ნატო და აშშ არ აპირებენ რუსეთთან კომპრომისზე წასვლას - რა წერია „ელ-პაისში“ გაჟონილ წერილებში?
ესპანურმა გამოცემა El Pais-მა, 2 თებერვალს გამოაქვეყნა უსაფრთხოების საკითხების გარშემო რუსეთის წინადადებებზე აშშ-ის და ნატოს პასუხების სრული ტექსტი.
აქამდე საჯარო განცხადებებით და მედიაში გავრცელებული ცნობებით უკვე ცნობილი იყო, რომ ნატო და აშშ უარს ეუბნებოდნენ რუსეთს ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებაზე, თუმცა მზად იყვნენ გარკვეულ საკითხებზე უსაფრთხოების მიმართულებით მოსკოვთან დისკუსიის დასაწყებად. ახლად გამოქვეყნებულ დოკუმენტებში კი დასავლეთი კონკრეტულ საკითხებს უყენებს რუსეთს, რაც აქამდე არ ჟღერდებოდა.
კრემლის მოთხოვნის პასუხად, რომ ალიანსმა უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე აღმოსავლეთ ევროპაში (მათ შორის, უკრაინაში), ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ბრიუსელი მოუწოდებს მოსკოვს, „გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“.
ბრიუსელი მოუწოდებს მოსკოვს, რომ დაუბრუნდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულების შესრულებას, ამ ძალების განლაგების და მათი რიცხოვნობის თაობაზე ინფორმირების ჩათვლით. რუსეთმა 2007 წელს გამოაცხადა მორატორიუმი CFE-ის შესრულებაზე მას შემდეგ, რაც ნატოს ქვეყნებმა უარი თქვეს ეუთოს ადაპტირებული შეთანხმების რატიფიცირებაზე;
ასევე, ნატო სთავაზობს რუსეთს ერთობლივი სისტემური კონსულტაციების გამართვას კოსმოსში რისკების შემცირების გარშემო და მოუწოდებს მოსკოვს, რომ თავი შეიკავოს ანტისათანამგზავრო იარაღის გამოცდისგან.
ორივე დოკუმენტის შინაარსიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ დასავლეთი მოსკოვთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. კიდევ რა წერია El Pais-ის დოკუმენტებში, წაიკითხე კობა ლიკლიკაძის სტატიაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- აშშ მზადაა განიხილოს რუმინეთსა და პოლონეთში ნატოს ბაზებზე რუსეთის ინსპექტორთა დაშვება
- უკრაინა: საზღვრებთან თავმოყრილი რუსეთის ჯარები ჯერ საკმარისი არ არის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის
უკრაინის მხარდაჭერა, როგორც საზომი - საქართველოსთვის, სხვა ქვეყნებისთვის
თბილისის აქტიურობის ხარისხი და პარლამენტის რეზოლუცია - "უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ" კვლავ დავისა და პოლიტიკური დაპირისპირების საგანია საქართველოში, ხოლო რუსეთის აგრესიის სამიზნე უკრაინა მხარდამჭერებს ითვლის და იმახსოვრებს.
„რა გვინდა ჩვენ ახლა, რომ რუსეთის აგრესიის ნაწილი საქართველოსკენ მივმართოთ?!“, - 2 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასეთი შეკითხვაც დასვა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ოცნება“ არ აპირებს ოპოზიციის ურაპატრიოტული მოწოდებებით ხელმძღვანელობას.
„ქართული ოცნება“ დღის პირველ ნახევარში აცხადებდა, რომ რეზოლუცია მოიწონეს უკრაინის რადაში, დღის მეორე ნახევარში კი გავრცელდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი.
„საქართველო ალბათ სხვაზე უკეთ გრძნობს, რა დევს სასწორზე უკრაინაში. ამიტომ თქვენი პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას მივესალმებით. ვიმეორებ, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იქით, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს. ეჭვი არ მეპარება, ყველას შეუძლია რამის გაკეთება, თუკი არსებობს პოლიტიკური ნება, თუკი არსებობს ამის გაკეთების უნარი. საქართველოს ნამდვილად აქვს ორივე - ნება და უნარი“, - თქვა დმიტრო კულებამ 2 თებერვალს, უცხოეთის მედიის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრაზე.
უნდა იყოს თუ არა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გამორჩეული? როგორ იქცევიან შავი ზღვის აუზისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ასევე ნახეთ ზაქარეიშვილი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: მასში არ არის 2 სახელმწიფო - რუსეთი და საქართველო
148-ე ტესტირების რიგში
მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ურჩევენ კორონავირუსის სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტესტირება აღარ ჩაიტარონ, "მწვანე პასპორტები" კი გაუქმდა, რიგები მაინც არ წყდება კორონავირუსის ტესტირების ცენტრებთან.
მაშინ როცა ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 ათასს სცდება, მოქალაქეებს საათობით უწევთ რიგში დგომა.
19 წლის ლიზა გოგინაშვილი ორი საათი იდგა ტესტირების მსურველთა რიგში, მაგრამ ვარკეთილის „ევექსის“ კლინიკაში სამედიცინო პუნქტი ისე დაიხურა, რომ რიგმა ვერ მოუწია.
„4-ის ნახევარზე აქ ვიყავი, 6-ის ნახევარია და ვერ შევედი“, - ამბობს სიცხიანი ლიზა, რომელსაც კოვიდის თითქმის ყველა სიმპტომი აქვს.
ლიზას მსგავსად, გუშინ იქ მისულმა 10-ზე მეტმა ადამიანმა ტესტირება ვერ მოასწრო.
რა ხდება კოვიდტესტირების რიგებში? წაიკითხე ვრცლად გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.
სემეკი შეისწავლის, რამდენად სწორად დარიცხეს დავალიანება "თელასმა" და "თელმიკომ"
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია შეისწავლის, რამდენად სწორად დარიცხეს თბილისში ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა "თელასმა" და "თელმიკომ" დავალიანების შესახებ მონაცემები - კერძოდ, იყო თუ არა თანხა მეტობით დარიცხული. კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის თქმით, კომპანიებში სპეციალური ჯგუფის შესვლის საკითხზე დღეს, 3 თებერვლის სხდომაზე იმსჯელებენ.
კომისიას ამ საკითხზე მოქალაქეებისგან 100-მდე განაცხადი აქვს მიღებული.
"ჩავთვალეთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და იმ კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც გაგვიჩნდა, ერთადერთი სწორი გზა იქნება, შევიდეთ კომპანიებში და ამოვიღოთ ყველა დოკუმენტი, რაც საჭირო იქნება იმის დასადგენად, არის თუ არა პრობლემები", - განაცხადა გიორგი ფანგანმა.
ბოლო რამდენიმე დღეა მოქალაქეები სოციალური ქსელებით გაზრდილი კომუნალური გადასახადების შესახებ წერენ. მათმა დიდმა ნაწილმა, აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლის გამო, დეკემბრის ბოლოს ელექტროენერგიის დავალიანების ორი ქვითარი მიიღო (ერთი - ნოემბრის, ერთი კი - დეკემბრის). გარდა ამისა, იანვრიდან მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც წინა წელს სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობდა, დენის გადასახადი 3,5 თეთრით გაუძვირდა.
საია: ე.წ. მოსმენების საქმეზე პროკურატურა არ აკმაყოფილებს მოთხოვნას დაზარალებულად ცნობაზე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ პროკურატურა უარს ამბობს დაზარალებულად ცნოს აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ფარული მიყურადების ობიექტი იყო, რაც 2021 წლის სექტემბერში ე.წ. სუს-ის ფაილების გასაჯაროებიდან გახდა ცნობილი.
"საიამ" ნატა ფერაძის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებას, რაზეც, 2022 წლის 28 იანვარს, უწყებამ უარით უპასუხა. "საია" ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
იმის მიუხედავად, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენიმე თვეა გასული, სავარაუდო დაზარალებულების უმეტესობამ არც კი იცის გამოძიების და მით უფრო, გამოძიების შედეგების შესახებ. ამას გარდა, უკვე გამოკითხულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი, გაეცნოს საგამოძიებო უწყების განხორციელებულ მოქმედებებს, არ აქვს ამის შესაძლებლობა, რადგან არ მომხდარა მისი დაზარალებულად ცნობა", - წერს "საია" და პროკურატურას მოუწოდებს, ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეტაპობრივად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების შესახებ.
WHO: ერთ კვირაში მსოფლიოში 9%-ით გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში (24-30 იანვარი) მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 22 239 622 შემთხვევა. წინა ერთ კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 2%-ით შემცირდა.
ბოლო კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 59 195 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 9%-ითაა გაზრდილი. გარდაცვალების შემთხვევები 41%-ით იყო მომატებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 32%-ით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და 16%-ით სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელმა იკლო.
ინფიცირების ახალი შემთხვევები ყველაზე მეტად, 20%-ით შემცირდა ამერიკაში და ყველაზე მეტად, 37%-ით გაიზარდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ევროპაში 7%-იანი მატება იყო.
როგორ აპირებს პუტინი "ეგოიზმისა და უზნეობის კულტის" დაგმობას
რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა პრეზიდენტის განკარგულების პროექტი, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა დაიცვას რუსეთის მოქალაქეები „თავსმოხვეული დასავლური ღირებულებებისაგან“, მეორე მხრივ კი, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციაში შემავალი ხალხების ტრადიციული ღირებულებები. პროექტის ტექსტში ჩამოთვლილია როგორც ტრადიციული ანუ სასარგებლო ღირებულებები, ასევე მიუღებელი და უცხო იდეები, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. დასავლური ღირებულებებისაგან თავის დაცვის მექანიზმის შემუშავების გარდა, რუსეთის მთავრობა, პრეზიდენტ პუტინის დავალებით, ასევე მუშაობს „ინტერნეტის ტოქსიკური კონტენტის რეესტრის“ შექმნაზე.
რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ ტრადიციულ ღირებულებებს მიაკუთვნა ადამიანის სიცოცხლე, ღირსება, პატრიოტიზმი, ოჯახის სიმტკიცე, ისტორიული მეხსიერება და კიდევ თერთმეტი სხვა ღირებულება.
რუსეთის კულტურის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოქალაქეებზე დამანგრეველ იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ხალხისათვის უცხო და რუსეთის საზოგადოების დამანგრეველი იდეებისა და ღირებულებითი სისტემის - დესტრუქციული იდეოლოგიის დანერგვა, ასეთად კი მიჩნეულია:
- ეგოიზმის კულტი
- ყველაფრის ნებადართულობის (დაუსჯელობის) კულტი
- უზნეობის კულტი
- პატრიოტიზმის იდეალების უარყოფა
- სამშობლოს მსახურების იდეალების უარყოფა
- მოდგმის გამრავლების იდეალების უარყოფა
- შემოქმედებითი შრომის იდეალების უარყოფა
- მსოფლიო ისტორიაში რუსეთის პოზიტიური წვლილის იდეალების უარყოფა
- კულტურის სფეროში რუსეთის დადებითი წვლილის იდეალების უარყოფა
როგორ აპირებს ვლადიმირ პუტინი „ეგოიზმისა და უზნეობის კულტის“ დაგმობას? წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
ლია ჩოკოშვილი უკვე 25 წელზე მეტია, ოქსფორდის უნივერსიტეტში (ჯერ ენების სწავლების ცენტრსა და შემდეგ, გლობალურ სწავლებათა სკოლაში) უცხოელ სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლის.