საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს მიმართა, წინასწარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების გარეშე მოუსმინონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად გათვალისწინებული ორი ახალი სამსახურის უფროსობის კანდიდატებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობებზე ასარჩევად, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს კონკურსის გზით შერჩეული კანდიდატურები წარუდგინა.
„თხოვნა მექნება ყველა ფრაქციის მიმართ პარლამენტში, რომ ამ საკითხს მივუდგეთ პროფესიონალურად იმ კუთხით, რომ არ დავეფუძნოთ აღქმებს, რომელიც შექმნილია და შთაბეჭდილებებს, არამედ არის კონკრეტული კანდიდატები. ამ კანდიდატებთან დაკავშირებით იქნება განხილვა კომიტეტებში და ყველას შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილება ამ კანდიდატების განხილვაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები წარუდგინა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი - ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები.
შალვა პაპუაშვილის კომენტარი ბიუროს სხდომაზე მოჰყვა პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ 2 თვეში ხარისხიანად ვერ მოესწრება იმ მასშტაბის რეფორმა, რომელიც პარლამენტმა დაგეგმა დეკემბერში და რომელიც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადგილას, ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნას გულისხმობს.
„თქვენ ესეც არ გაითვალისწინეთ მაშინ და თქვით 1 მარტი საბოლოო ვადა და ამიტომ ასეთ ფაცი-ფუცში ჩატარდა შერჩევა პრემიერის დონეზე და გადმოვიდა პარლამენტის დონეზეც. საგანგაშოა, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია გარედან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და პროფესიული წრეებიდან, ძალიან მაღალი უნდობლობა გამოუცხადეს ამ კონკურსს და გარეგნულად ჩანს, რომ თითქოს ბევრი კანდიდატი მონაწილეობდა და თითქოს ეს იყო კონკურენტუნარიანი პროცესი, მაგრამ რეალურად თუ დავინახავთ საიდან მოდიოდნენ ეს კანდიდატები და ვინ გადაწყვიტა პროცესში მონაწილეობა, ვნახავთ, რომ ძალიან დაბალი ნდობით დაიწყო ამ პროცესმა არსებობა და ამ ძალიან დაბალი ნდობით შემოდის საკითხი საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მან დეპუტატებს მოუწოდა, კანდიდატებთან გასაუბრებამდე მოუსმინონ მოქმედი ინსპექტორის ანგარიშს, რაც კანდიდატებთან გასაუბრებას უკეთესს „ხარისხს“ შესძენდა.
დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეხვდა და მათი საუბრის მთავარი თემა სწორედ სახელმწიფო ინსპექტორი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები იყო.
კელი დეგნანის განცხადების თანახმად, დიდი ყურადღება ეთმობა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ დაგეგმილი ორი ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბების საკითხს, ასევე მოქმედი ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სარჩელს.
ასევე ნახეთ კელი დეგნანის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყოკანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.
კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და მისი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებით პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.
"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია განცხადებაში.
კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო და შესაბამისად, ის ამოქმედდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ის მოითხოვს საკითხის განხილვამდე შეჩერდეს კანონის მოქმედება, რომლითაც მისი სამსახური უქმდება.