Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შესრულდა შარლ მიშელის შეთანხმება - არასამთავრობოების შეფასება


საქართველოში მომუშავე ოთხი კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაცია -"ღია საზოგადოება - საქართველო", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "სამართლიანი არჩევნები" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - 2020 წლის 19 აპრილს პარტიებს შორის გაფორმებული "შარლ მიშელის შეთანხმების" შესრულებას აფასებს. პარტიების გადადგმული ნაბიჯები ოთხი მიმართულებით შეფასდა - რა გაკეთდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე, ამბიციურ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმასა თუ პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაზე.

ანგარიშში ყველაზე დადებითად არის შეფასებული პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე დადებული შეთანხმების შესრულების ნაწილი, ყველაზე ნეგატიურად კი - პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებისა და სასამართლო რეფორმის საკითხები.

შესრულდა

პოლიტიკური მართლმსაჯულებად აღქმული საქმეების შესახებ დასკვნა "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" მოამზადა.

  • ამ შეთანხმების შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა გიორგი რურუა, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4 წლის ვადით იყო პატიმრობაში;
  • პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი, რომლითაც პასუხისგებაში აღარ მისცემენ 2019 წლის 19-20 ივნისს თბილისში მომხდარ ძალადობაში მონაწილე პირებს. ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იყო.

საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით დასკვნა "სამართლიანმა არჩევნებმა" მოამზადა. კვლევის ამ ნაწილში დადებითად არის შეფასებული შემდეგი საკითხები:

  • საარჩევნო კოდექსის განახლებული რედაქციით, თბილისის საკრებულოში მანდატების 80% პროპორციული წესით აირჩევა. ამავე პრინციპით უნდა აირჩეს საკრებულოს შემადგენლობის იგივე წილი სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც. სხვა ქალაქების საკრებულოებში სამი დეპუტატიდან ორი პროპორციული წესით აირჩევა. გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერად - 2,5%, ხოლო ყველა სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში 3% განისაზღვრა;
  • ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად კანონში ჩაიწერა, რომ საჭიროა დეპუტატთა 2/3-ის მხარდაჭერა. თუმცა ასევე ჩაიდო ნორმა, რომელიც კონსენსუსის ვერმიღწევის შემთხვევაში თავმჯდომარის დროებით დანიშვნის შესაძლებლობას ტოვებს.

ნაწილობრივ შესრულდა

კვლევის მიხედვით, ნაწილობრივ შეუსრულებელია ამბიციური საარჩევნო რეფორმის ნაწილი. "სამართლიანი არჩევნები" წერს:

  • პოლიტიკურმა მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ გაატარებდნენ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, რომლის ფარგლებშიც იქნებოდა 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია, მაგრამ პარლამენტს ჯერ არ მიუღია;
  • ჯერ ისევ არ შეუძლიათ 4 მანდატის მქონე პარტიებს დამოუკიდებელი ფრაქციების შექმნა პარლამენტში - ეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც მიღებული არ არის;
  • შეთანხმების მიხედვით, უნდა შეცვლილიყო ცესკოს დაკომპლექტების წესიც. კომისია 17 წევრით დაკომპლექტდა, თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭიროა დეპუტატთა 2/3-ის მხარდაჭერა. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს წევრის დანიშვნის უფლება მიიღო იმ პარტიამ, რომელიც კენჭს არ იყრიდა წინა არჩევნებში დამოუკიდებლად და შემდეგ გამოეყო;
  • "სამართლიანი არჩევნები" ნაწილობრივ შესრულებულად აფასებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციას, რომელიც შეეხებოდა პარტიების რეგისტრაციის გაუქმებასა და დაფინანსების წესს. რეკომენდაციის შესაბამისად, კანონში არ შესულა ცვლილება, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შემთხვევაში პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებდა. თუმცა კვლავ მოქმედია კანონი, რომელიც 6 თვით უწყვეტს პარტიას დაფინანსებას, თუ მისი სიით არჩეული დეპუტატების ნახევარზე მეტი არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

შეუსრულებელი

"ღია საზოგადოების ფონდი" ანგარიშში წერს, რომ კანონის უზენაესობის / სასამართლოს რეფორმის მიმართულებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილი არ შესრულდა. მათ შორის:

  • უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებაზე და ახალი განცხადებების მიღებაზე;
  • ანგარიშში მოხვდა გენერალური პროკურორის არჩევის შეუცვლელი წესი - მის დანიშვნას პარლამენტის წევრთა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა ჰყოფნის. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ცვლილებების თავდაპირველი ვერსია, რომელიც გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევას გულისხმობდა, მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებდა პოლიტიკური კონსენსუსის მოთხოვნას.

უარყოფითად არის შეფასებული პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხიც.

  • შეთანხმების მიხედვით, პარლამენტში ძალაუფლება უნდა გადანაწილებულიყო კომიტეტების ნაწილის ხელმძღვანელებად ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნით და საერთაშორისო ფორუმებში საპარლამენტო დელეგაციების თავმჯდომარეების ერთ პოზიციაზე ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნით. კვლევის ამ ნაწილში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერს, რომ ეს შეუსრულებელია.

XS
SM
MD
LG