ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტში მოხვდნენ და შესაბამისად, დაფინანსება მოიპოვეს, შესაძლოა ბიუჯეტიდან შემოსავალი დაკარგოს. საუბარია ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ ათას ლარზე.
ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი - გაუუქმებს თუ არა მანდატებს "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძესა და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს. მათთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ასევე ნახეთ კომიტეტი თანახმაა ნათელაშვილს, ხოშტარიას, ჯაფარიძესა და კუჭავას პარლამენტის მანდატი შეუჩერდეთ1 თებერვლიდან ამოქმედდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ ამ პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ნახევარს ვადამდე შეუჩერდება დეპუტატის მანდატი.
2020 წლის არჩევნებით "ლეიბორისტულმა პარტიამ" პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო, "ლელომ" კი - ოთხი. "ლელოს" სიით არჩეულმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი სურვილით დატოვა პარლამენტი. ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერების შემთხვევაში პარტიას პარლამენტში ორი დეპუტატი ეყოლება, "ლეიბორისტული პარტია" კი უმანდატოდ რჩება. ორივე პარტიის შემთხვევაში ეს დაფინანსების შეწყვეტის საფუძველია.
იმის გამო, რომ ორივე პარტიამ ბოიკოტის დროს საარჩევნო სიები გააუქმა, შეუძლებელი იქნება მათი ადგილმონაცვლეების პარლამენტში შესვლა - ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა დაფინანსების შესანარჩუნებლად.
იმის მიუხედავად, რომ "ევროპული საქართველოს" არცერთი წევრი პარლამენტის წევრი აღარ არის და პარტიამ ხუთი მანდატი მიიღო, პარტია იმავე საფრთხის წინაშე არაა. პარლამენტში მუშაობას აგრძელებს ამ პარტიის სიით არჩეული ოთხი დეპუტატი.
კანონის ამოქმედების შესახებ 1 თებერვალსვე შეახსენა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ოფიციალურად გაგზავნილი წერილით:
"ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან... გაცნობებთ, რომ უფლებამოსილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსება ერიცხებათ ყოველი თვის 15 რიცხვში".
პარტიები ბიუჯეტიდან სოლიდურ დაფინანსებას იღებენ. მათი ყოველწლიური შემოსავალი დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობაზე. პირველი 50 ათასი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის პარტია 15 ლარს იღებს, ყოველ შემდეგ ხმაზე - 5 ლარს.
2020 წლის არჩევნებზე "ლეიბორისტულმა პარტიამ" 19 314 ხმა მიიღო, "ლელომ" - 60 712 ხმა. შესაბამისად, "ლეიბორისტული პარტია" ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს 289 710 ლარს, "ლელო" კი - 803 560 ლარს.