რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა ტელეკომპანია „დოჟდ“-მა საგამოძიებო კომიტეტს მიმართა, სისხლის სამართლის საქმე აღძრას ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის წინააღმდეგ. 1 თებერვალს, სოციალური ქსელით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში კადიროვმა ტერორისტები უწოდა „დოჟდ“-ს, „ნოვაია გაზეტა“-ს და მის ჟურნალისტ ელენა მილაშინას და უფლებადამცველ იგორ კალიაპინს და რუსეთის სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრან.
განცხადებაში, რომლითაც „დოჟდ“-მა 8 თებერვალს მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, ნათქვამია, რომ კადიროვის მიზანია სიძულვილის ან მტრობის გაღვივება კონკრეტული სოციალური ჯგუფის კუთვნილების ნიშნით.
კადიროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იანვრის ბოლოს მოითხოვა „ნოვაია გაზეტა“-მაც, მას შემდეგ, რაც 24 იანვარს, ჩეჩნეთის მეთაურმა ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ მოსამართლე საიდ იანგულბაევის ცოლის, ზარემა მუსაევას გატაცების კომენტირებისას ტერორისტები უწოდა გამოცემის ჟურნალისტს, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მომზადებული არაერთი სტატიის ავტორს, ელენა მილაშინას და „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ხელმძღვანელს, იგორ კალიაპინს. ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მუქარის გამო, თებერვლის დასაწყისში, ელენა მილაშინამ რუსეთი დატოვა.
ასევე ნახეთ უფლებადამცველმა აბუბაქარ იანგულბაევმა საქართველო დატოვა კადიროვის მუქარის შემდეგ დაწყებული თვალთვალის გამორამზან კადიროვის მიერ ჟურნალისტების და უფლებადამცველების ტერორისტებად მოხსენიებას მისი პირადი აზრი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილია იაშინის ინიციატივით, 7 თებერვალს გამოქვეყნდა პეტიცია ჩეჩნეთის მეთაურის თანამდებობიდან რამზან კადიროვის გადაყენების მოთხოვნით. მხოლოდ ერთ დღეში პეტიციას ხელი მოაწერა 100 000-მა ადამიანმა.
ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მტრული კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო მათ მიერ ზარიმა მუსაევას გატაცების ფაქტის აქტიურად გაშუქების გამო. 20 იანვარს, ჩეჩენმა სამართალდამცავებმა ყოფილი მოსამართლის, საიდ იანგულბაევის ცოლი, უფლებადამცველ აბუბაქარ იანგულბაევის დედა ზარიმა მუსაევა ძალით წაიყვანეს რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე იანგულბაევების ბინიდან. საიდ იანგულბაევს, რომელიც იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ სარგებლობდა მოსამართლის იმუნიტეტით, ხელი არ ახლეს. მან ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ქალიშვილთან ერთად რუსეთი მალევე დატოვა.
გროზნოში ჩაყვანის შემდეგ, ზარიმა მუსაევა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ზარიმა მუსაევას და საიდ იანგულბაევის ვაჟი, “წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ყოფილი იურისტი აბუბაქარ იანგულბაევი 2021 წლის დეკემბრიდან იმყოფებოდა საქართველოში, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
ასევე ნახეთ როცა საფრთხე რეალურია, საქართველო კი ვერ გიცავსჩეჩნეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აბუბაქარ იანგულბაევს კავშირი აქვს ოპოზიციურ ტელეგრამ-არხთან. რამზან კადიროვმა უფლებადამცველს "ტერორისტების მხარდამჭერი" უწოდა და განაცხადა, რომ იანგულბაევების ოჯახს „ადგილი ელოდება ან ციხეში, ან მიწის ქვეშ“. მამა-შვილ იანგულბაევებს „თავის მოკვეთით“ დაემუქრა კადიროვის უახლოესი თანამოაზრე, რუსეთის დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი.