ექსტრადიციის საკითხის განხილვამდე მას ქვეყნიდან გასვლა აქვს შეზღუდული. გერმანულმა სასამართლომ, დეკემბერში ბერლინში დაკავებული უკრაინის მოქალაქე ქართველი გენერალი 18-დღიანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იანვრის დასაწყისში გაათავისუფლა.
გიგი კალანდაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკავებას საფუძვლად დაედო გერმანული მხარისთვის თბილისიდან მიწოდებული ინფორმაცია, რომ საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. კალანდაძე უარყოფს, რომ მისი გვარი ინტერპოლის ცირკულარში იყო შეტანილი და საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას, დიდწილად, სწორედ ამ საკითხზე სიმართლის დადგენას უკავშირებს.
გენერალი კალანდაძე საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან რუსეთის ინტერესებს ხედავს და რადიო თავისუფლებას უზიარებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს რუსეთს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
თბილისიდან ბერლინში, სასამართლოს გადაწყვეტილების მომლოდინე გიგი კალანდაძეს ლელა კუნჭულია ესაუბრა.
ასევე ნახეთ ბრალდებიდან ბრალდებამდე - გენერალ კალანდაძის გზა საქართველოსა და უკრაინაშირადიო თავისუფლება: თუ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ - სად იმყოფებით ახლა და რამდენად არის შეზღუდული თქვენი თავისუფლება?
გიგი კალანდაძე: ვიმყოფები ბერლინში, მეგობრის ბინაში. ჩემი პასპორტი თავიდან გამომატანეს, მაგრამ მერე ჩავაბარე. კვირაში ორჯერ პოლიციაში ვცხადდები იმის დასადასტურებლად, რომ მე ვიმყოფები გერმანიაში.
რადიო თავისუფლება: ეს არ არის შინაპატიმრობა?
გიგი კალანდაძე: არანაირად. მე შემიძლია თავისუფლად გადაადგილება ბერლინშიც და გერმანიის მასშტაბითაც. ჩემი გათავისუფლება მოხდა გირაოს სანაცვლოდ. დამაკავეს 19 დეკემბერს და საპატიმრო დაწესებულება დავტოვე 6 იანვარს.
რადიო თავისუფლება: ამ ეტაპზე თქვენ ელოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის შესახებ. როდის არის დანიშნული პროცესი? და რა მოლოდინი გაქვთ - მოხდება თქვენი ექსტრადიცია საქართველოში?
Your browser doesn’t support HTML5
გიგი კალანდაძე: არ ვიცი, როდის იქნება სასამართლო. მირჩევნია, რაც სწრაფად იქნება. არ მგონია, რომ მოხდება [ჩემი ექსტრადიცია]. ფაქტია, რომ ჩემი პატიმრობა შეიცვალა თავისუფლებით. ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ [გერმანიაში] და მოხდა კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება უკრაინის მხრიდან.
ველოდებით კიდევ [დოკუმენტაციის] გერმანულ თარგმანს უკრაინაში ჩემი პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ. ასევე ველოდებით იმ ინტერვიუს გერმანულ თარგმანს, რომელიც მე მივეცი საიმიგრაციო სამსახურს უკრაინაში... მოკლედ, ველოდებით მთელი ჩემი საქმეებისა და დოკუმენტაციის გერმანულ ენაზე თარგმნილ [ვერსიებს]. ამ ყველაფერს მე წარვუდგენ სასამართლოს.
ამით დავადასტურებ, რომ მე მაქვს პოლიტიკური თავშესაფარი მიღებული უკრაინაში [2017 წელს] და ასევე მაქვს მიღებული უკრაინის მოქალაქეობა [2019 წელს].
განწყობა მაქვს, რომ ამ სასამართლო პროცესსაც დავასრულებ ზუსტად ისე, როგორც ეს დავამთავრე საქართველოში და არ მოხდება ჩემი ექსტრადიცია.
რადიო თავისუფლება: 19 დეკემბერს, როდესაც ბერლინიდან გამოფრენის დროს, აეროპორტში დაგაკავეს, როგორ განგიმარტეს, რის საფუძველზე გაკავებთო? რაიმე ეტაპზე მოხდა თუ არა თქვენთვის იმის შეტყობინება, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდით?
გიგი კალანდაძე: დიახ, თავიდან მე განმიმარტეს, რომ ვიმყოფებოდი ინტერპოლის ძებნაზე, რამაც მე ძალიან გამაკვირვა, რადგან როდესაც მე უკრაინაში მივიღე პოლიტიკური თავშესაფარი და შემდეგ გავხდი უკრაინის მოქალაქე, ორჯერვე, სტანდარტული პროცედურით შედგა კომუნიკაცია ინტერპოლთან და ორივეჯერ მიიღეს პასუხი, რომ მე არ ვიძებნებოდი ინტერპოლის მიერ.
საქართველოს სამართალდამცველებმა ეს მოტყუებით და იმ ურთიერთობით, რაც არის გერმანიასა და საქართველოს შორის უკვე რამდენიმე ათეული წელია, გამოიყენეს სათავისო მიზნებისთვის და უთხრეს, რომ მე ვარ ინტერპოლით ძებნილი პირი და ამის დამადასტურებელ საბუთებსაც მიიღებდა გერმანიის მხარე. რა თქმა უნდა, ეს აღმოჩნდა ტყუილი და ესეც იყო ძირითადი საფუძველი იმისა, რომ მე შემეცვალა აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი.
რადიო თავისუფლება: გერმანული გამოცემა „ბილდი“ (Bild) წერს, რომ მათაც გადაამოწმეს ეს ინფორმაცია ინტერპოლში და მიიღეს პასუხი, რომ თქვენ არც ხართ და არც წარსულში იყავით საერთაშორისო ძებნაში.
გიგი კალანდაძე: ასეა, კი. „ბილდს“ ინტერვიუ რომ მივეცი, ახალი გათავისუფლებული ვიყავი. შემდეგ მათ ჩაატარეს ჟურნალისტური გამოძიება და 30 იანვარს დაბეჭდეს სტატია, სადაც ამის შესახებ არის ლაპარაკი.
რადიო თავისუფლება: თქვენ ბრძანეთ, რომ გერმანული მხარე ქართულმა მხარემ შეცდომაში შეიყვანა, რომ თქვენ ინტერპოლი გეძებდათ. გინდათ თქვათ, რომ გერმანელი სამართალდამცველები ბრმად ენდნენ მიწოდებულ ინფორმაციას და აღარ გადაამოწმეს?
გიგი კალანდაძე: ვფიქრობ, რომ დაკავება მოხდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე; გადაამოწმეს და საქართველოს პროკურატურამ დაუდასტურა მათ, რომ ვარ საერთაშორისო ძებნაზეც და ასევე ვიმყოფები ძებნაზე საქართველოშიც.
ინტერპოლში არის სამსახური, რომლიც განიხილავს ყველა კონკრეტულ საქმეს. თუ არ არის მკვლელობა ან რაღაც ასეთი ფაქტი, როცა სწრაფი გადაწყვეტილებაა მისაღები, სხვა დროს არ არსებობს, რომ ინტერპოლმა არ განიხილოს ესა თუ ის საქმე.
არ მინდა კონკრეტული პირების დასახელება, მაგრამ რამდენიმე ათეული ადამიანი ვიცი, რომელიც პოლიტიკურად დევნილია, ინტერპოლს გაუგზავნა საბუთები და მოხსნეს ისინი ძებნიდან.
ამიტომ საქართველოს პროკურატურამ, როგორც ჩანს, შეცვალა პრაქტიკა და აირჩია გერმანიასთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე თავისი მიზნების მიღწევა - ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომ მე ვიყავი საერთაშორისო ძებნილი.
რადიო თავისუფლება: მაგრამ ეს ხომ იოლად გადასამოწმებელია? რაზეა გათვლა - ასეთი რამ ხომ ვერ დაიმალება?
გიგი კალანდაძე: დიახ, დროის საკითხია უბრალოდ.
რადიო თავისუფლება: თქვენამდე ხომ არ მოსულა რაიმე სიგნალი, ინფორმაცია გერმანელი სამართალდამცველების მხრიდან, რომ ისინი შეცდომაში იყვნენ შეყვანილი?
გიგი კალანდაძე: ოფიციალურად არა, მაგრამ ჩემმა ადვოკატმა ეს კონკრეტული თემა ამიხსნა ისე, რომ თითქოს გერმანელი სამართალდამცველები შეწუხებული იყვნენ ამხელა ტყუილით, რაც იყო საქართველოს მხრიდან.
რადიო თავისუფლება: ვინ იცავს მანდ თქვენს უფლებებს? გერმანელი ადვოკატი გყავთ?
გიგი კალანდაძე: დიახ, ჩემს უფლებებს გერმანელი ადვოკატი იცავს.
რადიო თავისუფლება: 2014 წელს წახვედით უკრაინაში. მას შემდეგ, 2021 წლის 19 დეკემბრამდე [დაკავების დღემდე] რამდენჯერ იქნებით უკრაინიდან გასული და რა მიმართულებებით?
გიგი კალანდაძე: კიდევ კარგი, რომ შტამპებს სვამენ საზღვარზე მათ, ვინც არ არის ევროკავშირის მოქალაქე. სასამართლოს წარვუდგინე ჩემი პასპორტის მონაცემები. ამ პერიოდში ნამყოფი ვარ საბერძნეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში და გერმანიაში არაერთხელ.
ბერლინში ხშირად მიწევდა ფრენა, რადგან ჩემი შვილი სწავლობს გერმანიაში.
რადიო თავისუფლება: თუკი მანამდე ასე თავისუფლად გადაადგილდებოდით, რატომ მაინცდამაინც ახლა დაგაკავეს? რამეს კონკრეტულს უკავშირებთ?
გიგი კალანდაძე: რა თქმა უნდა, ვუკავშირებ. ეს იყო ჩასაფრება. რამდენიმე დღით ადრე „ფორმულას“ მივეცი ინტერვიუ და შემდეგ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. ვაგნერები [რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“] ხელს ითბობენ არეულობით, რაც ხდება დონბასის [რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია] მიმართულებით უკრაინაში, შოულობენ დიდძალ ფულს და ამ ფულით ახორციელებენ ბიზნესს საქართველოში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მე ძალიან მკვახე და მწარე კომენტარი გავაკეთე. არ შეიძლება, ქართველი სამართალდამცველები დამდევდნენ მე და ამ დროს, ბრჭყალებში, ეპარებოდეთ ასეთი ადამიანები. ეს არის სირცხვილი.
იოლია ასეთი ადამიანების მიკვლევა, ვინც დაქირავებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ და ასრულებს მის ამოცანებს.
მე ყოველთვის ვამბობდი - სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია სუვერენიტეტი. საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის სპეცსამსახურები მართავენ.
რადიო თავისუფლება: „აღმოჩნდება თუ არა მისი ბედი მალე პუტინის ხელში?“ - ასე ჰქვია თქვენი შესაძლო ექსტრადიციის საკითხის შესახებ „ბილდში“ გამოქვეყნებულ სტატიას. რა უდევს ასეთ ეჭვს საფუძვლად? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
გიგი კალანდაძე: მოგახსენებთ, რის საფუძველზე აქვთ მათ ეჭვი, რომ ჩემი საქმე, ეს არის რუსეთთან დაკავშირებული საქმე.
ორი საქმეა ჩემთან დაკავშირებით დღეს საქართველოში აღძრული - ერთში ტრისტან წითელაშვილი, ღიად პრორუსი, რომელიც იჯდა შპიონაჟის გამო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სასარგებლოდ. მან მოიგო ეს საქმე და ახლა აუქციონზეა გატანილი ჩემი სახლი.
ახლა ეს მეორე საქმე - [ელბერტ] კობერიძესთან დაკავშირებით. კობერიძე იქნა დაკავებული და იყო ეჭვმიტანილი, რომ გადმოჰქონდა ასაფეთქებელი საშუალებები აფხაზეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან. ის იჯდა ციხეში და მისცა ჩემს წინააღმდეგ ჩვენება ადამიანმა, რომელიც თვალით არ მყავს ნანახი. ციხის დატოვების შემდეგ, ის დაბრუნდა ისევ ოკუპირებულ აფხაზეთში.
ამ საქმის გამოძიება 7 წელია მიმდინარეობს და მიზეზი არის ის, რომ კობერიძე აღარ გადმოდის [ცენტრალური ხელისუფლების მიერ] კონტროლირებად ტერიტორიაზე, აღარ ერთვება აღარც სკაიპით, აღარც ვოტსაპით...
ჩემი ეს საქმეები ზუსტადაც რომ დაკავშირებულია რუსეთთან და რუსეთის მიერ ხელდასმულ აგენტურასთან.
რადიო თავისუფლება: ელბერტ კობერიძე რადგან ახსენეთ, ეს არის პირი, რომლის ჯგუფურად წამებაც გედებათ ამჟამად ბრალად. ის ვერასდროს მოიხელთა სალაპარაკოდ მედიამ... თქვენ ამბობთ, რომ ახლა კობერიძე ისევ ოკუპირებულ აფხაზეთშია. შეგიძლიათ გვითხრათ, რა იყო ასაფეთქებელი მასალების შემოტანის მიზანი?
გიგი კალანდაძე: მანდ მარტო კობერიძე არ იყო. მანდ იყო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა. ზოგს გადმოჰქონდა ეს ასაფეთქებელი საშუალებები, ზოგს ევალებოდა ერთი ადგილიდან მეორემდე მიტანა... მთელი ჯგუფი მოქმედებდა საქართველოს წინააღმდეგ.
გვახსოვს ეს ფაქტები, როგორ მიმდინარეობდა აფეთქებები ზუგდიდში, რკინიგზაზე და ასე შემდეგ. ამ ჯგუფში იყო კობერიძეც, რომელიც იქნა დაკავებული არა ჩემს მიერ, არამედ, იმდროინდელი სპეცსამსახურების მიერ. გათავისუფლების საშუალება კი მას მიეცა იმის შემდეგ, როდესაც ციხეში მოიგონეს ახალი ბრალდება [ჩემს წინააღმდეგ], რადგან 2013-ში [სასამართლოში] დავამარცხე ისინი.
მაშინ უფრო საშინელი ბრალდებები მქონდა. აქ თუ კობერიძის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე ლაპარაკობენ, მაშინ მაბრალებდნენ არაადამიანურ მოპყრობას შეიარაღებული ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და უფლებების გადამეტებას, რაც, თურმე, გამოიხატებოდა მათ დილით სირბილში. ეს ყველაფერი რომ ჩაუვარდათ [სასამართლო მოიგო კალანდაძემ], მერე 2015 წელს დაიწყეს ეს ახალი საქმე.
რადიო თავისუფლება: თქვენ ოდესმე, რაიმე სიტუაციაში გინახავთ ელბერტ კობერიძე?
გიგი კალანდაძე: არა, ფიზიკურად არასოდეს მინახავს კობერიძე. მისი გვარი გავიგე მხოლოდ მაშინ, როცა ბრალი წარმიდგინეს.
რადიო თავისუფლება: სულ რამდენ საქმეზე იყავით გასამართლებული საქართველოში?
გიგი კალანდაძე: ერთ საქმეზე მხოლოდ. ბრალი წარმიდგინა იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც ახლა კულტურის მინისტრია. ბრალი წამიყენეს 2012 წლის 7 იანვარს. 2013 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემს გარშემო მყოფი პირები ვართ თავისუფალი და არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის.
გავმართლდით, მაგრამ თქვენ ბრალდებები უნდა წაგეკითხათ, რა ბრალდებები იყო და რა მუხლები - 30-წლიან პატიმრობას სცდებოდა. ეს იყო გატაცება, ადამიანის თავისუფლების აღკვეთა და რა ვიცი, ყველა მუხლი იყო, რა საშინელებაც შეიძლებოდა მოეფიქრებინა ადამიანს.
[პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება] სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში ცოტათი შეცვალეს, რომ მე არ დავბრუნებულიყავი თანამდებობაზე და ბოდიშები არ მომეთხოვა იმ ხალხისგან, ვინც ღიად მაბრალებდა საშინელებებს. [2015 წელს] საბოლოოდ მომისაჯეს 100 საათი გამოსასწორებელი სამუშაოები, რაც იყო უკვე ამნისტირებული. საბოლოოდ მოსამართლემ თქვა, რომ მე გამოვიყენე არასაწესდებო მოპყრობის სიტყვები და ამიტომ მომისაჯეს ეს 100 დღე.
ამით რაღაც ხერხი მოძებნეს, რადგან იმ ორი წლის მანძილზე მათ უკვე სრული კონტროლი ჰქონდათ აღებული სასამართლო ხელისუფლებაზე. ხოლო 2013 წელს სასამართლო ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო მათ დაქვემდებარებაში.
მოსამართლე დარახველიძე, რომელმაც ჩემი გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, დღეს აღარ არის სასამართლო სისტემაში. ის დაითხოვეს.
რადიო თავისუფლება: მართალია თუ არა, რომ თქვენ გერმანიის სასამართლოს სთხოვეთ - არ შეეყვანეთ საკანში რუსებთან ერთად?
გიგი კალანდაძე: კი, ასეთი ფაქტი იყო. ეს ვთქვი სასამართლოზე. სამწუხაროდ, ბევრია გერმანიაში რუსი ეროვნების ადამიანი, რომლებსაც ნოსტალგია აქვთ საბჭოთა კავშირის, სძულთ ქართველები. ეს გასაგებია იმის გამო, რა მედიებიც [პროკრემლისტური] აზომბირებენ მათ. რუსეთის მოსახლეობას განსაკუთრებული აგრესია აქვთ იმ ხალხთან, ვინც იღებდა მონაწილეობას უკრაინის დასაცავად.
მე მონაწილეობა მაქვს მიღებული 2008 წლის ომში. ვიყავი ასევე ერაყისა და ავღანეთის მისიებში. 2014 წლიდან 2016 წლის აპრილამდე ვიმყოფებოდი დონბასში, შემდეგ - სხვადასხვა მიმართულებით და ბოლოს, უკრაინაში დავინიშნე ეროვნული გვარდიის მეთაურის მრჩევლად.
რადიო თავისუფლება: „ბილდის“ სტატიაში მოყვანილია აშშ-ის ფლოტის გადამდგარი კაპიტნის იური (ჰარი) ტაბახის სიტყვებიც, რომ - თქვენ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში სიკვდილი გელოდებათ, რომ პუტინი მისწვდება ყველას და რომ თქვენ პუტინისთვის პერსონალური მტერი ხართ... ასე ფიქრობთ თქვენც?
გიგი კალანდაძე: 2014 წელს, როდესაც მე ჩავფრინდი უკრაინაში, მივმართე საემიგრაციო სამსახურს, რომ მომცემოდა დროებითი ცხოვრების უფლება. სწორედ ამ დროს გავარკვიე, რომ რუსეთს დავუყენებივარ მე ძებნაზე უკრაინაში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმომცა საბუთი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ვიმყოფები ძებნაში რუსეთის ფედერაციაში და რუსეთის ფედერაცია ჩემს თავს სთხოვს ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც აქვს ორმხრივი ურთიერთობა. ამერიკელები და ევროპელები უკვე გრძნობენ, რომ საქართველო ემსგავსება ბელარუსს და ადამიანი ბელარუსში იქნება დაკავებული თუ რუსეთში, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
ის ადამიანიც [ტაბახი] ასე თვლის, რომ საქართველო ემსგავსება ბელარუსს.
რადიო თავისუფლება: უსაფრთხოების საკითხებში „ევროპულ ღირებულებათა“ ინსტიტუტის უფროსმა სპეციალისტმა, ნატალი ფოგელმა თქვენი დაკავება გარკვეულწილად დაუკავშირა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის არმიის გაძლიერებულ მობილიზაციას, რომელიც დასავლეთმა მოგვიანებით რეალური ომის საფრთხედ მიიჩნია. რუსეთის მედიასაშუალებამ კი, ამ საკითხზე, სოციალური ქსელებიდან ცინიკური კომენტარები შეაგროვა. მინდა გკითხოთ, უკრაინაში რომ იყოთ ახლა, რა იქნებოდა თქვენი როლი შექმნილ სიტუაციაში?
გიგი კალანდაძე: მე დღევანდელ დღემდე ვმუშაობ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში და მაქვს პირადი ურთიერთობა გენერლებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ყველა პროცესში და, რამე რომ დაწყებულიყო, რა თქმა უნდა, მიხილავდით იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს სამხედრო მიმართულებით.
რადიო თავისუფლება: თქვენ უკრაინის მოქალაქე ხართ. თუ გრძნობთ კიევის მხარდაჭერასა და დახმარებას ამჟამინდელ თქვენს მდგომარეობაში?
გიგი კალანდაძე: მთლიანი საკონსულო შემადგენლობა იყო ჩემს სასამართლოზე. რა თქმა უნდა, ყოველდღიური სატელეფონო კავშირი გვაქვს. რამდენჯერმე დიპლომატიური ფოსტით გადმომეცა ჩემთვის საჭირო საბუთები. რაც შესაძლებელია, მაქსიმალურს აკეთებენ.
რადიო თავისუფლება: ბოლოს გკითხავთ - როგორ დასრულდება თქვენი ამბავი?
გიგი კალანდაძე: ეს ამბავი დასრულდება, რა თქმა უნდა, ჩემი გამარჯვებით. დარწმუნებული ვარ ამაში. 2013 წლის 1 აგვისტოს მე ეს დავამტკიცე საქართველოში, დავამტკიცებ გერმანიაშიც და შერცხვება საქართველოს მოქმედი პროკურატურა გერმანიაშიც, ისევე, როგორც შერცხვა მას 2013 წლის 1 აგვისტოს.
პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიებით. დადგენილია, რომ 2012 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ახალაიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ერთობლივად განიზრახეს ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების გზით მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება.
ბიოგრაფიული ცნობები:
გიორგი კალანდაძე 1980 წელს დაიბადა. 15 წლის იყო, როდესაც თბილისის კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა; დამთავრებული აქვს გაერთიანებული სამხედრო აკადემია; სხვადასხვა დროს სწავლობდა საზღვარგარეთ, მათ შორის - აშშ-ში; 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური იყო ; შემდეგ გახდა სახმელეთო ჯარების სარდალი და გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე დაინიშნა 2012 წელს; მანამდე იყო გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე (2010-2012). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. უკრაინული მედიის ცნობით. გიორგი კალანდაძე, ქართველი სამხედროების ჯგუფთან ერთად, უკრაინაში 2014 წლის ზაფხულში მოხალისედ ჩავიდა და მას შემდეგ უკრაინაში საქმიანობს. 2015 წელს კალანდაძე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, მონაწილეობდა უკრაინელი სამხედროების წვრთნის პროგრამაში „პატრიოტი“. 2016 წლიდან ის არის ეროვნული გვარდიის მეთაურის მრჩეველი და მონაწილეობდა უკრაინის სამხედრო ძალების რეფორმირების პროცესში.