საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 1754 შემთხვევა, თუმცა, რეალურად, ყოველდღიურად აღრიცხული დადებითი შემთხვევების 90-95% „ომიკრონია“. ამის შესახებ დღეს, 1 თებერვალს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, მათგან, ვისაც „ომიკრონი“ ლაბორატორიულად დაუდასტურდა, ანუ 1754 ადამიანიდან, გარდაიცვალა 3: „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იანვრის განმავლობაში ან დეკემბრის მეორე ნახევარში "ომიკრონისგან" გარდაიცვალა მხოლოდ სამი ადამიანი. რადგან დღეს ძირითადი შტამი, რომელიც ცირკულირებს ქვეყანაში, 90-95%-ში "ომიკრონია", რა თქმა უნდა, გართულებაც და შესაბამისად, ლეტალობაც მაღალია "ომიკრონზე", მაგრამ დაახლოებით სამჯერ, ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო "დელტასთან" მიმართებაში“.
ასევე ნახეთ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ახალი პიკიადაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.
ამირან გამყრელიძის თანახმად, ლაბორატორიაში გენეტიკური სეკვენირებით და სპეციფიკური PCR ტესტებით დადასტურებული „ომიკრონის“ 1754 შემთხვევიდან ეპიდემიოლოგებმა დეტალურად შეისწავლეს 1184. მათგან 50% ორჯერ ვაქცინირებული იყო, დაახლოებით 14% კი - რეინფიცირებული, ანუ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემდეგ, „ომიკრონით“ დაინფიცირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, "ომიკრონით" 1184 ინფიცირებულიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 38-ს, ანუ 3.7%-ს, მაშინ, როცა "დელტას" შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო 12-15 და ხანდახან 20%-იც.
ამირან გამყრელიძის თანახმად, ორჯერადად აცრილ ინფიცირებულებში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო მათგან, ვისაც გაკეთებული ჰქონდა ვაქცინის მესამე, ე.წ. "ბუსტერ დოზაც", ინფექცია განუვითარდა მხოლოდ 50-ს: "ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარ სლოგანს - დღეს ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი, ისევე, როგორც სრული ვაქცინაცია, "ომიკრონთან" და მთლიანად პანდემიასთან ბრძოლის".
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, ვაქცინაცია და "ბუსტერი" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების ჯგუფისთვის, სადაც მეტია გართულება და რომელზეც მოდის სიკვდილიანობის თითქმის 86%: "ყველანაირი ჩვენი, თუ საერთაშორისო მტკიცებულებები ამბობს, რომ აცრა და "ბუსტერი" სერიოზული პრევენციული საშუალებაა გართულებების წინააღმდეგ და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად".
საქართველოში, 1 თებერვლის მონაცემებით ჩატარებულია სულ 2 722 187 აცრა:
- მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 335 856, >18 ასაკის მოსახლეობის 46.5%;
- სრულად ვაქცინირებულია 1 221 340, >18 ასაკის მოსახლეობის 42.5%;
- "ბუსტერ დოზით" აცრილია 162 688;
- 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 918 (2.21%) სრულად აცრილია - 2 760 (1.56%);
- 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 434 (15.33%) სრულად აცრილია- 10 854 (13,38%).