კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის მხარდამჭერი სათანადო რეზოლუციის მიღებით, საქართველოს ექნებოდა უნიკალური შანსი მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ საქართველო რუსეთის აგრესიისგან ისევეა დაზიანებული, როგორც უკრაინა ზიანდება დღეს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც არა მარტო რუსეთი, საქართველოც არ არის ნახსენები:
„ამ რეზოლუციაში არ არის 2 სახელმწიფო - რუსეთი და საქართველო. თითქოს სადღაც ბანგლადეშში დაწერილი ტექსტია. ესაა ჩემთვის ყველაზე საშინელება. ის, რომ რუსეთი არ არის, ეს არის კატასტროფა და ის, რომ საქართველო არ არის, კიდევ უარესია. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამასთან არაფერი საერთო არა გვაქვს, სადღაც უკრაინაში რაღაც ომი მიდის და ჩვენთვის მიუღებელია ეს ომი - ვიეტნამი იქნება ეს, ლაოსი იქნება თუ უკრაინა, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ომი ჩვენთვის მიუღებელია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
გადაცემაში მან გაიხსენა საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 2 აგვისტოს მიღებული რეზოლუცია დეოკუპაციის შესახებ, რომელშიც დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესია, ოკუპაცია. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამჯერად იმავე რეზოლუციის ტექსტში უკრაინის ჩაწერაც საკმარისი იქნებოდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და სამყაროს გაემიჯნა. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთად უნდა იყვნენ ნახსენები:
„შერცხვათ თავისივე რეზოლუციის გამეორება, უნდა აეღოთ ეს რეზოლუცია და შიგნით ჩაეწერათ უკრაინა, მეტი არაფერი, საქართველო ისედაც წერია. საერთოდ უნდა ყველგან ეწეროს უკრაინა და საქართველო. საქართველო და უკრაინა. ჩვენ თუ გვინდოდა, რომ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ეხლა უნდა მიგვეღო რეზოლუცია უკრაინის კონტექსტში და მთელი მსოფლიო გაიგებდა, რომ საქართველო ისევ დაზარალებულია და ...კიდევ უფრო გავაძლიერებდით რუსეთის იმპერიალურ კონცეფციას, აქ ვიჭრებით ჩვენ - ჩვენ გამოვდივართ მსოფლიოს საერთო ოჯახიდან და ვამბობთ, რომ ეს ცალკე თემაა, ეს კერძო თემაა, კერძო თემაა საქართველო, კერძო თემაა უკრაინა და ხალხნო, ნუ ფიქრობთ სისულელეებს, რა დროს იმპერიალიზმია და რა დროს რუსეთის იმპერიული ზრახვების გაფართოებაა?“-აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედებით საქართველო „საკუთარი რადარებიდან გადის“ და საკუთარ თავს კარგავს.
„ანუ მათ უნდათ შექმნან უსამარცხვინოესი განცდა, რომ რუსეთს კერძო ინტერესები აქვს საქართველოსთანაც, ქართულ-რუსული ინტერესებია, რაც მოხდა 2008 წელს და დღეს ეს არის უკრაინის ინტერესები. რომ ეს არ არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკა, ეს არ არის რუსეთის ახალი პოლიტიკა, რაც პუტინმა 2007 წელს დააანონსა და 2008 წელს უკვე განახორციელა... ჩვენ აი ამას ხელს ვუწყობთ “, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „დილის საუბრებში“.
საქართველოს პარლამენტმა 1 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია 74 ხმით მიიღო. დოკუმენტს პარლამენტის რეზოლუცია “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ ეწოდება. მასში ნახსენები არ არის რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი. ოპოზიციის დიდი ნაწილი დოკუმენტის ამ სახით მიღების წინააღმდეგი იყო, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.