საია: ე.წ. „მოსმენების საქმეზე“ პროკურატურა არ აკმაყოფილებს მოთხოვნას დაზარალებულად ცნობაზე

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს ე.წ. "მოსმენების საქმეზე". ორგანიზაციის ცნობით, პროკურატურა უარს ამბობს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს პირს, ვინც 2021 წლის სექტემბერში გასაჯაროებულ "საიდუმლო ჩანაწერებში" ფიგურირებდა და როგორც ამ ფაილებიდან ირკვეოდა, იყო მოსმენისა და მიყურადების სამიზნე.

"საიას" დაცვის ქვეშ მყოფი პირი აქტივისტი ნატა ფერაძეა. "საიდუმლო ფაილებში" მოხვდა მისი კერძო კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძესთან. "საიამ" ნატა ფერაძის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებას, რაზეც, 2022 წლის 28 იანვარს, უწყებამ უარით უპასუხა. "საია" ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

"იმის მიუხედავად, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენიმე თვეა გასული, სავარაუდო დაზარალებულების უმეტესობამ არც კი იცის გამოძიების და მით უფრო, გამოძიების შედეგების შესახებ. ამას გარდა, უკვე გამოკითხულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი, გაეცნოს საგამოძიებო უწყების განხორციელებულ მოქმედებებს, არ აქვს ამის შესაძლებლობა, რადგან არ მომხდარა მისი დაზარალებულად ცნობა", - წერს "საია" და პროკურატურას მოუწოდებს, ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეტაპობრივად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების შესახებ.

რადიო თავისუფლება ცდილობდა პროკურატურისგან მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ადამიანი ითხოვს "საიდუმლო დოკუმენტების" გასაჯაროების შემდეგ დაზარალებულად ცნობას ამ საქმეზე. პასუხი ამ კითხვაზე ვერ მივიღეთ.

ასევე ნახეთ “ჩართეთ უცებ”, - როგორ წყვეტს სუს-ი, ვის მოუსმინოს 

სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენისა და მიყურადების მსხვერპლია რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძეც, რომელსაც ასევე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. გიორგიმ, გარდა პროკურატურისა, სასამართლოსაც მიმართა, მის მიმართ ფარული მოსმენის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რაზეც უარი მიიღო და ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

ასევე ნახეთ გიორგი მგელაძე: პრობლემაა, როცა ჟურნალისტს უსმენენ, გამოძიება აუცილებელია

"საიდუმლო ფაილები" 2021 წელს რამდენიმე ეტაპად, სხვადასხვა ფორმით გასაჯაროვდა. მათი ნაწილი, რომელშიც მედიის წარმომადგენლების მოსმენის ჩანაწერები იყო ასახული, "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა, ნაწილი, რომელიც ეკლესიის წევრების მოსმენის ჩანაწერებს აერთიანებს, სპეციალურად შექმნილი ვებსაიტის საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი მედიისთვის.

ასევე ნახეთ ყველაფერი სასულიერო პირების ცხოვრებაზე - რა ირკვევა ათასობით პირატული ჩანაწერიდან