თეონა აქუბარდიამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კონტექსტში ლავროვი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური ახსენა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მაშინ როცა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტში რუსეთის, როგორც აგრესორის არჩაწერის საკითხზე საუბროდა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტ გოგა აფციაურს მადლობა გადაუხადა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებების გაშუქებისთვის და გაიხსენა „ევრონიუსისთვის“ მიცემული მისი კომენტარი. ეს კომენტარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 29 იანვარს პრესკონფერენციაზე ახსენა.

„ერთი საინტერესო ამბავი მინდა გითხრათ და აქედან გავაგრძელო ჩემი საუბრის პათოსი, 29 იანვარს სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა „ევრონიუსის“ სიუჟეტზე, სადაც მოყვანილი იყო ძალიან მაგარი ადამიანის, რადიო თავისუფლების ძლიერი ჟურნალისტის, გოგა აფციაურის ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს ოკუპაციაზე სოფელ დვანში და ოკუპაციიდან გამომდინარე მძიმე შედეგებზე ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენ როდესაც აქ სიფრთხილე, შიში, შიდაპოლიტიკური საკითხები, თუ სხვა რამის გამო არ გვაქვს რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია მოხსენიებული და რაღაც შიშები არსებობს, რომ თუ ეს სიტყვა შეიძლება გაჩნდეს რეზოლუციაში, შეიძლება რაღაც გარდაუვალი კატასტროფა გველოდებოდეს, დიახ, ამ დროს, რუსეთის საგარეო საქმე მინისტრმა გააკრიტიკა გოგა აფციაური, რის გამოც მე მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. იმიტომ, რომ გოგა აფციაური არის ადამიანი, რომლისგან ვგებულობთ ინფორმაციას საოკუაპაციო ხაზთან მიმდინარე იმ ნეგატიური პროცესების შესახებ, რაც რუსეთის ოკუპაციას მოჰყვება. გოგა აფციაურის ციტატაა, როდესაც დასავლეთს სურს უკრაინის ნატოში შეყვანა და რეალურად რუსეთი მას ღიად უპირისპირდება, ამ დროს გამოდის ბატონი ლავროვი პრესკონფერენციაზე, იცლის იმისთვის, რომ საქართველოს საკითხს გამოეხმაუროს და პროპაგანდისტული მიზნები მოიყვანს საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ქვეყნის ინტერესებს ყველაფრის მიუხედავად და ასეთი არის გოგა აფციაური“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მან უმრავლესობის დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა იმოქმედონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კონტექსტში.

„დღეს დარბაზში ვინც ვართ, ვფიქრობ, რომ ყველას გულწრფელად გვჯერა, რომ, დიახ, რუსეთის ფედერაცია არის ძალა, რომელიც ხელახალი აგრესიის რისკს ქმნის უკრაინაში და მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ ამ აზრს არ იზიარებენ. თუმცა, მიუხედავად ამ პოლიტიკური უაზრო თამაშებისა, კიდევ ერთხელ გთხოვდით, რომ ერთად მოვინდომოთ, დავდგეთ იმაზე მაღლა, ვიდრე დღეს ამას ვახერხებთ და ზეპარტიულ საკითხებზე შეთანხმება შევძლოთ. ეს იყო ჩვენი მოტივაცია მთლიანად, რომ ეს სულისკვეთება ყოფილიყო, რაც სამწუხაროდ, იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა რუსეთის ფედერაციის ჩაწერაზე, არ შედგა. ეს დებატები კიდევ ერთხელ იმას აჩენებს, რომ ზეპარტიულ საკითხებზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკითხებზე არ შეგვიძლია შეჯერება და ამ შიდაპოლიტიკურ პოლარიზაციას უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, გოგა აფციაურის შესახებ ისაუბრა. მან ვრცლად მიმოიხილა "ევრონიუსის" მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც რუსულ აგრესიასა და ამის ერთ-ერთ კომპონენტზე, ბორდერიზაციაზე იყო მომზადებული. გოგა აფციაური ამ სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტი იყო და საუბრობდა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების გასაჭირზე.

ასევე ნახეთ სერგეი ლავროვმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, გოგა აფციაურის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პარლამენტი განიხილავს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ოპოზიცია იწუნებს, ვინაიდან მასში მოხსენიებული არ არის რუსეთის ფედერაცია.

ასევე ნახეთ საგარეო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში "რუსეთის" ჩაწერას
ასევე ნახეთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ოპოზიცია და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ