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რატომ იყო ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის.
"მე არ ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მისდიოს ევრომისწრაფებებს. ის გვთავაზობს ამის გაკეთების დამაჯერებელ გზას. თუ არა ამ გზით, მაშინ რომელი გზით? - უნდა დავსვათ ეს კითხვა.
ევროკავშირი ყოველთვის იქნება საქართველოს მხარეს. ჩვენ არ დავიღლებით და არ ჩავიქნევთ ხელს, მაგრამ კონსოლიდაცია ქვეყნისა უნდა მოხდეს საქართველოსა და ქართველების მიერ", - თქვა ელჩმა.
ასევე ნახეთ როგორ შესრულდა შარლ მიშელის შეთანხმება - არასამთავრობოების შეფასებასაქართველოში მომუშავე ოთხმა კვალიფიციურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ -"ღია საზოგადოება - საქართველომ", "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ", "სამართლიანი არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" - 2020 წლის 19 აპრილს პარტიებს შორის გაფორმებული "შარლ მიშელის შეთანხმების" შესრულება შეაფასა. ანგარიშში ყველაზე დადებითად არის შეფასებული პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე დადებული შეთანხმების შესრულების ნაწილი, ყველაზე ნეგატიურად კი - პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებისა და სასამართლო რეფორმის საკითხები.