ბინის ქართველი მეპატრონეები უცხოელ მდგმურებთან თავიანთ გამოცდილებაზე ჰყვებიან

ბინის ქართველი მეპატრონე მანანა გვენეტაძე ინდოელ მდგმურებთან ერთად.

გასულ კვირას, სტატიაში "ინდოელებზე არ ვაქირავებ, უცხოელებზე კი" - როცა ბინას კანის ფერის გამო ვერ ქირაობ" საქართველოში მცხოვრები უცხოელები რადიო თავისუფლებასთან ჰყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ წააწყდნენ დისკრიმინაციას ბინის ქირაობის პროცესში.

მეპატრონეები კი, რომლებსაც თავისუფლებამ ჰკითხა, რატომ ეუბნებიან უარს აზიელ მიგრანტებს ბინის მიქირავებაზე, პასუხობდნენ, რომ მათ "ასეთი პრინციპი აქვთ".

ასევე ნახეთ "ინდოელებზე არ ვაქირავებ, უცხოელებზე კი" - როცა ბინას კანის ფერის გამო ვერ ქირაობ

უფლებადამცველები უცხოელების ამ გამოცდილებას გამქირავებლების სტერეოტიპული დამოკიდებულებით ხსნიდნენ, რაც, მათი აზრით, რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციამდე მიდის.

სტატიის გამოქვეყნებისა და ფეისბუკში დაწყებული დისკუსიის შემდეგ, ბინის მეპატრონეებმა თავისუფლებასთან უფრო დაწვრილებით საუბრის და საკუთარი პოზიციის გაზიარების სურვილი გამოთქვეს.

"ეგვიპტელი, ირანელი, პაკისტანელი, ინდოელი… ყველა მყავდა ბინაში"

ზედმეტად ხმაურობდა, სამეზობლოს აწუხებდა თავისი ძმაკაცებით. კარგი გადამხდელიც იყო, მაგრამ იძულებული გავხდი, გამეშვა.
მანო კუჭუხიძე

"ისეთი გაფუჭებული იყო ოთახი, ვუთხარი წასულიყვნენ. კონტრაქტში რამე სანქციების შესახებ არ მეწერა, მაგრამ მოძებნეთ ახალი ბინა და რაც გააფუჭეთ, ამინაზღაურეთ-მეთქი, ვუთხარი", - ჰყვება მანო კუჭუხიძე.

მან თავისი ახალგარემონტებული ბინა ვაკეში ირანელ ოჯახს 2020 წელს მიაქირავა. მდგმურებმა ბინაში ლეკვის ყოლის უფლება სთხოვეს, მფლობელი დათანხმდა და კლიენტებთან ერთწლიანი შეთანხმება გააფორმა. გაქირავებულ ბინაში 6 თვის შემდეგ შეიარა, მდგმურებმა თანხა ანგარიშზე ვერ ჩაურიცხეს და ხელზე უნდა გადაეხადათ.

"ფარდა, დივანი, მატრასი - ყველაფერი გადავყარე, პირდაპირი მნიშვნელობით. მარტო ლეკვის შარდის სუნი კი არ იყო დივანზე, რაღაც სპეციფიკური სუნი იდგა. შპალერიდან სუნი რომ ვერ გამოვიყვანე, საბოლოოდ ჩამოვიღე და თავიდან გავაკეთე მთლიანად. რემონტი დამჭირდა თავისი ციკლოვკით. არ ვაჭარბებ არაფერს და რეალურად მინაზღაურებს მათი გადახდილი ქირა მე ამ ხარჯს?"

მანო კუჭუხიძე ამბობს, რომ მდგმურებთან ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ირანელი ოჯახი ქვეყნიდან ისე წავიდა, ზიანი არ აუნაზღაურეს.

მის ბინას მანამდეც ირანელი ქირაობდა, რომელიც, როგორც მანო კუჭუხიძე ამბობს, სახლს კი უვლიდა, მაგრამ ზედმეტად ხმაურობდა: "სამეზობლოს აწუხებდა თავისი ძმაკაცებით. კარგი გადამხდელიც იყო, მაგრამ იძულებული გავხდი, გამეშვა", - ამბობს იგი.

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე, მოქალაქეებს, - მნიშვნელობა არ აქვს, კანონს ვინ არღვევს, უცხოელი თუ საქართველოს მოქალაქე, - პატრული ჯერ აფრთხილებს, ხოლო გამეორების შემთხვევაში შეუძლია, 150 ლარით დააჯარიმოს. მანო კუჭუხიძის მდგმურის შემთხვევაში მეზობლებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ, პირდაპირ ბინის მფლობელთან დაიჩივლეს.

ამ, თავად როგორც ამბობს, "ცუდი გამოცდილების" შემდეგ, ბინის მეპატრონე აგენტთან ყოველთვის აზუსტებს, ვინ ეძებს ბინას.

აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბინის მიქირავების ცუდ გამოცდილებაზე თბილისელმა მუხრან ახალაიამ ჯერ ფეისბუკზე დაწერა, შემდეგ კი რადიო თავისუფლებას ინტერვიუც მისცა.

პასუხს ვერ მოსთხოვ, მხრებს აიჩეჩავენ და მორჩა. ორი კაპიკი სანერვიულო და საჯახირო ხდება.
მუხრან ახალაია

"ეგვიპტელი, ირანელი, პაკისტანელი, ინდოელი… ყველა მყავდა ბინაში და ნუ იკითხავთ, რა მდგომარეობა იყო თითოეულის გამოსვლაზე… რამეს რომ აფუჭებს საგრძნობლად და გადასახადს დროზე არ იხდის, პრობლემები ჩნდება. პასუხს ვერ მოსთხოვ, მხრებს აიჩეჩავენ და მორჩა. ორი კაპიკი სანერვიულო და საჯახირო ხდება. ამიტომ პრეტენზია და გართულება მაქვს კონკრეტულად ამათზე", - გვეუბნება მუხრან ახალაია, რომელიც აზიელ მიგრანტებზე ბინას აღარ აქირავებს. იგი იმავეს იმეორებს, რასაც მანო კუჭუხიძე - მდგმურებთან კონტრაქტი დადებული ჰქონდა, მაგრამ მიყენებული ზიანი მაინც არ აუნაზღაურებიათო.

კიდევ ერთმა ბინის მეპატრონემ გვითხრა, რომ უარს კონკრეტულად ინდოელებს ეუბნება.

"საჭმლის სუნი დგება, რომელიც არ გადის. პარკეტი აყარეს და ცეცხლი დაანთეს იატაკზე. გეუბნებიან, რომ ერთი მოდის და შეიძლება 10 კაცი შევიდეს ბინაში. საბურთალოს ბინაში მქონდა მე ასეთი გამოცდილება და რემონტი გახდა გასაკეთებელი", - გვეუბნება ბინის მფლობელი, რომელსაც საჯაროდ ვინაობის დასახელება არ სურს.

"ზოგჯერ იყო ხოლმე სპეციფიკური სანელებლები, მაგრამ მე ძალიან კარგი გამწოვი მქონდა. ჩემ შემთხვევაში [ინდოელ მდგმურებს] არაფერი დაუბინძურებიათ", - ამბობს სოფო მახარაძე. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ის ბინებს თბილისსა და ბათუმში უცხოელებზე აქირავებს.

დამქირავებლებთან თავის გამოცდილებაზე მანაც ფეისბუკში მოგვწერა. მისი ერთ-ერთი ყველაზე სანდო კლიენტი და მდგმური ირანის მოქალაქე იყო. 2-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ კაცმა ბინა სუფთა და მოწესრიგებული ჩააბარა.

ვფიქრობ, ეროვნება არაფერ შუაშია, ყველა ეროვნებაშია კარგი და ცუდი. პირადად მე უცხოელი სტუმრები მიყვარს.
სოფო მახარაძე

"სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ზოგადად, ვფიქრობ, ეროვნება არაფერ შუაშია, ყველა ეროვნებაშია კარგი და ცუდი. პირადად მე უცხოელი სტუმრები მიყვარს, რადგან მეტად კანონმორჩილები არიან. პასუხისმგებლები არიან გატეხილ, დაზიანებულ ავეჯზე, რაც ქართველ მომხმარებელთან, ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირად კამათის საფუძველი ხდება", - გვეუბნება სოფო.

მისი შემდეგი კლიენტები ახალგაზრდა ქართველი ცოლ-ქმარი გახდნენ. როგორც სოფო ჰყვება, ბინის ქირაობისა და კომუნალური გადასახადების საფასურის გადახდას სულ მცირე 2-3 კვირით უგვიანებდნენ, ხშირად არ პასუხობდნენ ტელეფონს და საბოლოოდ, როცა გასვლა გადაწყვიტეს, ბინა ჭუჭყიანი დაუტოვეს.

"რთულია იმის აღწერა, რაც იქ დამხვდა. პირადად მე ეროვნებას ნაკლებად ვუყურებ, ჩემთვის პრიორიტეტულია ადამიანის სტატუსი. სად მუშაობს, რითია დაკავებული, შეხვედრისას ვხვდები ხოლმე, როგორ წარიმართება ჩვენი თანამშრომლობა. აქ ასევე მნიშვნელოვანია ფასი. თუ მცირეწლოვანი ბავშვებით შედის ოჯახი, ფინალში უნდა ველოდოთ მოხატულ კედლებს და მსგავს "საყვარლობებს", რაც იდეაში თავიდანვე უნდა განსაზღვროს გამქირავებელმა და დააკომპენსიროს ფასით. ხშირად მივმართავ ამ სქემას და ორივე მხარე კმაყოფილია ხოლმე", - გვიზიარებს თავის გამოცდილებას სოფო მახარაძე.

სოფო დამქირავებლებთან, როგორც წესი, კონტრაქტს არ აფორმებს: "5-6 წლის წინანდელი [ამბავი] რომ გავიხსენო, ადვოკატს სარჩელი რომ დაეწერა, მინიმუმ 400 ლარიდან იწყებოდა ფასი და პლუს სასამართლო ბაჟი, თუ სწორად მახსოვს, 200 ლარამდე იყო", - ამ მიზეზით ფორმალობის დაცვა აღარც უფიქრია.

ბინის მეპატრონეს ხომ აქვს არჩევანის უფლება?

ბინის მფლობელს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, ვის მიაქირაოს საკუთარი კერძო საკუთრება და ვის არა, თუმცა შერჩევის პროცესი დისკრიმინაციული არ უნდა იყოს.

"თუ უცხოელი ფიქრობს, რომ ბინას ეროვნების, კანის ფერის, წარმოშობის ქვეყნის ან რელიგიის გამო არ აქირავებენ მასზე, შეუძლია სასამართლოს, ან სახალხო დამცველთან არსებულ თანასწორობის დეპარტამენტს მიმართოს. დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში, ერთი მხრივ, შესაძლებელია, ადამიანს მორალური ზიანი აუნაზღაურდეს, მეორე შემთხვევაში კი, დისკრიმინაციული მოპყრობის განმახორციელებელ პირებს მსგავსი ქმედების აღმოსაფხვრელად ერთგვარი რეკომენდაცია მიეცემათ", - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი შორენა ლოლაძე.

იურისტი ამბობს, რომ დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში, სასამართლოს "გარკვეული სამართლებრივი უხერხულობა", აქვს, დაავალდებულოს ბინის მეპატრონე, რომ კონტრაქტი გააფორმოს, რადგან კონკრეტულ პირთან კონტრაქტის დადება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში შემავალ საკითხს წარმოადგენს. თუმცა, ხელშეკრულების დადების დავალდებულებისგან განსხვავებით ზიანის ანაზღაურება სავალდებულოა როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწესებულებებისათვის და შესაბამისად, ლოლაძე დარწმუნებულია, რომ მას შესაძლოა სხვა მსგავს შემთხვევებზე პრევენციული ეფექტი ჰქონდეს.

"დედას მეძახდა ხუთივე და მათი ამხანაგებიც", - ჰყვება მანანა გვენეტაძე, რომელიც 4 წელიწადი ბინას ინდოელ სტუდენტებზე თბილისში, სანზონაში აქირავებდა. ერთოთახიან ბინაში ნათესავი გოგო-ბიჭი ცხოვრობდა, მეორე სამოთახიანში კი - სამი ბიჭი.

ეს ინდოელი გოგო სამშობლოში რომ მიდიოდა, ალაგებდა, ხეხავდა და ერთხელ ვეჩხუბე, წადი, გაგვიანდება უკვე აეროპორტში-მეთქი.
მანანა გვენეტაძე

"საოცარი ურთიერთობა გვქონდა. როგორი მოწესრიგებულები იყვნენ, იცით? როგორი სუფთები, გაწკრიალებული ჰქონდათ ყველაფერი. სანამ ჩემთან გადმოვიდოდა, ერთ გოგოს ჰყავდა ქუჩიდან აყვანილი ლეკვი, ქმარს ვკითხე, რა ვქნათ-მეთქი და ძაღლს ხომ არ გავუგდებთ ქუჩაშიო. მახსოვს, რომ გადმოვიდნენ, ძაღლი პასპორტივით ჩამაბარა გოგომ. ინდოეთში რომ მიდიოდა არდადეგებზე, ძაღლს მე მიტოვებდა… ეს ინდოელი გოგო სამშობლოში რომ მიდიოდა, ალაგებდა, ხეხავდა და ერთხელ ვეჩხუბე, წადი, გაგვიანდება უკვე აეროპორტში-მეთქი. ქმარი რომ გარდამეცვალა, დეპრესია მქონდა საშინელი. ყოველ საღამოს ეს შემოვიდოდა. დედა, შენს სამზარეულოში შუქი არ შემიმჩნევია და ჭამე? დედა, რამდენი გაქვს წნევა? დედა, რას შვრები? დედა, როგორ ხარ?".

კონტრაქტი კლიენტებთან არც მანანა გვენეტაძეს ჰქონია გაფორმობული, ისიც ამბობს, კლიენტებში მიმართლებსო.

გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის ზოგად ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. თუმცა ქირავნობის ხელშეკრულება სავალდებულო არ არის და მისი დადება შესაძლებელია როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით. ბინის გამქირავებლები ხშირად ზეპირად თანხმდებიან, რადგან წერილობითი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევთ. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართის გაქირავება საშემოსავლო სამსახურის მიერ 5%-ის ოდენობით იბეგრება.

რედაქტორი: ნინო ჯაფიაშვილი